Baby Bag

„მზის ინსოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პირდაპირპროპორციულად ასოცირდება ხალის ონკოლოგიური რისკის ზრდასთან,“- დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე

„მზის ინსოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პირდაპირპროპორციულად ასოცირდება ხალის ონკოლოგიური რისკის ზრდასთან,“- დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე

დერმატო-ვენეროლოგმა გიორგი არველაძემ ზაფხულში ხალის მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ხალი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. თითოეული ხალის წარმოქმნის შესახებ ინფორმაცია, როდესაც ადამიანი იბადება, მის ორგანიზმში უკვე არის. 30 წლამდე აღმოცენებული ხალები ნაკლებად საშიშად მიიჩნევა. უფრო საყურადღებოა ის ხალი, რომელიც სხეულის ზედაპირზე გვევლინება 30 წლის შემდეგ. საყურადღებოში ყოველთვის საშიში არ მოიაზრება. არსებობს ხალების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ვიტილიგოსთან ასოცირდება. ძალიან ხშირად ამ დროს ხალის ირგვლივ კანის უბანი თეთრდება და შემდეგ ხალი ქრება. ასეთი ხალების ტიპი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხალზე თმიანი საფარველი ნაკლებად ასოცირდება ავთვისებიან ნიშანთან, თუმცა ის ესთეტიკურ ხარვეზს წარმოადგენს. ეპილაცია ამ დროს ცუდი არჩევანია. უფრო მარტივია ამ თმის მაკრატლით მოჭრა, ასევე განიხილება ხალის სრულყოფილი მოცილება. ხალი საყურადღებო ხდება, თუ შეინიშნება ზომაში სწრაფი ტემპით ზრდა, ფორმისა და კონტურების საზღვრების ცვლილება, ფერთა ასიმეტრია, ძველი ხალის გვერდით ახალი წარმონაქმნის დაფიქსირება. ამ ნიშნების დროს აუცილებელია ვესტუმროთ დერმატოლოგს.

დერმატოლოგებისთვის ნამზეური ასოცირდება დაზიანებული ტიპის კანთან. კანის დაბერების, გაუწყლოვნების პროცესი იწყება. ამიტომ ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებით. რაც შეეხება ხალს, აქ კიდევ უფრო ვეწინააღმდეგებით ნამზეურს. მზის ინსოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პირდაპირპროპორციულად ასოცირდება ხალის ონკოლოგიური რისკის ზრდასთან. კანს აქვს ცუდი თვისება, ის იმახსოვრებს ნამზეურს. წლების წინ მიღებული ძლიერი ნამზეური შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდეს ცვლილების საწინდარი. მზის ულტაიისფერი სხივები იწვევს ხალის უჯრედების გენომის სტრუქტურის დარღვევას, ეს ხდება საწინდარი იმ ცვლილებისა, რაც ცუდი, ატიპიური უჯრედების ფორმირებას უდევს საფუძვლად. ვისაც ბევრი ხალი აქვს, ისინი ყოველთვის რისკ-ჯგუფში ხვდებიან. გარუჯვა რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღია ტიპის თვალები და ხალებით დახუნძლული ღია ფერის კანი აქვთ. გარუჯვის შემთხვევაში აუცილებელია წესების დაცვით მზის დამცავის გამოყენება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი არველაძემ ტელეკომპანია „ფორმუალს“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად