Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ უნდა ვუთხრათ ბავშვს: „50 შეკითხვას ნუ მისვამ, დავიღალე!“ მესმის, რომ დავიღალეთ, მაგრამ შეგვიძლია ზრდილობიანად დავასრულოთ საუბარი,“ - ცირა ბარქაია

„არ უნდა ვუთხრათ ბავშვს: „50 შეკითხვას ნუ მისვამ, დავიღალე!“  მესმის, რომ დავიღალეთ, მაგრამ შეგვიძლია ზრდილობიანად დავასრულოთ საუბარი,“ - ცირა ბარქაია

ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ 3-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებსა და თავისებურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ასაკის ბავშვებს უნდა მივცეთ ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მათი უნარების განვითარებას:

„3-5 წლის ასაკი არის ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ​მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკში მივცეთ ადამიანს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს და არა ის, რომ მოემზადოს ცხოვრებისთვის. ნებისმიერ ასაკში არის რაღაც უნარები, რომელსაც ჩვენ ამ ასაკში ხელი უნდა შევუწყოთ. რვა წლის ჩათვლით ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლისა და განვითარების სტრატეგია. ეს არის ყველაზე წამყვანი ქცევა, რომლითაც ბავშვი სწავლობს. ამ ასაკში ბავშვი ინიციატივიანია, სიჯიუტე დავარქვით ამას, ბავშვი ჯიუტობსო. სინამდვილეში ამ ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება იყოს ინიციატივიანი, დასვას შეკითხვები, გამოთქვას თავისი აზრები.“

ცირა ბარქაიას თქმით, ბავშვს ყოველდღიურად უნდა მივცეთ გარკვეული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მას ისე მოვექცეთ, როგორც პიროვნებას:

„ყოველდღე ასე რომ ვურთიერთობთ ბავშვთან და პატარ-პატარა არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ, ჩვენ ვუწყობთ ხელს იმ უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია, რომ ამ ასაკში გამომუშავდეს. ​ზღვარი გადის იმაზე, რომ პატივისცემით ვეურთიერთებით ადამიანს. ცხადია, ბავშვის უფლებების რეალიზება ან ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვმა უპირობოდ, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე რაც მოესურვება ის აკეთოს. 3-5 წლის ასაკი ის ასაკია, როდესაც ბავშვს სოციალური თვალსაზრისით შეუძლია გაიგოს ის წესები, რასაც ჩვენ მას შევთავაზებთ. რაც მთავარია, ზრდასრულებიც ამ წესების დაცვაში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ ჩვენ 3-5 წლის ასაკის ბავშვს ვეუბნებით: „რომ გაივლი, მეზობელს უნდა მიესალმო,“ ცხადია, უფრო იმით ისწავლის, რომ ჩვენ ვესალმებით მეზობლებს.“

„აღზრდა არის კარგი დანიავება. როგორ დავუნიავებ ბავშვს, იმის მიხედვით ყალიბდება მისი პიროვნება. პიროვნება ყალიბდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ ასაკში ყალიბდება იდენტობა, ყალიბდება ის, რომ ჩემგან განსხვავებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ჩემგან განსხვავებული სურვილები და ინტერესები. ეგოცენტრული არსება აღარ ვარ. ამ ასაკში ორი გზა არის, საით წავა ბავშვი. არ უნდა ვუთხრათ ბავშვს: „50 შეკითხვას ნუ მისვამ, დავიღალე!“ მესმის, რომ დავიღალეთ, მაგრამ შეგვიძლია ზრდილობიანად დავასრულოთ საუბარი ამ კონკრეტულ ვითარებაში. ​თუ ძალიან ჩავახშობთ ბავშვს, ჩახშული და დაშინებულია ბავშვი. ამის გამო შესაბამის შედეგებს ვპოულობთ ზრდასრულობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ცირა ბარქაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად