Baby Bag

მშობლები ბავშვებში უცნაური გამოყანარის გამო ღელავენ - რა არის კოქსაკის ვირუსი?

მშობლები ბავშვებში უცნაური გამოყანარის გამო ღელავენ - რა არის კოქსაკის ვირუსი?

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და მისი დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„კოქსაკის ვირუსი პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ კოქსაკში. ის ენტეროვირუსების ერთ-ერთი სახეა. ძირითადად ეს არის 5 წლამდე ასაკის დაავადება. გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური. როდესაც ბავშვები ეზოებში ქვიშაში თამაშობენ, ეს ქვიშა არის დაბინძურებული. ყველაზე ხშირი მიზეზი მსგავსი ინფექციების არის ეს. მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი.

კოქსაკის ვირუსს ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ. მას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობიდან დაწყებული გართულებები მენინგოენცეფალიტამდე, მენინგიტამდე და ა.შ. საბოლოო გამოსავალი ნებისმიერი კოქსაკის ფორმას აქვს კეთილსაიმედო.

ძირითადად პაციენტი გადამდებია უსიმპტომოდ მიმდინარეობისას. დაავადების მიმდინარეობისას ინკუბაციის პერიოდი შეიძლება იყოს 3-დან 6 დღემდე ან უფრო მეტიც. ძირითადი ნიშანი არის ცხელება, ბუშტუკოვანი გამოყანარი პირის ღრუში, ტუჩების ირგვლივ, ხელისა და ფეხის გულებზე. შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. პირველ რიგში, მშობლებმა უნდა მიმართონ პედიატრს, რომ მოხდეს დიფერენცირება ჩუტყვავილასგან, ხომ არ არის მენინგიალური გამოვლინებები,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვაქცინა სულ რამდენიმე დღე რჩება ადამიანის ორგანიზმში, არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინას ორგანიზმზე არ აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ვაქცინა სულ რამდენიმე დღე რჩება ადამიანის ორგანიზმში, არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინას ორგანიზმზე არ აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულმბეგოვმა საზოგადოებაში გავრცელებული ვაქცინასთან დაკავშირებული ის მოსაზრებები განიხილა, რომლებიც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. მან მოსახლეობას განუმარტა, რომ ვაქცინას ორგანიზმზე გრძელვადიანი ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია:

„ნებისმიერი მედიკამენტი დროის რაღაც მონაკვეთში რჩება ორგანიზმში და შემდეგ ის ორგანიზმს ტოვებს. ვაქცინებიც არის ზუსტად ასე. ისინი სულ რამდენიმე დღე რჩებიან ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ძალიან დიდხანს ტოვებენ კვალს. ​ეს კვალი არის ვაქცინისგან გამომუშავებული იმუნიტეტი. არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინებს არ გააჩნიათ. ვაქცინები არ მოქმედებს არც მდედრობითი სქესის და არც მამრობითი სქესის განაყოფიერების ფუნქციაზე. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება ვაქცინას პოზიტიური გავლენაც კი ჰქონდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ უნდა ეშინოდეს.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, შეცდომაა, როდესაც ადამიანები ამბობენ, თითქოს მხოლოდ მათი საქმეა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

„ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, რომელსაც უშვებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვაქცინებზე უარს და ანტივაქსერულ დამოკიდებულებას ისინი ამით ამართლებენ ხოლმე. ​მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტმა შეამცირა კლინიკური ეფექტურობა, ის არ განულებულა. აცრილი ადამიანი აუცრელისგან განსხვავებით ნაკლები პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობს. აცრილი ადამიანი აუცრელისგან განსხვავებით გამოჰყოფს ნაკლები ვირუსის კონცენტრაციას და მცირე რაოდენობით ადამიანებს აავადებს. ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ავრცელებენ ინფექციას, თუნდაც კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.“

„ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ​იმ მიზეზით, რომ მათ გადაიტანეს კოვიდი, თავს არიდებენ ვაქცინაციას. ერთის მხრივ, არავინ არ იცის კოვიდის გადატანის შემდგომ რამდენი ხნით და რა ხარისხით არის დაცული. ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით სამედიცინო მყარი მტკიცებულება არ გაგვაჩნია. მსუბუქი დაავადების შემთხვევაში დაცვა უფრო სუსტია, ხოლო თუ მძიმე დაავადება გადაიტანა ადამიანმა, დაცვა უფრო მეტია. თუ ადამიანს ამავე დროს აქვს ქრონიკული დაავადებები, რაც უნდა მძიმედ გადაიტანო კოვიდი, მაინც სუსტი ბუნებრივი იმუნიტეტი გიყალიბდება. კოვიდი თუ გადაიტანე, 30 დღის შემდეგ შეგიძლია გაიკეთო ვაქცინაცია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

წაიკითხეთ სრულად