Baby Bag

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„პაციენტები ტკივილისგან იღვიძებენ, მგონია მდუღარე გადამესხაო“ - ნეიროქირურგი რუდიკო ჯიგანია პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე გვესაუბრება

​„პაციენტები ტკივილისგან იღვიძებენ, მგონია მდუღარე გადამესხაო“ - ნეიროქირურგი რუდიკო ჯიგანია პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე გვესაუბრება

ტკივილი, მოძრაობისა და მგრძნობელობის შეზღუდვა - ყურადღების მიღმა დარჩენილი პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები. 

კარზე ათეულჯერ დააკაკუნეს, ნეიროქირურგს ეძებდნენ, ერთი შეხედვით მარტივი და ყოველდღიური ჩივილებით. ეს ახლა, თორემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ყურადღების მიღმა გვრჩებოდა მსოფლიოში მზარდად გავრცელებული და რთული ტრავმები, რომელთა გადაჭრის აუცილებლობა „ნიუ ჰოსპიტალსმა“ ერთ-ერთმა პირველმა დააყენა და მრავალწლიანი უცხოური გამოცდილების მქონე ნეიროქირურგთან და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ რუდიკო ჯიგანიასთან ერთად უკვე ასობით პაციენტი განკურნა.

დღეს ​MOMSEDU.GE-ს რესპონდენტი სწორედ რუდიკო ჯიგანიაა, რომელიც პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებებსა და გვირაბულ სინდრომებზე გვესაუბრება.

ნეიროქირურგია ცენტრალურ და პერიფერიულ სისტემებად იყოფა, ცენტრალურია თავისა და ზურგის ტვინი, ზურგის ტვინიდან გამოსული სხვა დანარჩენი ფესვებით შეკრული ნერვები არის პერიფერიული ნერვული სისტემა.

  • რა შეიძლება იყოს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების მიზეზები და რა სიმპტომები იჩენს ამ დროსთავს?

რუდიკო ჯიგანია: პერიფერიული ნერვის დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ტრავმა, ბლაგვი ან მჭრელი საგნით, ცეცხლსასროლი იარაღით ან ტრაქციული დაზიანების შედეგად მიღებული. ნერვის ღეროს დაზიანება მისი მთლიანობის დარღვევას ან ნაწილობრივ დაზიანებას გულისხმობს, რის შედეგადაც იწყება კიდურების ფუნქციის მოშლა - მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევა, ტკივილი და კუნთების განლევა.

პერიფერიული ნერვების დაზიანება მეტწილად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება, ის სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმას არ წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა,შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა გამოიწვიოს. ამდენად, დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა არსებითად მნიშვნელოვანია. შედეგის ეფექტურობის დრო 1-18 თვემდე განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ პერიფერიული ნერვული სისტემის დიაგნოსტირებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი, მაღალტექნოლოგიური კვლევები გამოიყენება:

  • ელექტრონეირომიოგრაფია - ნერვის გამტარობის დადგენა.
  • ნერვის ექოსკოპია - ვიგებთ დაზიანებულია თუ არა ნერვის მთლიანობა, მოქმედებს თუ არა გარე ფაქტორები, კომპრესია.
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) - უფრო ნატიფი მიდგომაა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის და საბოლოო დიაგნოზს განსაზღვრავს.
  • როგორ ხდება პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების მკურნალობა?

რუდიკო ჯიგანია: იმ შემთხვევაში თუ ნერვის მთლიანობა არაა დარღვეული, ვიწყებთ კონსერვატიულ მკურნალობას, რაც პრეპარატებითა და ფიზიოთერაპიით კომბინირებულ მკურნალობას გულისხმობს. თუ შედეგი არ გვაქვს, სხვადასხვა მიდგომით, ქირურგიულ ჩარევაზე გადავდივართ, იქნება ეს ნერვის მთლიანობის აღდგენა, ნერვის ნევროლიზი თუ ენდონევროლიზი.

  • კომპიუტერთან მუშაობისასაც კი ხელზე არასწორმა დატვირთვამ შესაძლოა, პირველი სამი თითის გაბუჟება და სისტემატიური ტკივილი გამოიწვიოს, რაც გვირაბულ სინდრომთანაა დაკავშირებული. უფრო ვრცლად რომ გავაცნოთ მკითხველს მისი არსი:

რუდიკო ჯიგანია: გვირაბის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბებში კომპერსიითაა (მოჭყლეტვით) გამოწვეული. ანატომიური გვირაბის კედლები წარმოდგენილია ისეთი სტრუქტურებით, როგორებიცაა: ძვლები, მყესები და კუნთები. ჩვეულებრივ, გვირაბებში გადის პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვები, მაგრამ გარკვეული პათოლოგიურ-ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგად არხი ვიწროვდება, რაც ნერვზე ზეწოლას იწვევს.

გვირაბული სინდრომი კიდურების ძვლების მოტეხილობამ, იდაყვის ძვლის ტრავმამ, დიდი ხნით ერთ პოზაში ჯდომამ, შაქრიანმა დიაბეტმა და სხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს.

  • რა სიმპტომები ახასიათებს გვირაბულ სინდრომებს?

რუდიკო ჯიგანია: არსებობს სხვადასხვა ტიპის გვირაბული სინდრომი, შემდეგი სიმპტომატიკით:

კარპალური არხის სინდრომი (შუათანა ნერვის ნეიროპათია) - ახასიათებს დაბუჟების შეგრძნება მტევნის I, II, III და IV თითის ნახევარში, თითებში აუტანელი ტკივილები, რომელიც არ ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებლებს. პაციენტები ტკივილისგან იღვიძებენ, მგონია მდუღარე გადამასხესო, ზოგი დენის დარტყმასთან აიგივებს შეგრძნებას. კარპალური არხის სინდრომი კისრის ოსტეოქონდროზის დროს არსებულ ჩივილებს მოგვაგონებს.

კუბიტალური არხის სინდრომი (იდაყვის ნერვის ნეიროპათია) - ახასიათებს დაბუჟების შეგრძნება მტევანში, ნაწილობრივ მეოთხე და მეხუთე თითში, სისუსტე მტევანსა და მეოთხე და მეხუთე თითში, მეოთხე, მეხუთე თითების გაშლის გართულება, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის კუნთის განლევა.

სხივის ნერვის ნეიროპათია - სხივის ნერვის ნეიროპათიის ძირითადი კლინიკური სიმპტომი მტევნის ჩამოვარდნაა, რაც მაჯისა და თითების გამშლელი კუნთების პარეზითაა გამოწვეული. პაციენტი ვერ ახერხებს თითებისა და მტევნის გაშლას.

მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია - ამ დროს შეუძლებელია ტერფისა და თითების გაშლა, მგრძნობელობითი დარღვევები წარმოიქმნება წვივის გარეთა ზედაპირსა და ტერფის უკანა ზედაპირზე.

მხრის წნულის ნეიროპათია - მხრის წნულის დაზიანება პერიფერიულ ნერვულ სისტემაში ერთერთ ყველაზე რთულს და ძნელად აღსადგენ პათოლოგიას წარმოადგენს. დაზიანების დროს მთლიან კიდურზე ვლინდება როგორც მამოძრავებელი, ასევე მგძნობიარე ფუნქციის დაკარგვა.

დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია - დიდი წვივის ნერვის დაზიანება იწვევს ტერფისა და თითების მომხრელი კუნთების და ტერფის მომზიდველი კუნთების დამბლას.

მგრძნობიარობის დარღვევები ვითარდება წვივის უკანა ზედაპირზე, ტერფზე, თითების დორსალურ ზედაპირზე.

  • გვირაბული სინდრომების მკურნალობის რა მეთოდებია დანერგილი „ნიუ ჰოსპიტალსში“?

რუდიკო ჯიგანია: გვირაბული სინდრომისას პაციენტების 20-25% კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება, 6-თვიანი კურსის გავლის შემდეგ თუ სასურველი შედეგი არ მიიღება, ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. არსებობს ოქროს სტანდარტებით დადგენილი სხვადასხვა მეთოდი: ნერვის ნევროლიზი ან ენდონევროლიზი, ნერვის დეკომპრესია გვირაბულ არხებში, ნერვის ტრანსპოზიცია, გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილება.

  • არსებობს პერიფერიული ნერვების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორია მათი მკურნალობის გზები?

რუდიკო ჯიგანია: პერიფერიული ნერვების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორებიცაა: შვანომა, ნეიროფიბრომა, ავთვისებიანი სიმსივნე პერიფერიული ნერვის გარსიდან, ბარრე-მასსონის სიმსივნე, წარმოიქმნება პერიფერიული ნერვებიდან, რაიმე ზემოქმედების გარეშე. ხოლო რაც შეეხება მორტონის ნევრომას, ის ტერფის ნერვის დაზიანების შედეგად ვითარდება. სიმსივნეების მკურნალობა, იქნება ეს ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი, მხოლოდ ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი.

რომ შევაჯამოთ, პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და რთული ტრავმაა, რომელსაც დროული მკურნალობა სჭირდება. საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსის გავლა. საბედნიეროდ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მომსახურების სრული პაკეტის მიღება ქვეყნიდან გაუსვლელად, „ნიუ ჰოსპიტალსში“ შეგვიძლია.

R. 

წაიკითხეთ სრულად