Baby Bag

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვამზადოთ გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?

როგორ მოვამზადოთ გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მენარქეზე - პირველ მენსტრუალური ციკლზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

​რა არის მენსტრუაცია?
მენსტრუაციის დაწყება მიგვანიშნებს სქესობრივ მომწიფებაზე და ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციის მზაობაზე. როდესაც იწყება მენსტრუალური ციკლი, იზრდება ესტროგენის დონე, რაც იწვევს ენდომეტრიუმის გასქელებას. გასქელებულ ენდომეტრიუმს კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემთხვევაში შეუძლია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება (ჩანერგვა). თუ არ არის ორსულობა, ამ შემთხვევაში ხდება გასქელებული ენდომეტრიუმის ჩამოფცქვნა და შედეგად მივიღებთ მენსტრუაციას - მენსტრუალურ გამონადენს.
როდის იწყება პირველი მენსტრუალური ციკლი?
საშუალოდ მენსტრუალური ციკლი იწყება 12-13 წლის ასაკში.
რა სიმპტომები შეიძლება იყოს მენსტრუაციის დაწყებამდე?
ზოგიერთ გოგონას მენსტრუაციის რაიმე მომასწავლებელი ნიშანი არ აქვს. ზოგიერთს კი შეიძლება ჰქონდეს პრემენსტრუალური სინდრომი. ამ სიმპტომებში შედის:
  • გამონაყარი სახეზე
  • მუცლის შებერილობა
  • მკერდის ტკივილი
  • წელის ტკივილი
  • ყაბზობა
  • ფაღარათი
  • დაღლილობის შეგრძნება
  • ადვილად გაღიზიანებადობა
  • მადის გაძლიერება, განსაკუთრებით ტკბილეულის მომართ
  • გამჭვირვალე ან მოთეტრო ფერის გამონადენი საშოდან
რამდენი დღე გაგრძელდება პირველი მენსტრუალური ციკლი?
შესაძლებელია პირველი მენსტრუაციის დროს გამონადენი გაგრძელდეს მხოლოდ 1-2 დღე. შესაძლებელია თქვენს ორგანიზმს დასჭირდეს რამდენიმე თვე, რომ მენსტრუაცია გახდეს რეგულარული. ამის შემდეგ შესაძლოა, მენსტრუაცია გაგრძელდეს 2-დან 7 დღემდე. უმეტეს შემთხვევაში პირველი მენსტრუაცია არის მცირე რაოდენობით. მენსტრუალური ციკლი დარეგულირდება მაშინ, როდესაც დარეგულირდება თქვენი ჰორმონების დონე. თუ პირველი მენსტრუაცია იქნება ჭარბი, დააკვირდით რამდენად დიდი რაოდენობით კარგავთ სისხლს. თუ არის ძალზე ჭარბი რაოდენობის დანაკარგი და კოლტები, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, უთხარით მშობელს და მიმართეთ გინეკოლოგს.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვაქვს მტკივნეული მენსტრუაცია?
მტკივნეული მენსტრუაციის დროს შეგიძლიათ მიიღოთ სპაზმოლიკტიკი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შეგიძლიათ მიიღოთ ცხელი აბაზანა ან მიიდოთ სათბური.
რა სიხშირით უნდა გვქონდეს მენსტრუალური ციკლი?
ნორმალურ შემთხვევაში მენსტრუალური ციკლი უნდა იყოს რეგულარული. საშუალოდ მანძილი ციკლიდან ციკლამდე შეადგენს 21-35 დღემდე. მენსტრუალური გამონადენის დღეების რაოდენობა კი 2-დან 7-მდე. სასურველია, აწარმოოთ მენსტრუალური კალენდარი, რომ შეაფასოთ ციკლის რეგულარობა და დაახლოებით იცოდეთ, როდის უნდა ელოდოთ მენსტრუაციის დასაწყისს.
რამდენ წლამდე გვექნება მენსტრუალური ციკლი?
მენსტრუალური ციკლი გექნებათ მენოპაუზის დაწყებამდე. მენოპაუზა იწყება საშუალოდ 45-55 წლის ასაკში. თუმცა სტრესს, ქირურგიულ ოპერაციას რეპროდუქციულ ორგანოებზე შეუძლია გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა.
როდის უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?

გინეკოლოგს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ:

  • 15 წლის ასაკში არ დაგწყებიათ პირველი მენსტრუალური ციკლი
  • 2 წელია გაქვთ მენსტრუაცია, მაგრამ არარეგულარულია
  • გაქვთ ​მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი
  • გაქვთ ძლიერი ტკივილი, რომელიც ხელს გიშლით ჩვეულ ცხოვრეებაში და აქვეითებს თქვენი ცხოვრების ხარისხს
  • გაქვთ ძლიერი სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციის დროს
  • თქვენი მენსტრუალური გამონადენი გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს
როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა გოგონა პირველი მენსტრუაციისთვის?
პირველი, რაც უნდა უთხრათ გოგონას, არის ის, რომ მენსტრუაციის დასაწყისი არის ჩვეულებრივი მოვლენა მის ცხოვრებაში. აუხსენით დაახლოებით, როდის უნდა დაეწყოს მენსტრუალური ციკლი, რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით უნდა ჰქონდეს მენსტრუალური გამონადენი, ასწავლეთ ჰიგიენის ნორმები, ასევე, რომ საჭიროა პაკეტის გამოყენება. ასწავლეთ მენსტრუალური კალენდრის წაროება. აუხსენით, რომ შესაძლებელია მენსტრუაცია იყოს მტკივნეული და საჭირო გახდეს მედიკამენტის გამოყენება. გარდა ამისა, აუხსენით ზემოთ ხსენებული შემთხვევები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რა დროსაა აუცილებელია თქვენი ჩართულობა და გინეკოლოგთან ვიზიტი.
გისუვებთ ჯანმრთელობას! 

წაიკითხეთ სრულად