Baby Bag

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ედოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ ტკბილეულზე დამოკიდებულების პრობლემის შესახებ ისაუბრა:

„ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად არ ითვლება, თუმცა გააჩნია პრობლემასაც. ყველა ერთ ქვაბში ვერ იხარშება. ყველა ადამიანი ინდვიდუალურად უნდა შეფასდეს. ვიღაცისთვის თუნდაც ერთი დესერტი დღეში შეიძლება დამღუპველიც იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ამიტომ უმჯობესია, თავი აარიდონ ტკბილეულს.

ტკბილეულზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების მსგავსია. ხშირად ძალიან ძნელია მასზე უარის თქმა. კლასიკური დამოკიდებულება, როგორიც არის ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულებისგან განსხვავდება. ადამიანი ტკბილის მოსაპოვებლად არაკანონიერ საქციელს არ სჩადის. ეს დამოკიდებულება უფრო მარტივია. ამის მოგვარებაც გაცილებით უფრო მარტივი პრობლემაა.

არ არსებობს შაქრის დასაშვები დღიური ნიშნული. ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია. თითოეული უნდა დაფიქრდეს, რომ რამდენადაც მეტს მოიხმარს, ექმნება თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მას ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ეს მის წონაზეც აისახება, ექმნება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პრობლემები, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე პრობლემაა და მისახედია,“- მოცემულ საკითხზე თამარ ზერეკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელი ადრეულ ასაკში უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბავშვის სწორ კვებას, შემდეგ კი დუნდება და ამ დროს იწყება არაჯანსაღი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „იმედის დღე“ ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს:

„ჯანსაღი, სწორი კვება სერიოზული პრობლემაა. ბავშვებში ქრონიკული პათოლოგია, მოზარდებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებია, შესაბამისად ნებისმიერი ინფექცია, მათ შორის კორონავირუსი, მათთან უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მინდა ავღნიშნო, რომ რაც უფრო ადრეული ასაკის არის ბავშვი, მით უფრო დიდ ყურადღებას აქცევს მშობელი მის კვებას, ხოლო შემდეგ კი ის მეტ-ნაკლებად დუნდება. სწორედ ამ მოდუნების პერიოდში იწყება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, შოკოლადის ნაწარმი, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მცენარეული ცხიმი, ნაჯერი ცხოველური ცხიმები, სამი წლის ასაკში ნაყინის და შოკოლადის დიდი რაოდენობით მიღება. მშობლები ვდუნდებით და ისეთ პროდუქტებს ვაძლევთ ბავშვებს, რომლებიც მათი სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესს უშლის ხელს. სწორედ აქედან მოდის სიმსუქნე, მეტაბოლური დარღვევები, კარიესი, რაც დიდი რაოდენობით ტკბილი საკვების მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მართვა, რადგან ბავშვი მიჩვეულია არაჯანსაღ პროდუქტებს და დიდი ძალისხმევა გვიწევს, რომ მას ეს პროდუქტები ავარიდოთ.“

თემურ მიქელაძის თქმით, იმუნიტეტის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები შევთავაზოთ:

„იმუნომოდულაციური და იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, როგორც წესი, არ არსებობს. ჯერ მსგავსი რამ კაცობრიობას არ შეუქმნია. მთავარია სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ოქროს სტანდარტი ადრეული ასაკის ბავშვის კვებაში არის დედის რძე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუნარჩუნოთ ბავშვს ორ წლამდე მაინც ოქროს სტანდარტი კვების, ანუ დედის რძე. შემდეგ უკვე ნებისმიერი პროდუქტი უნდა იყოს გამდიდრებული ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ხორცით, მარცვლეულით, ბოსტნეულით. დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ნაკლებად არის საკვების პრობლემა, რადგან ისინი არ იყენებენ პესტიციდებს, სხვადასხვა მავნე მინარევს საკვები პროდუქტების შესაქმნელად. ევროპის ქვეყნებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება საკმაოდ ძვირია. ჩვენთან სწორი საკვები პროდუქტის შეძენა საკმაოდ რთულია, ძნელია მისი მოძიება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს სწორი პროდუქტები სწორად გადავუნაწილოთ დღის განმავლობაში. ამასთან ბავშვი სუფთა ჰაერზე უნდა ვასეირნოთ, გავიყვანოთ რეკრეაციულ ზონებში. გამოვიყენოთ სოფელი, აგარაკი, რაც გვაქვს, რომ ბავშვები მომზადებული იმუნური სტატუსით შეხვდნენ ვირუსული ინფექციების სეზონს. საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. ჩვენთან რისკ ჯგუფებს სახელმწიფო უფასოდაც ცრის.“

„სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავება რთულია. მეც ვერ ვპოულობ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. სხვადასხვა რეგიონში მიწევს პროდუქტების შეძენა, სამეგრელოს, ქართლის და ა.შ. სწორი პროდუქტების შეძენა საკმაოდ ძვირია, არ არის მარტივად ხელმისაწვდომი.თუ გაქვთ სოფელი ან აგარაკი, მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჯანსაღი პროდუქტები თავისი შვილისთვის სახლის პირობებში მოიყვანოს. მაქსიმალურად ავაცილოთ ბავშვებს ჰერბიციდები და პესტიციდები. სხვებს ვუკრძალავ შოკოლადის, ნაყინის ჭამას, მაგრამ ჩემი შვილებიც მიირთმევენ ამ საკვებს. ვცდილობ, მაქსიმალურად ავუხსნა, რატომ არ შეიძლება ამ პროდუქტების მირთმევა. სწრაფი კვების ობიექტებს მეც ვიყენებ. შეგვიძლია კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ შევიყვანოთ ბავშვი სხვადასხვა კვების ობიექტში, ეს არ არის კატასტროფა,“ - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.

წყარო:​ იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად