Baby Bag

რა იწვევს ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ დისჰარმონიას და როგორ უნდა მოაგვაროს წყვილმა პრობლემა? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია

რა იწვევს ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ დისჰარმონიას და როგორ უნდა მოაგვაროს წყვილმა პრობლემა? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია

სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ სექსუალური დისფუნქციის პრობლემებზე ისაუბრა:

„ადამიანს ხშირად სჩვევია ოჯახის დანგრევის ყოფით პრობლემებზე, ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებზე გადაბრალება, როდესაც სინამდვილეში პრობლემა უფრო სხვა მიმართულებით არის საძებნი. სექსუალური პარტნიორების, ცოლ-ქმრის ურთიერთობა სქესობრივ ცხოვრებას ეფუძნება, უფრო სწორად, ჰარმონიზებულ სქესობრივ ცხოვრებას. როდესაც ეს ირევა სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩნდება პრობლემები. შესაძლოა, მამაკაცებში იყოს ლიბიდოს დაქვეითება, ერექციის დარღვევა. ქალის შემთხვევაში ხშირია ანორგაზმია, ლიბიდოს დაქვეითება. ქალის სექსუალური დისფუნქციები უფრო ფართო სპექტრით ხასიათდება. მოსაგვარებლად და სამკურნალოდაც გაცილებით უფრო ძნელია.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სექსუალური დისფუნქიების პრობლემაზე, ეს გულისხმობს მათ პრევენციას. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, 1000 პაციენტიდან 1 იყო მხოლოდ ქალი, მაქსიმუმ 2. ქალებს რცხვენოდათ მოსვლა. აუცილებლად ფიქრობენ, რომ პირველ ღამეს, თუ გოგონა ქალწულია, იქნება ტკივილი და სისხლდენა. ამ დროს არც ერთი უნდა იყოს და არც მეორე. ეს ნიშნავს, რომ არის პათოლოგია, ვაგინიზმია და მკურნალობა სჭირდება ამას.

სქესობრივი განათლების ამაღლების მოტივაციაც დაბალია. გაცილებით მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ამას. ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობის გარეშე ოჯახში ბედნიერება წარმოუდგენელია. ძალიან ხშირად ეს არის მიზეზი ოჯახის დანგრევისა და დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესებისა. ჩემთან სექსუალური დისფუნქციების გამო ქალების მომართვიანობა იმდენად გაიზარდა, რომ დღეს 1000 პაციენტიდან 250 ან უფრო მეტი ქალია. მე ამას მივესალმები,“- მოცემულ საკითხზე ზურაბ მარშანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილების მეგობრები კარგად შეისწავლონ და მათ ოჯახებსაც დაუახლოვდნენ:

„ბავშვს შეიძლება კარგი მეგობარიც გაუჩნდეს და ცუდიც გაუჩნდეს. ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში, სხვადასხვა ზნეობით იზრდებიან. როდესაც აღზრდილი ნაკლებად აღზრდილს უკავშირდება, შეიძლება, ყოველთვის კარგი გავლენა არ მოხდეს. შევისწავლოთ ჩვენი 13 წლის ქალიშვილის მეგობრები. მათ მშობლებს დავუკავშირდეთ. დაბადების დღეზე ჩვენი წრე შევქმნათ მშობლებმა. დავპატიჟოთ ჩვენი შვილები და გავიცნოთ ისინი.​ მე თქვენს შვილს დავაკვირდები, თქვენ ჩემსას დააკვირდით, შევეშველოთ ერთმანეთს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სხვისი შვილი არ არსებობს და ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია:

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო. შენ ეს ბავშვი მოგაბარეს, მაგრამ მეორე ბავშვი, რომელსაც სხვა დედა ჰყავს, სხვისი შვილი კი არ არის. თუ ის სწორად არ გაიზარდა, შეიძლება თქვენს შვილს რამე ავნოს, ან პირიქით. ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია. გაერთიანდით დედები და მამები. ეს კარგად იმოქმედებს თქვენი შვილების სამეგობრო წრეზე.“

„სწორია დედა, რომელიც შვილის მეგობრების გამო შფოთავს, მაგრამ ბავშვს კი არ უნდა ეჩხუბოთ ამის გამო. შვილს არ აუკრძალოთ მეგობრობა. დააკვირდით, კარგი თვისებებით მოდის თუ ცუდი თვისებებით მათგან ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად