Baby Bag

„მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილი არ უნდა იყოს,“- გინეკოლოგი მადონა ჯუღელი მტკივნეული მენსტრუაციის გამომწვევ მიზეზებზე

„მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილი არ უნდა იყოს,“- გინეკოლოგი მადონა ჯუღელი მტკივნეული მენსტრუაციის გამომწვევ მიზეზებზე

გინეკოლოგმა მადონა ჯუღელმა მტკივნეული მენსტრუაციისა და პრემენსტრუალური სინდრომის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მენსტრუაციის დროს ტკივილი ნორმა არ არის:

„მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილი უნდა იყოს მსუბუქი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტკივილი არ უნდა იყოს. ყოველ მენსტრუაციას თან ახლავს ის, რომ ენდომეტრიუმი, ანუ შიდა ლორწოვანი უნდა ჩამოიფრცქვნას. ამაში დიდი რაოდენობით ნივთიერებები მონაწილეობს, რაც სისხლძარღვების კუნთოვან სპაზმს და იშემიას იწვევს. ამას ქალი, რა თქმა უნდა, გრძნობს. შეუძლებელია, რომ ვერ იგრძნოს. ეს არ უნდა იყოს ტკივილი. არ უნდა იყოს ღებინება, კუჭის მოქმედების გახშირება, თავბრუსხვევა, ასოციალურობა. მეტწილად ამ პროცესებს თან ახლავს ის დაავადებები, რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ასეთი მძიმე პრობლემები, ტკივილი, ღებინება, ცხოვრების დაქვეითებული ხარისხი ახლავს ენდომეტრიოზს. თუ ეს პირველადი დისმენორეაა, ტკივილგამაყუჩებლის მიღება მისაღებია პირველ დღეს. ეს არ უნდა მოვითმინოთ. თუ ეს ტკივილი გრძელდება ხანგრძლივად, არ უნდა იყოს მარტო ტკივილის კუპირება. უნდა მივმართოთ ექიმს და გაირკვეს რა დაავადებებთანაა დაკავშირებული ტკივილი.

პრემენსტრუალური პერიოდის დროს ქალბატონის ორგანიზმი ემზადება მენსტურაციისთვის. კვებაზე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ არ გვაქვს სათანადო ენერგეტიკული შესაბამისობა, ნუტრიციულ დეფიციტში ვართ, მაშინ პრემენსტრუალური სინდრომი მეტად მკვეთრად გამოიხატება. როდესაც ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ არა ბუნებრივ ნახშირწყლებს, არამედ ტკბილეულს, ჩვენ მას ვატყუებთ. ენერგეტიკულ ბალანსს ვერ ვავსებთ. ამ დროს მე ვერ ვაკმაყოფილებ იმ შესაბამისობას, რომ საკვერცხემ და მთელმა რეპროდუქციულმა ჯაჭვმა იმუშაოს სწორად. ენდომეტრიუმის ჩამოფრქცქვნას სჭირდება უზომოდ დიდი ენერგია. როდესაც მე არ მძინავს ღამე, მე მაქვს გამოფიტული სისტემა სეროტონინის, დოფამინის, მელატონინის. ამ დროს პრემენსტრუალური სინდრომი არის მძიმედ. ამას ჰქვია დისფორიული სინდრომი, როდესაც მე მჭირდება უკვე დახმარება, როგორც ნევროლოგის, ასევე გინეკოლოგის,“- მოცემულ საკითხზე მადონა ჯუღელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ფრაზებით ბავშვებს შეიძლება ტყუილებს ვასწავლიდეთ,“- ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

„ამ ფრაზებით ბავშვებს შეიძლება ტყუილებს ვასწავლიდეთ,“- ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა უფროსებს ურჩია, არ გამოიყენონ ისეთი ფრაზები, რომელიც ბავშვებს ტყუილს აჩვევს:

„ტყუილს ბავშვები ეჩვევიან ჩვენს მაგალითებზე. ბავშვებთან მიმართებაში ნათქვამი ტყუილების მაგალითები რომ გავიხსენოთ: „დროზე თუ არ დაწვები, პოლიცია მოვა და წაგიყვანს,“ ან „ამ თეფშს თუ არ მოასუფთავებ, უშნო ცოლი გეყოლება.“ ტუილებს ბავშვებს შეიძლება ვასწავლიდეთ უკვე ამ ფრაზებით. ბავშვი მიხვდება, რომ არ დაიძინებს და არც პოლიციელი წაიყვანს, ე.ი. ყველა ატყუებდა. ეს უკვე მოდელი და ნიმუშია, როგორ მოიტყუოს.“

„მატყუარა ადამიანი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი ყოველთვის არსებობს ჩვენში. ლიტერატურის და ფილოსოფიის ყველაზე დიდი ნაწილია, თუ როგორ მიმართებაში მოდის ჩვენი ქცევები და მოქმედებები სინდისთან. დოსტოევსკი ამის მეტს არაფერს არ წერდა, რატომ გვაწუხებს სინდისი. მოდი, გავასუფთავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა ადამიანთან, წმინდა გავხადოთ, ის უფრო ზრუნვაზე დავაფუძნოთ, ვიდრე გამორჩენაზე. უფრო ბედნიერები ვხდებით ამის მერე ყველანი,“- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად