Baby Bag

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ედოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ ტკბილეულზე დამოკიდებულების პრობლემის შესახებ ისაუბრა:

„ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად არ ითვლება, თუმცა გააჩნია პრობლემასაც. ყველა ერთ ქვაბში ვერ იხარშება. ყველა ადამიანი ინდვიდუალურად უნდა შეფასდეს. ვიღაცისთვის თუნდაც ერთი დესერტი დღეში შეიძლება დამღუპველიც იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ამიტომ უმჯობესია, თავი აარიდონ ტკბილეულს.

ტკბილეულზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების მსგავსია. ხშირად ძალიან ძნელია მასზე უარის თქმა. კლასიკური დამოკიდებულება, როგორიც არის ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულებისგან განსხვავდება. ადამიანი ტკბილის მოსაპოვებლად არაკანონიერ საქციელს არ სჩადის. ეს დამოკიდებულება უფრო მარტივია. ამის მოგვარებაც გაცილებით უფრო მარტივი პრობლემაა.

არ არსებობს შაქრის დასაშვები დღიური ნიშნული. ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია. თითოეული უნდა დაფიქრდეს, რომ რამდენადაც მეტს მოიხმარს, ექმნება თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მას ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ეს მის წონაზეც აისახება, ექმნება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პრობლემები, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე პრობლემაა და მისახედია,“- მოცემულ საკითხზე თამარ ზერეკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის დროს, ბავშვმა უნდა მიიღოს ნებისმიერი საკვები, რაც მას უნდა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

​​პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრობს და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პანიკა თავიდან უნდა ავირიდოთ:

„ბავშვებს სასწრაფო ჩარევა არ სჭირდებათ. მთავარია ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცირება, პირადი პასუხისმგებლობა. დავამატებდი, რომ არის პანიკა. პანიკით მოცულია საზოგადოება. ეს პანიკა მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ მშობლებს. ასეთ ინფორმაციას რომ თავისი ექიმისგან იგებს მშობელი, მშვიდდება. რა თქმა უნდა, მთავარია ნდობა. როდესაც ონლაინ ვურთიერთობ პაციენტთან, პანიკაც იხსნება.“

​თემურ მიქელაძის თქმით, კორონავირუსს ისევე უნდა ვუმკურნალოთ, როგორც სხვა რესპირატორულ-ვირუსულ ინფექციებს:

„მოგეხსენებათ, ეს არის რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია. მას უნდა ვუმკურნალოთ როგორც ნებისმიერ სხვა რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციას, რინოვირუსს, ადენოვირუსს, გრიპს და ა.შ. როგორც წესი, ვირუსი ყველასთან მიმდინარეობს ტემპერატურით. ტემპერატურას ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ, თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას. სიცხის დამწევი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ 39 ტემპერატურიდან. მანამდე, თუ ბავშვს არ აქვს დამძიმებული ანამნეზი, შეგვიძლია, საერთოდ არ გამოვიყენოთ.“

თემურ მიქელაძე მშობლებს ურჩევს, ​ბავშვები სითხეებით დატვირთონ:

„ბავშვი აუცილებლად უნდა დავტვირთოთ სითხეებით. თავიდან უნდა ავიცილოთ გამოშრობა, გადახურება და ა.შ. სჯობს ბავშვს მივცეთ წყალი. რაც შეეხება კომპოტებს, თუ კომპოტი იქნება ნაკლებად დაშაქრული ან საერთოდ არ ექნება შაქარი, უკეთესიც არის. მთავარია კონცენტრაცია არ იყოს ხილის მეტი, რომ ბავშვს კუჭის ლორწოვანი არ გავუღიზიანოთ. თუ იქნება სუსტი კომპოტი, არანაირი პრობლემა არ არის. კარგია მინერალური წყალიც, თუ საერთოდ არ იქნება გაზირებული.“

თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვებს კორონავირუსული ინფექციის დროს განსაკუთრებული დიეტის დაცვა არ სჭირდებათ:

„აუცილებელი არ არის დიეტური რეკომენდაცია. ​ვირუსული ინფექ​ციის მიმდინარეობის დროს, ბავშვმა უნდა მიიღოს ნებისმიერი საკვები, რაც უნდა. ეს ეხება შოკოლადს, სწრაფი კვების პროდუქტებს. მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ შემთვევაში, ბავშვს უნდა მივცეთ ეს საკვებიც, თუ მას სურს. მთავარია, მშობელი არ აყვეს პანიკას. ვირუსი მართოს ისე, როგორც ადრე მართავდა სხვა ვირუსულ დაავადებებს. ბავშვი ამ ვირუსულ ინფექციას გაცილებით იოლად გადაიტანს, ვიდრე სხვა ვირუსულ ინფექციებს.“

თემურ მიქელაძის თქმით, მშობელი ექიმს ბავშვის დაინფიცირებისთანავე უნდა დაუკავშირდეს და მასთან ხშირად იკონტაქტოს:

​მშობელმა ექიმი თავიდანვე უნდა ჩართოს ბავშვის მკურნალობაში. მას მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს ექიმთან. მთავარია, სუნთქვის სიხშირის მომატება. ასაკის მიხედვით უნდა დავაკვირდეთ მონაცემებს. წლამდე ეს არის 50-ზე მეტი, ხუთ წლამდე 40-ზე მეტი და ხუთი წლის შემდეგ 30-ზე მეტი არის საყურადღებო. თუ ბავშვი მივარდნილია, ლეთარგიულია, ცნობიერების დაბინდვა აქვს, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ასეთი შემთხვევები ბავშვთა პოპულაციაში შეიძლება გვქონდეს 0,8 %.“

„ახალშობილებშიც მსუბუქი სიმპტომატიკაა. 99 % ბავშვებში ასე მიმდინარეობს. ასევეა ორსულებშიც. ორსულებს უფრო მხარდაჭერა სჭირდებათ, მუდმივი მეთვალყურეობა, ექიმთან კონტაქტი, სითხეებით დატვირთვა. ორსულებთანაც მსუბუქად მიმდინარეობს კორონავირუსი. ორსულები არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს,“ - აღნიშნავს ​თემურ მიქელაძე.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად