Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას,“ - შალვა ამონაშვილი

„არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას,“ - შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. მისი თქმით, მთავარია, ადამიანს არ ეშინოდეს:

„ჩემი ამბავი მინდა გიამბოთ. ცხოვრება გავიარე, ვიყავი კარგად, ჯანმრთელად. ბოლოს მოვაღწიე აქამდე. ახლა რომ ვუყურებ ყველაფერ ამას, რას ვფიქრობ? უნდა შევინახო ჩემი თავი ჩემი შვილებისთვის. მე ის უკვე აღარ მაწუხებს, მოვკვდები თუ არა. ყველა კვდება, დედაჩემი წავიდა, მეუღლე წავიდა, ბებო და პაპა. მასწავლებლები გვყავდნენ იშვიათები, მე მარტო დავრჩი. ამას რომ ვემალებოდე, როგორც თაგვი კატას, ეს უარესია. ​შიში ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. მე ვფიქრობ შევინახო ჯერ ჩემი თავი, რომ შვილებს იქნებ გამოვადგე, ხელი შევუწყო რაღაცაში, ან ჩემი ცოდნა დასჭირდეთ, გამოცდილება. მეც შემიძლია რაღაც გამოვიმუშავო, საქმე გავაკეთო, ოჯახს დავეხმარო ამით, წიგნის დაწერა მიყვარს, დავწერო და ვიღაც გავახარო.“

​შალვა ამონაშვილი გვირჩევს, რომ წუწუნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი:

„სამი რამ მინდა, რომ გირჩიოთ. არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო. არ შეაბეზროთ ხალხი. „აი, ეს მტკივა, რა ცუდად ვარ,“ - ასე იციან თქმა. იმ წუთას სამჯერ უფრო ცუდად ხდება ადამიანი და სხვასაც ცუდად ხდის. არ იწუწუნო, თქვი კარგად ვარო. დადებითი მეტყველება სამკურნალო საშუალებაა. მე რომ მკითხავთ, როგორ ხარო, ძალიან კარგად ვარ, რატომ არ ვარ ძალიან კარგად?! კი, ხუთი სტენტი მიდგას, ხანდახან რაღაც წამჩხვლეტს, რაღაც სხვებიც მაწუხებს, ისე ვეღარ დავრბივარ, მაგრამ ეს ვიწუწუნო? ასაკის მიხედვით ეს ყველაფერი ნორმაა. ამ ასაკის მიხედვით მე ძალიან ჯანმრთელად ვარ.“

​შალვა ამონაშვილის თქმით, მთავარია, ადამიანი ავადმყოფობას არ დამორჩილდეს:

„არ შეაბეზროთ თავი ვინმეს და არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას, არ წაუწვეთ ავადმყოფობას. ავადმყოფობას კი უნდა მოეფერო, უნდა მიიღო, მაგრამ არ წაუწვე. ის უნდა გააძევო. ამას აზრითაც გააძევებ, ექიმის დახმარებითაც, შეიძლება ზოგჯერ ექიმბაშმაც კი გიშველოს. ყოველთვის ელოდე, რომ ავადმყოფობა შენგან წავა. რა თქმა უნდა, წავა და გააცილე სიყვარულით, რომ უკან არ დაგიბრუნდეს, წავიდეს, გზა მიეცი მას. არ ირბინო ყველა წვრილმანის გამო ექიმთან. ექიმი, ექიმი, ექიმი, არ უნდა იყოს თქვენს კარზე ექიმი მომდგარი.“

​ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, უთქვამთ. ეს არ არის სწორი. სულიერი კაცი იტყვის, რომ ჯანსაღ სულს ჯანსაღი სხეული მოჰყვება. ვისაც ჯანსაღი სული აქვს, უყვარს, უნდა, უხარია ცხოვრება, სხვასაც ეშველება, უშურველია, გულუხვია, გულწრფელია, ამ სულს რანაირი სხეული გამოჰყვება, როგორ ფიქრობთ? არც კიბო გაუჩნდება, არც წნევები მოუმატებს. ყველას ბედნიერებას გისურვებთ. ჯანსაღი სული თქვენი ჯანსაღი სხეულის პირველი პირობაა," - აცხადებს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად