Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ“ - მარი მალაზონია კოვიდ-19-სა და წელის გარშემოწერილობაზე

„არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ“ - მარი მალაზონია კოვიდ-19-სა და წელის გარშემოწერილობაზე

კოვიდ-19 და წელის გარშემოწერილობა - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ავტორი და წამყვანი მარი მალაზონია საუბრობს. 

„​როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ჭარბი წონა, სიმსუქნე, მეტაბოლური გართულებები და კოვიდ-19 სახიფათო კომბინაციაა. არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ. გაიზომეთ თქვენი წელის გარშემოწერილობა. თუ მამაკაცებს აქვთ მონაცემი 94 სმ.-დან 102 სმ.-მდე, ეს საყურადღებოა, თუ 102 სმ.-ს აღემატება თქვენი წელის გარშემოწერილობა, ეს მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ქალების შემთხვევაში, 80 სმ.-დან 88 სმ.-მდე საყურადღებო მონაცემია, 88 სმ. და ზემოთ მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ამიტომ არ გადადოთ, მიუხედავად ყველაფრისა, დაიწყეთ თქვენი ცხოვრების წესის შეფასება, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი ისე, რომ სულ მალე თქვენი წელის გარშემოწერილობა მამაკაცების შემთხვევაში იყოს 94 სმ.-ზე ნაკლები, ხოლო ქალების შემთხვევაში, 80 სმ.-ზე ნაკლები“, - აღნიშნავს მარი მალაზონია.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად