Baby Bag

რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე

რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე

ჰეპატოლოგმა მაკა სვანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ღვიძლისთვის მავნე და სასარგებლო პროდუქტები დაასახელა:

„ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლიც დასაშვებია და ცხიმიანი საკვებიც, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ღვიძლის მდგომარეობა. თუ მან იცის, რომ დაზიანებული აქვს ღვიძლი, შეიძლება საერთოდ აიკრძალოს ალკოჰოლის მიღება. მნიშვნელოვანია ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც. დღეს ღვიძლის გადანერგვების  ყველაზე მეტი რაოდენობა ჰეპატიტებით გამოწვეული დაზიანების შემდეგ ღვიძლის გაცხიმოვნებაზე მოდის. ყავა არის ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო სასმელი ღვიძლისთვის. ამას გაღრმავებული კვლევები სჭირდება. თუმცა, ჩატარებულია კვლევები და არის პუბლიკაციები ყავის დიდ სარგებელზე. ყავას აქვს ძალიან კარგი ანტიოქსიდაციური მოქმედება, რის ხარჯზეც ის ეხმარება ღვიძლში მიმდინარე ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. ჩაიც ასევე ანტიოქსიდანტია ძალიან კარგი. არის გარკვეული ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასეთი მოქმედება, მაგალითად გრეიფრუტს, მოცვს, კომბოსტოს, შვრიას, ხორბალს, ბურღულეულს. არის პუბლიკაციები, რომლებიც ადასტურებს ღვიძლზე მათ კარგ მოქმედებას.

თუ ღვიძლი ჯანმრთელია, მაშინ ალკოჰოლს აიტანს, მაგრამ ალკოჰოლი ღვიძლისთვის კარგი არ არის. ღვიძლისთვის მავნეა თამბაქოც. ადამიანმა შეიძლება კვებით მიიყვანოს ღვიძლი გაცხიმოვნებამდე. ეს არასწორი კვების შედეგია. ჭარბი ცხიმების გადამუშავება ვერ ხდება ღვიძლის მიერ, შედეგად ცხიმი ჩალაგდება ღვიძლის უჯრედებში, რაც იწვევს ანთებებს, ფიბროზს და შეიძლება ციროზიც გამოიწვიოს,“- აღნიშნა მაკა სვანიძემ.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ხშირად მოჰყავთ ბავშვი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი - ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა''

,,ხშირად მოჰყავთ ბავშვი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი - ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა''

მითები სეზონურ გაციებასა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ - აღნიშნულ საკითხზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში პედიატრმა ანა მაღრაძემ ისაუბრა.

მითი N1 - თბილად ჩაცმა ბავშვს იცავს გაციებისგან

„ზედმეტად თბილად ჩაცმა არ გვიცავს გაციებისგან. პირველ რიგში, იწვევს ორგანიზმის გადახურებას, შემდეგ ამას მოჰყვება ორთქლის გამოყოფა, რასაც თან ახლავს კანის გაგრილება, შესაბამისად, შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას“.

მითი N2 - გაციებული ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება

პირიქით, ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, რომ თუ ამინდი შესაბამისია და ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა, მაქსიმალურად ხშირად გაიყვანონ გარეთ.''

მითი N3 - გაციებული ბავშვის დაბანა არ შეიძლება

„გაციებული ბავშვის დაბანა აუცილებელია“.

მითი N4 - სიცივის დროს ფეხზე თბილად ჩაცმა აუცილებელია

„ფეხზე თბილად ჩაცმა საერთოდ არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით ავადობის პერიოდში. ხშირად მოჰყავთ ბავშვი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი - ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“.

მითი N5 - აბაზანის მიღების შემდეგ ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება

„ბავშვი, თუ ახალი გამოსულია თბილი აბაზანიდან, მაშინვე მისი გარეთ გაყვანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს რისკი, რომ განვითარდეს რომელიმე ინფექცია. თუმცა, როცა სხეულის ტემპერატურა შეეგუება გაგრილებას, მაშინ უკვე შეგვიძლია გავიყვანოთ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ“.

მითი N6 - სიცხიანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება

„ზოგადად, ცხელება არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე და შესაბამისად, ამას ყველა ინდივიდი აღიქვამს ინდივიდუალურად. შეიძლება ბავშვი 37.5 გრადუსზე ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს და შესაძლოა, სხვა ბავშვი 38 გრადუსზეც კი ძალიან აქტიური იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი აქტიური და ენერგიულია, შეგვიძლია გავაგრილოთ, გავიყვანოთ გარეთ.

მითი N7 - 40 დღემდე ბავშვის ზამთარში გარეთ გაყვანა არ შეიძლება

„ესეც არასწორია. ახალშობილობის ასაკიდან ვიწყებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას,სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. გაყვანას ვიწყებთ გარკვეული დროით და ადაპტირების ხარჯზე ვზრდით დროის მონაკვეთს. თუ ზაფხულში გაგვყავს 3-4 საათით, ზამთარში ეს ვერ იქნება 3-4 საათი, ვინაიდან ბავშვი თვითონვე შეწუხდება, თუმცა, შეგვიძლია დავყოთ და ეტაპობრივად გავიყვანოთ დღის მანძილზე“

მითი N8 - ბავშვისთვის შარფის გამოყენება არ შეიძლება

„ზოგადად, შარფების გამოყენების რეკომენდაციას არ ვიძლევით. არ ვამბობ, რომ აკრძალულია, თუმცა რეკომენდაციას არ გავცემთ, რადგან შარფი ფარავს მთლიანად სახეს, ცხვირ-ხახიდან გამოსული თბილი ჰაერი ხვდება გარემოს ცივ ჰაერს და ხდება კონდენსირება, სველდება შარფი, რის შედეგადაც ბავშვს უწევს ცივი და ტენიანი ჰაერის სუნთქვა. მოგეხსენებათ, ბავშვები ჩვენზე ბევრად აქტიურები არიან, ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვა ხშირდება და გახშირებული სუნთქვის ხარჯზე ცივი ჰაერის შესუნთქვა შეიძლება ავადობის მიზეზი გახდეს“.

მითი N9 - შარვლის შიგნით ე.წ რეიტუზი აუცილებლად უნდა ჩავაცვათ

„განსაკუთრებით თბილისში, სადაც ისეთი დაბალი ტემპერატურა არასდროსაა, რომ ბავშვს თბილი შარვლის შიგნით ე.წ. რეიტუზი, წინდა და ზემოდან კიდევ კომბინიზონი უნდა ჩავაცვათ - ეს არის მითი“.

მითი N10 - სუფთა ჰაერზე ყოფნა თქვენს პატარას კოლიკასთან გამკლავებაში დაეხმარება

სუფთა ჰაერზე ყოფნა პატარებს ეხმარება ყველაფერთან გამკლავებაში. წესრიგდება ძილი, იმატებს მადა, შედარებით მშვიდები არიან“.

მითი N11 - ბავშვი, რომელიც მიჩვეულია გასეირნებას, გაცილებით იშვიათად ცივდება

„აქ შემიძლია დავეთანხმო, ვინაიდან სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობის წინაპირობაა. როგორც უკვე ვთქვით, ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ სუფთა ჰაერზე დიდი დროით ყოფნას და ეს არის აუცილებელი“.

მითი N12 - მაღალი სიცხისა და ვირუსის დროს, სახლში ფანჯრები არ უნდა გავაღოთ

„სახლის განიავება აუცილებელია. არ შეიძლება, რომ მუდმივად ჩაკეტილ ოთახში იყოს ბავშვი და საჭიროა 3-4-ჯერ მაინც განიავდეს სივრცე“.

წყარო: ​,,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად