Baby Bag

ეს პროდუქტები მუცლის ცხიმთან ბრძოლაში დაგეხმარებათ - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

ეს პროდუქტები მუცლის ცხიმთან ბრძოლაში დაგეხმარებათ - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მუცლის ცხიმთან ბრძოლისთვის საუკეთესო პროდუქტები დაასახელა:

„ძალიან მნიშვნელოვანია ცილოვანი პროდუქტები. გამორჩეულად რეკომენდაციას აძლევენ ჰოლანდიურ ყველს, რომელსაც პროტეინული შემცველობა აქვს ძალიან მაღალი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რძე, ხაჭო. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხიმები: თევზი, თხილეული. ეს არის იდეალური საკვები პროდუქტები, რომლებიც დღის გამავლობაში რაციონში შეიძლება ყველა ერთად არ იყოს, მაგრამ უნდა დავაბალანსოთ აუცილებლად.

თხილეულის მირთმევის ოქროს წესია, რომ უნდა მივირთვათ იმდენი, რამდენიც ჩაგვეტევა მუჭში. ეს არის თხილეულის მიღების დღიური ნორმა. მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და მუცლის ცხიმს ებრძვის წითელი წიწაკა. ვისაც უყვარს წითელი წიწაკა, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ ბრძოლაში. წითელი წიწაკა შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ნივთიერებას, რომელსაც კაფსაიცინი ეწოდება. გარდა ამ სასარგებლო თვისებებისა მას გამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. თუ პირდაპირ შეგიძლიათ წითელი წიწაკის მირთმევა, ეს ძალიან კარგია. წიწაკა ცხვირს ხსნის, სხვათა შორის და ვისაც ქრონიკული სინუსიტები აქვს, კაფსაიცინი გახსნის წიაღებს, გამონადენს გაასუფთავებს და ძალიან სასარგებლოა ცხვირისა და დამატებითი წიაღებისთვის,“- მოცემულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად