Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიზიკური დასჯა როდესაც არის ბავშვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს,“ - ყარამან ფაღავა

„ფიზიკური დასჯა როდესაც არის ბავშვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის დასჯის სწორი და არასწორი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ბავშვთან ემოციების გამოხატვის მნიშვნელობას:

„ფიზიკური დასჯა როდესაც არის ბავშვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს. ​როგორ შეიძლება პატარას გალახვ​ა?! ემოციის გამოხატვა შეიძლება, თუ რაღაც არ მოგწონს. გაუცინეთ, გაუღიმეთ, მაგრამ თუ გაბრაზდებით, ეს გაბრაზებაც უნდა გამოიჩინოთ. ისიც დაინახავს ამას, არავის არ უნდა, რომ მშობელი მასზე გაბრაზებული იყოს. თუ რამე კარგი აქვს ბავშვს, ნუ დაგენანებათ კომპლიმენტის თქმა. სასჯელის გადავადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. „კვირის ბოლოს მე შენ დაგსჯი,“ - თუ დასჯა გინდა, ახლავე დასაჯე. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვი სულ იმის შიშშია, რომ რაღაცას უზამენ.“

​ყარამან ფაღავას თქმით, ბავშვის მოსყიდვა შეცდომაა და მსგავსი დამოკიდებულება მას ვნებს:

„მოსყიდვა არ ვარგა. ბავშვის და ადამიანის გაფუჭებაა. „ამას მოგცემ, სამაგიეროდ შენ ეს გააკეთე,“ - არა! „ამას მოგცემ, იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ, შენ ეს გევალება, იმიტომ, რომ მშობელი გაახარო.“ არა იმიტომ, რომ რაღაც ფულს გაძლევენ.“

ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ მშობლის მხრიდან ბავშვის განვითარების მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია:

„მთავარი არის განვითარების მონიტორინგი. ყველას უნდა, რომ შვილი კარგი ჰყავდეს, ამიტომაც ადარებს სხვებს. ნუ შევედარებით საშუალოს. სჯობს შევედაროთ საუკეთესოს. ეს სწრაფვა უნდა იყოს, რომ ჩვენი შვილი იყოს საუკეთესო. ზოგჯერ ეს არ გამოდის. ამაშიც არ არის ტრაგედია. განვითარების ტემპი სხვადასხვაა. ზოგიერთი სწრაფად ვითარდება, ზოგიერთი ნელა ვითარდება. მთავარი ის არის, რომ ​ბავშვი უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის.

​განვითარების მონიტორინგზე როდესაც ვსაუბრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის რჩევებს. ხშირად ექიმთან მიჰყავთ, ახველებს ბავშვს, სურდო აქვსო. ჩემთან როდესაც მოჰყავთ ავადმყოფი, ყოველთვის ვკითხულობ, რა წიგნს კითხულობს, თვითონ თამაშობს თუ არა. შეუძლია თუ არა ლოგიკური თამაშების გაკეთება. მთავარი ძალისხმევა უნდა იყოს, რომ ბავშვს ვასწავლოთ კარგი კითხვა. ძალიან კარგი საშუალებაა ერთად საქმიანობა. ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტი არის ბავშვის ჩაბმა ჩვენს ყოველდღიურობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად