Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მამა უნდა იყოს ემოციურად ხელმისაწვდომი. ბიჭსაც და გოგოსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე დაელაპარაკოს მამას,“ - მაია ბოჭორიშვილი

„მამა უნდა იყოს ემოციურად ხელმისაწვდომი. ბიჭსაც და გოგოსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე დაელაპარაკოს მამას,“ - მაია ბოჭორიშვილი

ფსიქოანალიტიკოსმა მაია ბოჭორიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში მამის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კარგი მამა ბავშვისთვის ემოციურად ხელმისაწვდომია:

„ყველანი მოვხვედრილვართ სუფრასთან. თამადა ამბობს: „ეს კაცი ისეთი არაჩვეულებრივი ქმარია, გადასარევი ადამიანია.“ გულის სიღრმეში სულ მქონდა განცდა: საიდან იცის ამ ადამიანმა, როგორი ქმარია ეს კაცი?!​ ვინ არის კარგი მამა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მამის შვილმა იცის, მაგრამ არსებობს ზოგადი რჩევები, რომლებიც მამებმა სასურველი იქნება, რომ გაითვალისწინონ. მამა უნდა იყოს ემოციურად ხელმისაწვდომი. ბიჭსაც და გოგოსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ემოციურად მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაელაპარაკოს მამას. ბავშვს შიგნიდან არ უნდა ჰქონდეს თემები, რომ მე ამაზე მამას არ ველაპარაკები, მე ამაზე ველაპარაკები მარტო დედას. მარტო მამას შეუძლია, რომ ასეთი ატმოსფერო შექმნას თავის შვილთან, რომ ის იყოს ღია მთელი ინფორმაციის მისაღებად. კარგი მამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ დაიტიოს შვილის მოწოდებული ინფორმაცია და იმ წუთას არ ჰქონდეს რეაგირება, თუ არ მოსწონს, რასაც შვილი ეუბნება.“

მაია ბოჭორიშვილმა ​მამებს ურჩია, თანაგრძნობა გამოხატონ ბავშვის მიმართ, როდესაც ის გარკვეული პრობლემის შესახებ საუბრობს:

„მეორე არის ის, რომ თანაგრძნობის გამოხატვა შეგვეძლოს ბავშვისთვის. ბავშვისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ის, რითაც ის ჩემთან მოდის და ჩემთვის ეს იყოს ძალიან სასაცილო. მოსმენაში იგულისმება ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი არ დავაკომენტაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ვიღაცასთან ვიჩხუბეზე“ არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ რჩევა მისცე. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება რჩევა. გააჟღეროს ბავშვმა, დაიტიე და ჰკითხე: „შენ როგორ ფიქრობ, რა მოხდა მაგ დროს? რისი გაკეთება გინდოდა? რა გააკეთე და რას ნანობ?“ შეეცადეთ, რომ თქვენი გამოცდილების და ხასიათის პროეცირება არ მოახდინოთ.“

„რაღაც ასაკი არის, როდესაც კარგად მოდიან მამა და შვილი, მერე ცოტა ეს ურთიერთობა ირევა. ყურადღებიანი მამა ამჩნევს ამ ასაკის დაწყებას ვაჟში და ახერხებს, რომ უკიდურეს დაპირისპირებაში არ გადაიტანოს ეს. ​ხანდახან არ არის ჩვენთვის მისაღები, რასაც ჩვენი შვილები ამბობენ და აკეთებენ. ამის თქმაც შეიძლება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს კატეგორიული, აგრესიული ფორმით. ეს არ უნდა იყოს ძალიან ხშირად. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხშირი კონფრონტაცია ანგრევს იმ ძალიან ფაქიზ ურთიერთობას მშობლებთან, რომელიც ისედაც ძალიან მყიფე ხდება გარდამავალ ასაკში. უფროსები უნდა გავუფრთხილდეთ ამ ნდობის შენარჩუნებას ბავშვებთან,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ ისაუბრა.

წყარო: ​„ნაშუადღევს“

წაიკითხეთ სრულად