Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება შეიზღუდება

პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება შეიზღუდება

პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება შეიზღუდება - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს. "ბავშვის უფლებათა კოდექსის" ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს. თუ რა ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად, იხილეთ ქვემოთ:

მაუწყებლობის შესახებ კანონის 56 2 მუხლი:

18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;

ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;

გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;

დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);

ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;

თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;

ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;

კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;

ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;

მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

ამასთან, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;

ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

ა) მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს,'' - აღნიშნავს სოფო კილაძე. 

წაიკითხეთ სრულად