Baby Bag

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობისას გამოვლენილი სიმპტომებისა და მსგავს შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„რაც შეეხება ჭიებს, ამ დროს ძალიან ხშირია ჰიპერსალივაცია, ანუ ნერწყვდენა, ქავილი, მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი სიმპტომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ბავშვს აქვს ჭიები. რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა ჩავატაროთ პარაზიტოლოგიური კვლევა. ამ ტიპის კვლევა შეიძლება ჩატარდეს სისხლით, შეიძლება განავლით.

არსებობს წვრილი ენტერობიუსის ჭიები. ეს ჭიები ადამიანთან მუდმივად თანაცხოვრებაშია, სანამ ბავშვი ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ ისწავლის, მაგრამ ჭიის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ეს ენტერობიუსის წვრილი ჭიები. ანალიზმა უნდა განსაზღვროს რომელი ჭიაა. თუ არის რაიმე რთული ჭია ვმკურნალობთ. ენტერობიუსის ჭიას ვუმკურნალებთ, მივცემთ ამ მძიმე მედიკამენტს, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი კვლავ ჩაიდებს პირში ხელს, კვლავ არ დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს და კვლავ გაჩნდება ეს ენტერობიუსის ჭიები. ამიტომ, შეგვიძლია, მათ ადგილობრივად უფრო მივხედოთ.

ნებისმიერი პრობლემის დროს მნიშვნელოვანია ექიმის რჩევების გათვალისწინება და არა სამზარეულოში მეზობლებისგან და ახლობლებისგან მიღებული რჩევებით მოქმედება,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩუმი ჰიპოქსია ნიშნავს ჟანგბადის ნაკლებ კონცენტრაციას, როდესაც პაციენტებს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება არ აქვთ,“ - თამაზ მაღლაკელიძე

„ჩუმი ჰიპოქსია ნიშნავს ჟანგბადის ნაკლებ კონცენტრაციას, როდესაც პაციენტებს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება არ აქვთ,“ - თამაზ მაღლაკელიძე

პულმონოლოგმა თამაზ მაღლაკელიძემ ჩუმი ჰიპოქსიის შესახებ ისაუბრა, რომელიც კოვიდით დაავადებულ პაციენტებს ემართებათ. მან აღნიშნა, რომ ჩუმი ჰიპოქსიის დროს ადამიანი ვერ გრძნობს, რომ მას ჰაერის უკმარისობა აქვს:

„ამ ვირუსმა შეცვალა დაავადების მიმდინარეობა. ​ჩვეულებრივი პნევმონია არ მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს კოვიდ-19-ის დროს. კოვიდ-19-ის დროს დისტრეს სინდრომი განსხვავდება ჩვეულებრივად მიმდინარე დისტრეს სინდრომისგან. ჩუმი ჰიპოქსია ნიშნავს ჟანგბადის ნაკლებ კონცენტრაციას. რას ნიშნავს, რომ პაციენტები ჩუმი ჰიპოქსიით არიან? ისინი კითხულობენ, ტელეფონზე თამაშობენ და სუბიექტური შეგრძნება ქოშინის, ჰაერის უკმარისობის არ აქვთ. მთავარი ის არის ჩუმი ჰიპოქსიის დროს, რომ შენარჩუნებულია ფილტვის ქსოვილის ელასტიურობა. ფილტვის ქსოვილს შეუძლია გამოდევნოს ნახშირორჟანგი.“

თამაზ მაღლაკელიძის თქმით, მეორე ფაზის დროს ფილტვი ნახშირორჟანგს ვეღარ გამოდევნის და პაციენტი მძიმდება:

„მეორე ფაზა დგება, როდესაც ფილტვის ქსოვილი ხდება ხისტი. როდესაც იკარგება ელასტიურობა და ფილტვები ხდება ხისტი, ის უკვე ვეღარ გამოდევნის ნახშირორჟანგს, გროვდება ნახშირორჟანგი და ​ამას მივყავართ მძიმე ჰაერის უკმარისობამდე. პულსოქსიმეტრს შეუძლია ადრეულ ეტაპებზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, დაადგინოს ჟანგბადის შემცველობა.“

„პულსოქსიმეტრით გაზომვისას ნორმად ითვლება 94-100 %. ავღნიშნე, რომ შეიძლება პაციენტები კითხულობდნენ, ტელევიზორს უყურებდნენ, გაუზომო პულსოქსიმეტრით და აღმოჩნდეს, რომ ჟ​ანგბადის მაჩვენებელი 50 %-ია. ეს იმავეს ნიშნავს, რომ ევერესტზე არიან. ადვილია პულსოქსიმეტრის მოხმარება. ამ პერიოდში თითოეულ ოჯახში, როგორც თერმომეტრს ვხმარობთ, ისევე უნდა იყოს პულსოქსიმეტრი. როდესაც ადამიანი ელასტიურობიდან გადადის ხისტ ფაზაში, უცბად მძიმდება პაციენტი, კარგავს გონებას და გადადის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ - აღიშნულ საკითხებზე თამაზ მაღლაკელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად