Baby Bag

„საერთაშორისო სტანდარტია, რომ ორი წელი უნდა იყოს მშობიარობიდან ახალ დაორსულებამდე,“ - მეან-გინეკოლოგი ვერიკო ბაზიარი

„საერთაშორისო სტანდარტია, რომ ორი წელი უნდა იყოს მშობიარობიდან ახალ დაორსულებამდე,“ - მეან-გინეკოლოგი ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მშობიარობის შემდეგ ორგანიზმის სრულფასოვანი აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ექვს თვემდე ძუძუთი კვებას უნიკალური დანიშნულება აქვს. რატომ უსვამენ ამას ხაზს?! მოგეხსენებათ, მშობიარობის შემდეგ წყდება მენსტრუალური ციკლი, ამიტომ ქალი ვერ გებულობს, როდის შეიძლება დარჩეს ის ორსულად. ეს, რასაკვირველია, პირველი ექვსი თვის განმავლობაში არასასურველი ორსულობაა, ხიფათის შემცველია, რადგან ორგანიზმი არ არის მზად ახალი ორსულობისთვის, ენდომეტრიუმი არ არის ბოლომდე აღდგენილი. ეს არის პერიოდი, როდესაც არ არის სასარგებლო დაორსულება. მე მომხრე ვარ, რომ სულ აჩინონ შვილები, მაგრამ პირველი წელიწადი მაინც ორგანიზმს უნდა მისცე გონზე მოსვლის საშუალება.

საერთაშორისო სტანდარტია, რომ ორი წელი უნდა იყოს მშობიარობიდან ახალ დაორსულებამდე, რომ ორგანიზმმა სრულფასოვანი ენდომეტრიუმი აღიდგინოს და დაიბადოს კიდევ ერთი ჯანმრთელი ბავშვი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დაორსულდები აბორტი უნდა გაიკეთო. სასურველია, რომ იყო დაცული. ყველაზე იდეალური დაცვა არასასურველი ორსულობისგან არის ძუძუთი კვება. ინარჩუნებ შენს გარეგნობას, სტანდარტებს, ბავშვს უნიკალურ იმუნიტეტს აძლევ და შენ გაქვს სიმშვიდე, რომ არასასურველი ორსულობა არ დგება. 6 თვის განმავლობაში თუ ექსკლუზიურად აჭმევ ძუძუს. სამ საათზე მეტ ინტერვალს არ აკეთებ დღის განმავლობაში და 6 საათზე მეტ ინტერვალს ღამის განმავლობაში, არ ჩაუმატებ სხვა საკვებს, 98%-მდე დაცულია ქალი არასასურველი ორსულობისგან ექვსი თვის განმავლობაში. ექვსი თვე გაქვს სრული სიმშვიდე. არ გჭირდება კონტრაცეპტივი და ხარ მშვიდად,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გოგოა თუ ბიჭია, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ... ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება,“- ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა მუცლადმყოფ ბავშვთან მშობლების ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვს მუცელში ესაუბრები, სულ გამოხატავ, რომ შენ ის გიყვარს, რომ მასზე ზრუნავ, საუბრობთ, როგორ იყოს ის დაცული, როგორ ელოდებით სიხარულით. ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტრაგიკულია, როდესაც ლაპარაკობენ, გავაჩინოთ თუ არ გავაჩინოთ, გოგოა თუ ბიჭია. ეს საშინელებაა, როდესაც დისკრედიტაცია ხდება. ამ დროიდან განიცდის ადამიანი. როდის, როგორ გამოიხატება შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ეს არ ვიცით, ფსიქოლოგიურად მერე ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს.

მუცლადყოფნის პერიოდიდან დედა-შვილის, მამა-შვილის ურთიერთობის ჰარმონიას, ოჯახში სიტუაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. სადაც აყალმაყალია, ჩხუბია, იქ ბავშვი ყოველთვის დათრგუნულია. განვითარების პრობლემებიც კი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ, რომ შეშინებულია შიგნიდან ეს ადამიანი. ის ყოველთვის დაძაბულია. ბავშვი არის საოცარი ქმნილება. მუცლადყოფნის პერიოდის ბავშვობაც არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც გაჩენის შემდეგ ბავშვობა,“- მოცემულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“ 

წაიკითხეთ სრულად