Baby Bag

„მზის ინსოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პირდაპირპროპორციულად ასოცირდება ხალის ონკოლოგიური რისკის ზრდასთან,“- დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე

„მზის ინსოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პირდაპირპროპორციულად ასოცირდება ხალის ონკოლოგიური რისკის ზრდასთან,“- დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე

დერმატო-ვენეროლოგმა გიორგი არველაძემ ზაფხულში ხალის მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ხალი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. თითოეული ხალის წარმოქმნის შესახებ ინფორმაცია, როდესაც ადამიანი იბადება, მის ორგანიზმში უკვე არის. 30 წლამდე აღმოცენებული ხალები ნაკლებად საშიშად მიიჩნევა. უფრო საყურადღებოა ის ხალი, რომელიც სხეულის ზედაპირზე გვევლინება 30 წლის შემდეგ. საყურადღებოში ყოველთვის საშიში არ მოიაზრება. არსებობს ხალების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ვიტილიგოსთან ასოცირდება. ძალიან ხშირად ამ დროს ხალის ირგვლივ კანის უბანი თეთრდება და შემდეგ ხალი ქრება. ასეთი ხალების ტიპი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხალზე თმიანი საფარველი ნაკლებად ასოცირდება ავთვისებიან ნიშანთან, თუმცა ის ესთეტიკურ ხარვეზს წარმოადგენს. ეპილაცია ამ დროს ცუდი არჩევანია. უფრო მარტივია ამ თმის მაკრატლით მოჭრა, ასევე განიხილება ხალის სრულყოფილი მოცილება. ხალი საყურადღებო ხდება, თუ შეინიშნება ზომაში სწრაფი ტემპით ზრდა, ფორმისა და კონტურების საზღვრების ცვლილება, ფერთა ასიმეტრია, ძველი ხალის გვერდით ახალი წარმონაქმნის დაფიქსირება. ამ ნიშნების დროს აუცილებელია ვესტუმროთ დერმატოლოგს.

დერმატოლოგებისთვის ნამზეური ასოცირდება დაზიანებული ტიპის კანთან. კანის დაბერების, გაუწყლოვნების პროცესი იწყება. ამიტომ ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებით. რაც შეეხება ხალს, აქ კიდევ უფრო ვეწინააღმდეგებით ნამზეურს. მზის ინსოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პირდაპირპროპორციულად ასოცირდება ხალის ონკოლოგიური რისკის ზრდასთან. კანს აქვს ცუდი თვისება, ის იმახსოვრებს ნამზეურს. წლების წინ მიღებული ძლიერი ნამზეური შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდეს ცვლილების საწინდარი. მზის ულტაიისფერი სხივები იწვევს ხალის უჯრედების გენომის სტრუქტურის დარღვევას, ეს ხდება საწინდარი იმ ცვლილებისა, რაც ცუდი, ატიპიური უჯრედების ფორმირებას უდევს საფუძვლად. ვისაც ბევრი ხალი აქვს, ისინი ყოველთვის რისკ-ჯგუფში ხვდებიან. გარუჯვა რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღია ტიპის თვალები და ხალებით დახუნძლული ღია ფერის კანი აქვთ. გარუჯვის შემთხვევაში აუცილებელია წესების დაცვით მზის დამცავის გამოყენება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი არველაძემ ტელეკომპანია „ფორმუალს“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ უნებლიე შეცდომებით ბავშვის ჯანმრთელობას ვაზიანებთ

ამ უნებლიე შეცდომებით ბავშვის ჯანმრთელობას ვაზიანებთ

მშობლები შვილებს ხშირად უნებურად აყენებენ ზიანს. დროის გასვლასთან ერთად ბავშვის აღზრდის და მასზე ზრუნვის მეთოდები იცვლება. ფსიქოლოგები და ექიმები მშობლებისთვის ახალ-ახალ რეკომენდაციებს ქმნიან, რომლებიც მათ ჯანსაღი და ბედნიერი შვილების აღზრდაში ეხმარება. ჩვენს სტატიაში იმ შეცდომებზე გესაუბრებით, რომლებსაც მშობლები ბავშვზე ზრუნვისას უნებურად უშვებენ და შვილების ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ.

  • ღიტინი ბავშვის გაცინების მიზნით

უფროსები ბავშვებს გაცინების მიზნით ხშირად უღიტინებენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებით დგინდება, რომ ღიტინი ბედნიერების იმავე განცდას არ იწვევს, როგორსაც კარგი ხუმრობა. ის მხიარული სიცილის ილუზიას ქმნის. ღიტინის დროს ბავშვი უკონტოლოდ იცინის და მისი ქმედება რეფლექსებით არის გამოწვეული. ამას პატარა მაშინაც კი აკეთებს, როდესაც მას ღიტინი ძალიან აღიზიანებს და მისგან თავის დაღწევა სურს.

  • ბავშვის თოჯინასთან ერთად დაძინება

ბავშვს ხარისხიანი ძილისთვის მოხერხებული მატრასი, რბილი თეთრეული და თბილი საბანი სჭირდება. გარკვეულ ასაკამდე პატარას ბალიშიც კი არ ესაჭიროება. ბავშვის საძინებლის დეკორაციებით გადატვირთვა საჭირო არ არის. მის საწოლში თოჯინას ნუ მოათავსებთ. რბილი სათამაშო ბავშვს სრულფასოვნად გამოძინებაში ხელს უშლის. ის პატარას ხშირად აღვიძებს. შესაძლოა, ბავშვმა სათამაშო სახესთან მეტისმეტად ახლოს მიიტანოს, რაც მას ნორმალურად სუნთქვის შესაძლებლობას არ მისცემს.

  • ბავშვის საძინებელში სპეციალური სანათის დადგმა

ბავშვის ოთახში მთელი ღამით სინათლის დატოვება ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ზრდის ჰორმონი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ძილში გამოიმუშავებს, სიბნელეში უკეთ იწარმოება. მშობლები ბავშვის ოთახს სხვადასხვა მიზნით ანათებენ. მათ ნაწილს სანათის შუქზე საფენების გამოცვლა უმარტივდება, ზოგიერთი ცდილობს ბავშვი სიბნელის შიშისგან დაიცვას. თუ მშობლები ბავშვის ოთახში სანათის მოთავსების გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, უმჯობესია, თუ განათება წითელი ფერის იქნება. წითელი ფერის შუქზე ძილის ჰორმონი, მელატონინი უკეთ გამომუშავდება. თეთრი, მწვანე და ლურჯი ფერის განათება კი ძილის პროცესს და ზრდის ჰორმონის გამომუშავებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

  • ბავშვის ხელით რწევა

ყველა მშობელი ერთხელ მაინც გამხდარა იძულებული, რომ შვილი ხელით დაერწია, როდესაც მის დაძინებას ვერ ახერხებდა. ზოგჯერ ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. პედიატრები თვლიან, რომ თუ ბავშვს ძილის რეჟიმს დაბადებიდანვე მოუწესრიგებთ, მას დროულად გამოკვებავთ, საფენის გამოცვლას არ დააგვიანებთ და კომფორტულ ტანსაცმელს ჩააცმევთ, მას ძილის პრობლემები არ შეექმნება. თუ თქვენი შვილი ჭირვეულობს, ეცადეთ ის ხელით დიდხანს არ არწიოთ. ბავშვის რწევისას ფაქიზი და ფრთხილი მოძრაობები უნდა შეასრულოთ.

  • ცრურწმენების გამო ბავშვისთვის სარკის დამალვა

ცნობილი ცრურწმენის მიხედვით, ბავშვი სარკეში თუ ჩაიხედავს, ის ავად გახდება. პედიატრები და ფსიქოლოგები აღნიშნულ ცრურწმენას აბსურდულს უწოდებენ. ისინი მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვები სარკესთან ხშირად ათამაშონ. სარკის დახმარებით ბავშვი თავდაჯერებული ხდება. ის საკუთარ თავს უკეთ ეცნობა, რაც მის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

  • ბავშვისთვის სტერილური გარემოს შექმნა

მშობლები თვლიან, რომ სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია. მკვლევარები ასკვნიან, რომ მეტისმეტად სტერილური გარემო ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. მეტისმეტად სუფთა გარემოში გაზრდილი ბავშვის იმუნური სისტემა კარგად ვერ ვითარდება. ბავშვი ალერგიული რეაქციებისადმი მაღალ მიდრეკილებას ავლენს. მას, შესაძლოა, ასთმა, ალერგიული რინიტი და ატოპიური დერმატიტი აწუხებდეს. მშობლები შეცდომას უშვებენ, როდესაც სახლს დღეში რამდენჯერმე ალაგებენ და ბავშვს ცხოველებთან კონტაქტის შესაძლელბლობას არ აძლევენ. რაც უფრო მალე შეეხება თქვენი შვილი ალერგენს, მით ნაკლებად ალერგიული იქნება ის მომავალში.

  • ღამის ქოთნის ნაადრევი გამოყენება

ღამის ქოთნის გამოყენებამდე, კარგად დაფიქრდით, რამდენად კომპეტენტურია ის რჩევები, რომლებიც ახლობლებმა მოგცეს. ერთი წლის ან წლინახევრის ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ უპასუხოს სხეულიდან მიღებულ სიგნალებს. როდესაც ბავშვი საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნილებების აღქმას ისწავლის, ის ღამის ქოთნის გამოყენებასაც მარტივად შეძლებს.

  • იატაკზე ბავშვის შიშველი ფეხებით სიარული

ბავშვები სიარულს, დაახლოებით, ერთი წლის ასაკიდან იწყებენ. როდესაც ეს ხდება, მშობლები მათთვის კომფორტულ ფეხსაცმელებს ყიდულობენ. მშობლების ნაწილი კი ბავშვს იატაკზე შიშველი ფეხებით სიარულის უფლებას აძლევს. ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა, თუ ის ქვიშაზე, ბალახზე ან მიწაზე შიშველი ფეხით გაივლის, თუმცა იატაკზე შიშველი ფეხებით სიარული ძალიან საზიანოა. ამ დროს მთელი დატვირთვა მყესებზე მოდის, ხოლო ფეხის კუნთები სათანადოდ არ იტვირთება, რაც ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას აფერხებს.

  • ბავშვისთვის საკვების დაძალება

მშობლები და ბებიები ძალიან განიცდიან, როდესაც ბავშვი სადილს სრულად არ მიირთმევს. ისინი მას ართობენ, ახალისებენ, უბრაზდებიან და მიზანს მაინც აღწევენ. საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი მხოლოდ მშობლები და ბებიები არიან. მშობლების მსგავსი ქცევა ბავშვს საკუთარ სხეულზე კონტროლს აკარგვინებს. პატარები ვერ ხვდებიან, რამდენი უნდა მიირთვან და მათ ჭარბწონიანობის პრობლემა ხშირად ექმნებათ.

  • ბავშვის კოვზით გამოკვება

მშობლები, რომლებიც შვილებს კოვზით დიდხანს კვებავენ, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. როდესაც ბავშვს მშობელი აჭმევს, ის ვერ ხვდება, დანაყრებულია თუ არა, რაც ბავშვს ჭარბწონიანობის პრობლემას უქმნის. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, დამოუკდებლად მიირვას და კერძებიც საკუთარი გემოვნებით დააგემოვნოს.

  • ბავშვის ალერგენებისგან დაცვა

მშობლები ალერგიების შიშით ბავშვებს გარკვეული პროდუქტების მიღებას უკრძალავენ. პედიატრები თვლიან, რომ ალერგიული პროდუქტების ბავშვისთვის მიწოდება მის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. იმუნური სისტემა ამ გზით უფრო ძლიერდება და ალერგენებზე შესაბამის რეაქციასაც ავლენს. სწორედ ამიტომ, ბევრი პედიატრი მშობლებს ურჩევს ჩვილებს თევზი ოთხი თვის ასაკიდან მიაწოდონ. ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის მკვლევარები აღნიშნული მოსაზრების სისწორეს ადასტურებენ. ისრაელში მშობლები შვილებს არაქისის კარაქს ერთი წლიდან აძლევენ, დიდ ბრიტანეთში კი - გაცილებით გვიან. როგორც აღმოჩნდა დიდ ბრიტანეთში ბავშვები უფრო ალერგიულები არიან.

  • ბავშვის იძულება, რომ მეგობარს ყველაფერი გაუზიაროს

ორი წლის ასაკიდან ბავშვი თავს პიროვნებად აღიქვამს. მან იცის, რომ გარკვეული ნივთები მის საკუთრებაშია. ბავშვი ნებისმიერ ადამიანს პოტენციურ მოძალადედ აღიქვამს, თუ ის მისი ნივთის აღებას შეეცდება. მშობლებს ამის გაგება უჭირთ. ისინი თვლიან, რომ მათი შვილი ძუნწია. თუ ბავშვს საკუთარი ნივთების სხვებისთვის გაზიარებას აიძულებთ, მას სუსტი ნებისყოფის ადამიანად გაზრდით, რომელსაც არას თქმის უნარი არ გააჩნია და რომელიც ყოველთვის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოქმედებს.

  • ბავშვის შეფუთვა ტანსაცმელში, როდესაც მას კიდურები ცივი აქვს

ბავშვს ხელები, ფეხები და ცხვირი ცივი თუ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ცივა. სისხლის ცირკულაციის თავისებურებების გამო, ბავშვის კიდურები სხეულის სხვა ზონებთან შედარებით უფრო ცივია. ბავშვს ოთახში ხელთათმანები, ქუდი და წინდები არ სჭირდება, თუ ტემპერატურა დაბალი არ არის. მის კანს სუნთქვის შესაძლებლობა უნდა მისცეთ. ბავშვის ჯანმრთელობისთვის გადახურება უფრო საზიანოა, ვიდრე სიცივე. თუ პატარა ოფლიანობს და მას კანი გაუწითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს სცხელა. მსგავს შემთხვევაში მას ზედმეტი ტანსაცმელი უნდა გახადოთ.

მომზადებულია ​brightside.me- ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად