Baby Bag

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვების უმადობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან:

„ბავშვებს პირადი მაგალითიც უნდა ვუჩვენოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კარტოფილის, მაკარონის, ხაჭაპურის მეტს არაფერს არ მიირთმევს, ნაკლები ალბათობაა, რომ თვითონ სხვა პროდუქტები გასინჯოს. ჩემი დაკვირვებებით, დღეს და უკვე ათწლეულებია ასეა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ცოტას რომ მოძრაობენ არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, მოქანცული, ნარბენი ბავშვი მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გასინჯავს. მეტი ალბათობაა, რომ იგივე ტოლმა შეჭამოს ან სხვა რამე.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ჩემი დაკვირვებებით, ბავშვები უფრო ხშირად ეტანებიან პურს. მათ უყვართ პური, იმიტომ, რომ ის ნახშირწყალია, ტკბილია. ის, რომ ბავშვი არ ჭამს პურს, ეს უფრო მეტად არის მშობლისა და ბებია-ბაბუის ახირება. ერთი პურის ნაჭერი იმდენ კალორიას შეიცავს, რომ ჰყოფნით ბავშვებს. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ცელიაკია. ცელიაკია ეს არის ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის აუტანლობა. მადაც ეკარგება აქ ბავშვს და თუ ჭამს, არ ერგება, ვერ იმატებს წონაში და არის გამხდარი,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორ შევარჩიოთ კარგი სკოლა?“ - გია მურღულიას საინტერესო პასუხი

„როგორ შევარჩიოთ კარგი სკოლა?“ - გია მურღულიას საინტერესო პასუხი

ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ ბავშვის აღზრდაში სკოლის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სკოლამ ბავშვს ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა უნდა ასწავლოს:

„ადამიანს ნებისყოფა თუ არ აქვს, წასულია იმის საქმე. ის პიროვნებადაც ვერ შედგება. ვერცერთ საქმეს ვერც ბოლომდე განახორციელებს, ვერც ხარისხიანად გააკეთებს. შრომისმოყვარეობა, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეს? რა თქმა უნდა, უნდა ისწავლებოდეს. ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა, ალგორითმის გააზრების უნარი, ​ეს უნდა მასწავლოს მე სკოლამ, ოჯახმაც უნდა მასწავლოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება ჩემში. ეს დედამ და მამამ უნდა მასწავლოს, პირველ რიგში, რომ კარგი ადამიანი ვიყო, არ შევეცადო სხვისი უბედურების ხარჯზე შევქმნა ჩემი ბედნიერება, არ ვიყო მიმტაცებელი, მომხვეჭელი. ეს მაგალითებით, ლიტერატურით, ისტორიით უნდა მასწავლონ. ეს საგნები რისთვის არის, რისთვის ისწავლება? ყველა საგანს თავისი ფუნქცია აქვს.“

გია მურღულიამ საინტერესო პასუხი გასცა კითხვას, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ კარგი სკოლა ბავშვისთვის:

„ხანდახან მეკითხებიან: „როგორ შევარჩიოთ კარგი სკოლა?“ მიდი და პირველ რიგში, ეს იკითხე: „როგორია თქვენს სკოლაში აღზრდის სისტემა?“ ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რამდენად ხარისხიანია ეს სკოლა. მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა სკოლის შესასვლელში მივაწერდი გურამიშვილის სიტყვებს: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.“ ​სამივე დროში უნდა მოააზრებინო ბავშვს თავისი თავი, როგორც თვითონაც სამსახოვანს. ნებისმიერი ჩვენგანი ინდივიდია, მეორე თქვენგანი არც აქამდე ყოფილა, არც დაიბადება. თქვენ ხართ განუმეორებელი. მეორე მხრივ, თქვენ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, ხართ ქართველი, მესამე მხრივ, თქვენ ხართ ზოგადად ადამიანი, კაცობრიობის შვილი ხართ. სამივე ამ განზომილებაში თქვენ უნდა გაიაზროთ ვინ ხართ თქვენ, საიდან მოდიხართ, სად ხართ და საით მიდიხართ.“

გია მურღულიას თქმით, პასუხისმგებლობა აღზრდაში გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს:

„როგორ ფიქრობთ, ​სიტყვა „პასუხისმგებლობა“ აღზრდაში რა ფუნქციას ატარებს?! ძალიან დიდსაც და გადამწყვეტსაც, იმიტომ, რომ რაღაც იცოდე, ერთია და ამ შენი ცოდნის მიხედვით იცხოვრო, ეს სულ სხვა რამ არის. ღმერთმა სამყარო რომ შექმნა, შექმნა წესრიგი. შენი ცოდნა უნდა გაძლევდეს შესაძლებლობას, რომ მიხვდე, რა არის ეს წესრიგი. ეს ნახევარია საქმის. მეორე ნახევარი არის ის, რომ შენ თვითონ შექმნა შენი ცხოვრებით შენი საკუთარი წესრიგი. შენს ცხოვრებას გამართლება აქვს მხოლოდ მაშინ, თუ შენ ყველაფერს დაძლევ და იმაში ჩაერთვები, რისთვისაც დაიბადე ამ ქვეყანაზე.“

​ყველა მასწავლებელს აქვს შეცდომა ან ფიქრი შესაძლო შეცდომაზე. მე მქონია მარცხი და მიფიქრია, რა დავაკელი ამ ბავშვს?! დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრ გარემოებას: რა ოჯახში იზრდება ბავშვი, როგორი გარემოა ამ ოჯახში, როგორია ურთიერთობა მშობლებს შორის, როგორია მისი ბუნება. ფრანგი განმანათლებლები ამბობდნენ, რომ აღზრდით ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ზოგიერთები ფიქრობდნენ და ახლაც ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება ზოგჯერ შეუძლებელს ხდის იმას, რომ აღზრდა შედეგიანი იყოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

​„დღის კოდი“ 

წაიკითხეთ სრულად