Baby Bag

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობისას გამოვლენილი სიმპტომებისა და მსგავს შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„რაც შეეხება ჭიებს, ამ დროს ძალიან ხშირია ჰიპერსალივაცია, ანუ ნერწყვდენა, ქავილი, მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი სიმპტომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ბავშვს აქვს ჭიები. რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა ჩავატაროთ პარაზიტოლოგიური კვლევა. ამ ტიპის კვლევა შეიძლება ჩატარდეს სისხლით, შეიძლება განავლით.

არსებობს წვრილი ენტერობიუსის ჭიები. ეს ჭიები ადამიანთან მუდმივად თანაცხოვრებაშია, სანამ ბავშვი ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ ისწავლის, მაგრამ ჭიის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ეს ენტერობიუსის წვრილი ჭიები. ანალიზმა უნდა განსაზღვროს რომელი ჭიაა. თუ არის რაიმე რთული ჭია ვმკურნალობთ. ენტერობიუსის ჭიას ვუმკურნალებთ, მივცემთ ამ მძიმე მედიკამენტს, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი კვლავ ჩაიდებს პირში ხელს, კვლავ არ დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს და კვლავ გაჩნდება ეს ენტერობიუსის ჭიები. ამიტომ, შეგვიძლია, მათ ადგილობრივად უფრო მივხედოთ.

ნებისმიერი პრობლემის დროს მნიშვნელოვანია ექიმის რჩევების გათვალისწინება და არა სამზარეულოში მეზობლებისგან და ახლობლებისგან მიღებული რჩევებით მოქმედება,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძირითადი ძალადობა ოჯახში არის ქალებს შორის, დედამთილს და რძალს შორის,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ძირითადი ძალადობა ოჯახში არის ქალებს შორის, დედამთილს და რძალს შორის,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ოჯახური ძალადობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები მასთან ხშირად მიდიან:

„მე არ მქონია შემთხვევა, თუ ადამიანი წამოგვყვა, რომ ოჯახი არ გადაგვერჩინოს. ჩვენთან ოჯახური ძალადობის პრობლემითაც მოდიან. ძალიან ხშირად დავხმარებივართ და ​ძალიან მძიმე მდგომარეობიდანაც გამოგვიყვანია ოჯახები, შეგვირიგებია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გვინახავს, რომ ამ ოჯახში უკვე 1 %-იც არ არსებობს შანსი ამ ადამიანების ერთად ყოფნისა. ასეთ დროს პირიქით, მიგვიცია უფლება, რომ ეს ოჯახები დანგრეულიყო. არაფერი აღარ არსებობს იქ. ადამიანს თვითონ არ უნდა საკუთარ თავთან შრომა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაიწყებს შრომას საკუთარ თავთან, ბრძოლას ამ ყველაფერთან, მას შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს, ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.“

დეკანოზის თქმით, ოჯახურ დაპირსპირებას არაერთი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის უმთავრესი უსიყვარულობაა:

„საიდან მოდის დაპირისპირება ოჯახში? უამრავი მიზეზია. ეს შეიძლება იყოს სიდუხჭირე, ფსიქოლოგიური პრობლემები, გარემო პირობები, უამრავი პრობლემა გვაქვს დღეს. პირველი პრობლემა, რაც არის, ​ეს არის უსიყვარულობის პრობლემა. ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს კარგავენ, კარგავენ ერთმანეთის პატივისცემას. თუ შენ გემუქრება სიკვდილი მეუღლისგან, უნდა დაანგრიო ეს ოჯახი. ერთ-ერთი მიზეზი ოჯახის დანგრევის ესეც არის, როდესაც ადამიანი საშიშროებას ქმნის.“

მამა შალვა კეკელიამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძირითადი ძალადობა რძალსა და დედამთილს შორის ხდება:

„ჩვენ ხშირად ამ თემას გავურბივართ. სულ როგორ ჭრილში აჩვენებენ ხოლმე, რომ კაცები ძალადობენ ქალებზე. ძირითადი ძალადობა ოჯახში არის ქალებს შორის, დედამთილს და რძალს შორის. ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა იმის გამო, რომ ​რძალი და დედამთილი ერთმანეთს ვერ უგებენ. კაცი იჭყლიტება ამ შემთხვევაში. რამდენი კაცი მოსულა ჩემთან და უთქვამს: „რა გავაკეთო? ეს ცოლია, ეს დედაა...“ მარტო ცალმხრივი საუბარი არ შეიძლება. ერში იყო ასეთი ტრადიცია. კაცი, რომელიც ქალზე ხელს აწევდა, იმ კაცს ადამიანი გვერდით არ დაიჯენდა. იმ კაცს სუფრასთან არავინ არ დაისვამდა. როგორ შეიძლება შენ ქალზე ხელი აღმართო? დღეს თუნდაც ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ, ესეც საშინელებაა. როგორ შეიძლება კაცი ასე იქცეოდეს?! რა არის კაცობა? კაცობა არის არა სქესის აღმნიშვნელი სიტყვა, არამედ მდგომარეობის. შეიძლება ადამიანი იყო, მაგრამ კაცი არ იყო, ანუ თვისებები კაცისა არ გქონდეს. მთელი ცხოვრება შეიძლება ისე გაატარო, რომ კაცი ვერ გახდე ვერასდროს. პრობლემები, რაც შეიძლება წარმოიშვას ძალადობასთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს ორივე მხრიდან.“

„პირველი მიზეზი, რისგანაც მოდის ოჯახში ძალადობა არის აღზრდა, განათლება, დიალოგის არარსებობა ცოლსა და ქმარს შორის. დღეს ოჯახების 90 %-ში საუბარი არ ხდება. ადამიანების ერთმანეთის არ ესმით. ​ძალადობა მეორე რადიკალური და უმძიმესი მხარეა, რომელსაც ვერაფერი ვერ გამოიწვევს, შენ თუ ასეთი არ გახდი. ძალიან ბევრჯერ ადამიანი გამიგზავნია თავშესაფარში, სხვანაირად ვერ მოვარიდებდი ამ ოჯახს. მითქვამს, რომ უცხოეთში იმყოფება. ზოგჯერ ისეა დატყვევებული ცოლი, რომ ვერც ჩვენ ვერ ვეხმარებით. საშინლად მოექცა ქმარი, მეორე დღეს მოდის, სხვანაირად გველაპარაკება. კარგი ადამიანი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს. მე ძალიან ბევრჯერ გამოვსულვარ წყობიდან, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი ვარ. ადამიანები იდეალურები არ ვართ. სანამ იდეალური არ გახდება ადამიანი, იდეალური ურთიერთობები არ იქნება,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო:​ „რა დროს ძილია“

წაიკითხეთ სრულად