Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ორი ფუნდამენტური უფლებაა ადამიანის: ჯანმრთელობისა და განათლების უფლება. არცერთის წართმევა არ უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე,” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ მობილობის ზრდასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების ზრდის ტენდენციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მოსალოდნელი იყო:

„ფაქტია, რომ მობილობის ზრდასთან ერთად იზრდება დაავადება და მისი გავრცელება, ამას ვერ გავექცევით. არ ვთვლი, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულად უნდა გავწიროთ. მიმაჩნია, რომ განათლებას თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში. საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ მომავალ თაობას ძალიან სრულფასოვანი განათლება მისცეს, როგორ, რა საშუალებით და რა ხერხებით, ეს სხვა თემაა.“

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის და განათლების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, რის გამოც არ შეიძლება მათ რომელიმე მათგანი წაერთვათ:

„ეს ორი ფუნდამენტური უფლებაა ადამიანის: ჯანმრთელობისა და განათლების უფლება. არცერთის წართმევა არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს, ერთი მეორის ხარჯზე. ესეც, ალბათ, მოდელირების პრინციპით შეიძლება წავიდეთ. ჩვენ ვიცით, რომ გაიზრდება მობილობა, გაგვეზრდება შემთხვევათა რაოდენობა. არის კიდევ მოცემულობები, რომლებიც ცნობილი გახდა ვირუსის შესახებ. ათ წლამდე ასაკში ვირუსით ინფიცირებული ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან სხვებისთვის. ისინი დაბალი ხარისხის გამავრცელებლებად ითვლებიან, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა ჰიპოთეზის სახით და ჯერ სრულად დამტკიცებული არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები სრულიად არ გადასდებენ სხვას, არა, გადასდებენ, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც მოზრდილები.“

„თუ მცირე ასაკის ბავშვებს მივცემთ იმის უფლებას, რომ ისინი ივლიან სკოლაში, იქ დაცული იქნება წესები, რომ გავრცელების რისკები დავწიოთ დაბლა. თუ რომელიმე კლასში აღმოგვაჩნდა შემთხვევა, იქნებ მოვიაზროთ ამ კლასის დროებითი იზოლაციის და დისტანციურ სწავლებაზე გაყვანის პრინციპი და არა მთელი სკოლის, თუ ეს კლასი იქნებოდა სწავლისა და შესვენების პროცესში რამდენადმე დისტანცირებული სხვა კლასებისგან, თუ მასწავლებლები ზედმიწევნით დაიცავდნენ რეკომენდებულ ჰიგიენურ წესებს. ეს გულისხმობს, რომ მასწავლებლები ბავშვებთან დაიცავენ დისტანციას, ერთმანეთთან ურთიერთობის დროს ეკეთებათ ნიღაბი. ეს ის პერიოდია, როდესაც კვლევა-ძიების და შემთხვევითი შერჩევების ან შეცდომების ხარჯზე უნდა დაიწყოს სრულფასოვანი სწავლის პროცესი, განსაკუთრებით, ალბათ, დაბალკლასელთათვის. მომავალში ცნობილი უფრო მეტი რამ გახდება, უფრო მეტს შევძლებთ, მეტად ჩამოყალიბდება ტექნიკური შესაძლებლობები განათლების მიწოდებისთვის, რომ გვქონდეს პროცესი, რომლის მართვაც შეიძლება და სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ დაავადებულებს,“ - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად