Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო. იმის გამო, რომ მშობელს დრო არ აქვს, ის ვერ იგებს შვილის საჭიროებებს,“ - თამარ გაგოშიძე

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო. იმის გამო, რომ მშობელს დრო არ აქვს, ის ვერ იგებს შვილის საჭიროებებს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა ​თამარ გაგოშიძემ რადიო „იმედის“ ეთერში იმ პასუხისმგებლობების შესახებ ისაუბრა, რომელიც მშობლებს შვილების წინაშე ეკისრებათ. მისი თქმით, სოციალური და ფიზიკური პირობების შექმნის გარდა, ბავშვების საჭიროებების გაცნობიერება, მათთვის დროის გამონახვა უმნიშვნელოვანესია:

„პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა. ამის განცდა უნდა ჰქონდეს მშობელს. ჩემთვის ბევრ მშობელს უთქვამს, რომ მხოლოდ მეორე ან მესამე ბავშვზე აღმოაჩინა სულ სხვანაირი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. პასუხისმგებლობა, ცხადია, იმასაც ნიშნავს, რომ ბავშვს ფიზიკური გარემო, ფიზიკური პირობები, სხვა სოციალური პირობები შევუქმნათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ​ეს არ არის საკმარისი ბავშვის აღსაზრდელად. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო. მათ დრო აკლიათ ტექნოლოგიების, დაჩქარებული, ცვალებადი გარემოს გამო.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე მშობლებს შფოთვა ხშირად აქვთ, დროის უკმარისობის გამო კი შვილების საჭიროებების ამოცნობა უჭირთ:

„შფოთვა აქვს მშობელს, იმიტომ, რომ არ იცის ხვალ რა იქნება.​ იმის გამო, რომ მშობელს დრო არ აქვს, ის ვერ უყურებს, ვერ იგებს თავისი შვილის საჭიროებებს. მშობელი ბავშვს სჯის, არ სჯის, ეფერება თუ არ ეფერება, ამას მექანიკურად აკეთებს. როგორც გული ეუბნება, როგორ ხასიათზეც არის, როგორ მდგომარეობაშიც მოვიდა სახლში იმ მდგომარეობიდან გამომდინარე იქცევა ასე.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებს უჭირთ არასტაბილურ, ცვალებად გარემოსთან შეგუება:

„ბავშვები ვერ იტანენ ცვალებად გარემოს. ბავშვებს სჭირდებათ კონსისტენტური, თანმიმდევრული, წინასწარმეტყველებადი გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აქვთ მაღალი შფოთვა. მათ ეწყებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. ​იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ კარგად, მათი კეთილდღეობა იყოს ბევრად უკეთესი, მშობლების კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩემი ამდენწლიანი გამოცდილება მეუბნება იმას, რომ ჩემი ფოკუსი აღარ არის სწორი ფოკუსი ბავშვებზე. ჩვენ ახლა ფოკუსი უნდა გადავიტანოთ მშობლებზე. მშობლები ბევრად უფრო მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას, დახმარებას, სერიოზულ ღონისძიებებს თუნდაც სამუშაო გარემოში. მშობლებს უნდა ჰქონდეთ ერთი საათი მაინც კვირაში თავისთვის და თავისი შვილებისთვის.“

„არ არის საჭირო ბრძოლა, ჩხუბი, სერიოზული მდგომარეობიდან გამოსვლა, რომ გვქონდეს დისკუსია ჩვენს შვილებთან. პ​ატარაობიდანვ​ე ისინი უნდა მიეჩვივნონ არჩევანს, ასევე იმას, რომ ისინი არიან ზრუნვის სუბიექტები. ჩვენ ორი უკიდურესობა გვაქვს: ერთი - მუდმივად შენიშვნებს ვაძლევთ და ვსჯით ბავშვებს, მეორე - არანაკლებ უარესი უკიდურესობა არის სრული უგულებელყოფა. ორივეს ერთი შედეგი აქვს. ერთნაირად მახინჯდება ბავშვი. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი შემდგომი ძალისხმევა უნდა იყოს მშობლებზე. მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად