Baby Bag

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობისას გამოვლენილი სიმპტომებისა და მსგავს შემთხვევაში რეკომენდებული მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„რაც შეეხება ჭიებს, ამ დროს ძალიან ხშირია ჰიპერსალივაცია, ანუ ნერწყვდენა, ქავილი, მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი სიმპტომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ბავშვს აქვს ჭიები. რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა ჩავატაროთ პარაზიტოლოგიური კვლევა. ამ ტიპის კვლევა შეიძლება ჩატარდეს სისხლით, შეიძლება განავლით.

არსებობს წვრილი ენტერობიუსის ჭიები. ეს ჭიები ადამიანთან მუდმივად თანაცხოვრებაშია, სანამ ბავშვი ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ ისწავლის, მაგრამ ჭიის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიურია, ვიდრე ეს ენტერობიუსის წვრილი ჭიები. ანალიზმა უნდა განსაზღვროს რომელი ჭიაა. თუ არის რაიმე რთული ჭია ვმკურნალობთ. ენტერობიუსის ჭიას ვუმკურნალებთ, მივცემთ ამ მძიმე მედიკამენტს, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი კვლავ ჩაიდებს პირში ხელს, კვლავ არ დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს და კვლავ გაჩნდება ეს ენტერობიუსის ჭიები. ამიტომ, შეგვიძლია, მათ ადგილობრივად უფრო მივხედოთ.

ნებისმიერი პრობლემის დროს მნიშვნელოვანია ექიმის რჩევების გათვალისწინება და არა სამზარეულოში მეზობლებისგან და ახლობლებისგან მიღებული რჩევებით მოქმედება,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს''

,,იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს''
ექიმი ზაზა თელია ვიტამინებისა და მულტივიტამინების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს" გაციება და სხვა რიგი ინფექციები. ექიმი მკითხველს 12 რჩევას აძლევს იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

,,საზოგადოებაში სამწუხაროდ გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს (Boost Immune System).

ასევე სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

იმუნური სისტემის ,,გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა სახიფათო იყოს იმის გამო რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.

ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან.

იმისათვის რომ იმუნურმა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და იყოს ძლიერი საჭიროა:

1. ჯანსაღი კვების რუტინა, წყლის მიღება;
2. ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში;
3. მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი;
4. თამბაქოს ელიმინაცია, მეორე და მესამე ხელით მოწევისგან თავის არიდება;
5. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;
6. პირადი ჰიგიენა;
7. წონის კლება, კუნთის ჰიპერტროფია
8. მედიკამენტების მიღების შეზღუდვა

როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და ,,დაამარცხოს" გაციება და სხვა რიგი ინფექციები.

12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

1. ჭამე ხილი და ბოსტნეული - სხვადასხვა ფერები;
2. თავი დაანებე მოწევას;
3. დაკავდი სექსით ხშირად;
4. იყავი პოზიტიურად განწყობილი;
5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე;
6. ივარჯიშე სისტემატიურად, ხშირად;
7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი;
8. გაიცინე ხშირად;
9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება;
10. გქონდეს კარგი ძილი - მინიმუმ 6 საათი;
11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული და პოტენციურად სახიფათოა;
12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი - აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

FIFA Certified Sports Physician - MD Zaza Telia - დავით თელიას კლინიკა - მტკიცებითი მედიცინის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად