Baby Bag

„ჩვენთან კოლორექტალური კიბოს შემთხვევები ნაკლებია, სწორედ იმიტომ, რომ ხორცთან ერთად უხვად ვიღებთ საკმაზებს, სანელებლებს,“- ბიოქიმიკოსი ირაკლი ჩხიკვიშვილი

„ჩვენთან კოლორექტალური კიბოს შემთხვევები ნაკლებია, სწორედ იმიტომ, რომ ხორცთან ერთად უხვად ვიღებთ საკმაზებს, სანელებლებს,“- ბიოქიმიკოსი ირაკლი ჩხიკვიშვილი

ბიოქიმიკოსმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა ანტიოქსიდანტების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„დღეს კიბოთი და სისხლძარღვების პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობა პრაქტიკულად ტოლია მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. აგრესიული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტების მიღება, თუმცა როდესაც უკვე არის ეს დაავადება, აქ მონაცემები წინააღმდეგობრივია. აქ ექიმის ჩარევაა აუცილებელი.

ჩვენი ქვეყანა მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, ჩაით, ღვინოთი. კაკაო არ გვაქვს, მაგრამ შოკოლადი ყველას გვიყვარს. ევოლუციურად ჩვენ რომ ვიღებთ ნახშირწყლებს და ცხიმებს, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენი გემოვნება ყალიბდებოდა იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ენერგია უნდა მივიღოთ. იქეთკენ მიმართული გემოვნების ჩამოყალიბებაც შეგვიძლია, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება და ნაკლებად დამაზიანებელი. რომელია მავნე საკვები? ეს არის მარტივი ნახშირწყლები, პროცესირებული ხორცი. მათი ზემოქმედება იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტების მიღება. ჩემს ბაბუას ძალიან უყვარდა ხორცი, მაგრამ იმდენ მწვანილს მიირთმევდა და ფიზიკურად იმდენად შრომობდა, რომ ამას ანეიტრალებდა და 91 წელი იცოცხლა.

თუ ჩვენ ვერ ვამბობთ უარს ტკბილეულზე, აქაც ის უნდა დავაწყვილოთ სასარგებლო პროდუქტებთან. ძალიან ხშირად არის ხილის ტორტები. ძალიან კარგია, როდესაც ცოცხალი ხილია. ის ცხიმსა და ნახშირწყლებს ანეიტრალებს. შაქრის დონე სისხლში მარტივი შაქრების მიღების დროს მკვეთრად იზრდება, მაშინ წარმოიქმნება სწრაფად ინსულინი და აგდებს მას. თქვენ ისევ ტკბილეული გინდათ. როდესაც ტკბილს ანტიოქსიდანტებთან ერთად იღებთ ან რთულ შაქრებთან ერთად, შაქარი სწრაფად არ ვარდება და ნაკლებად გინდა ტკბილი. ხორცის განეიტრალება ხდება ანტიოქსიდანტებით, ყვითელი ყვავილი, ქონდარი არის საუკეთესო. ჩვენთან კოლორექტალური კიბოს შემთხვევები ნაკლებია, სწორედ იმიტომ, რომ ხორცთან ერთად უხვად ვიღებთ საკმაზებს, სანელებლებს, ტყემალს, აჯიკას და მწვანილებს. ეს არის ანტიოქსიდანტების უნარი, რომ გაანეიტრალოს არასასარგებლო პროდუქტები,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ჩხიკვიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად