Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

საუკეთესო სუნთქვითი ვარჯიშები კოვიდ-19-თან ბრძოლისა და რეაბილიტაციისთვის - რეაბილიტოლოგი ვალერი მელაძე

საუკეთესო სუნთქვითი ვარჯიშები კოვიდ-19-თან ბრძოლისა და რეაბილიტაციისთვის - რეაბილიტოლოგი ვალერი მელაძე

მეცნიერებათა დოქტორმა, რეაბილიტოლოგმა ვალერი მელაძემ კოვიდ-19-ის პრევენციის, მასთან ეფექტიანად ბრძოლისა და პოსტკოვიდურ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის საჭირო ვარჯიშებზე ისაუბრა. მისი თქმით, სუნთქვითი ვარჯიშები სამივე შემთხვევაში ძალიან ეფექტიანია:

„ცნობილია, რომ სუნთქვა დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის აუცილებელი ფიზიოლოგიური პროცესია. ისიც ცნობილია, რომ ადამიანი სუნთქვის დროს ფილტვებს მთლიანად არ გამოიყენებს. ადამიანი სუნთქავს ზედა ნაწილით, ქვედა ნაწილს ეწოდება ე.წ. მკვდარი ზონა, სადაც ვირუსები და ბაქტერიები გროვდება. ​იმისთვის, რომ სრულყოფილად ვისუნთქოთ, უნდა გავანიავოთ ჩვენი ოთახები. მე თქვენ განახებთ საბაზისო ვარჯიშებს, რომლებიც გამოიყენება დაავადების დროს, პრევენციის დროს და რეაბილიტაციის დროს.“

პირველი ვარჯიში, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის ყველაზე ეფექტიანია, დიაფრაგმალური სუნთქვის ვარჯიშია:

„ფეხები მუხლებში მოვხაროთ, ტერფები ერთმანეთს მივაბჯინოთ, მარჯვენა ხელი მუცელზე, მარცხენა - გულ-მკერდზე დავიდოთ. შესუნთქვა უნდა იყოს ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. ​ეს არის იმისთვის, რომ გავასუფთავოთ ჩვენი ორგანოები, სრულყოფილად ვისუნთქოთ. ამას ჰქვია ე.წ. დიაფრაგმალური სუნთქვა. ეს ვარჯიში უნდა გავაკეთოთ 8-10-ჯერ.“

ვალერი მელაძის თქმით, კოვიდ-19-ის მიმდინარეობის დროს სასარგებლოა ჟგუტის ან ჯოხის გამოყენებით ვარჯიში:

„კოვიდ-19-ის დროს ძალიან კარგია ჟგუტი ან მსგავსი რამ, რომ კუნთოვანი სისტემა ვავარჯიშოთ. ​ჟგუტით ვარჯიშის შესრულებისას უნებურად მიდის ღრმა სუნთქვა. შემდეგი ვარჯიში არის ჯოხით. ვისაც გაქვთ საშუალება. შევისუნთქოთ, ჯოხი ორივე ხელით ავწიოთ ზემოთ, ამოვისუნთქოთ და ჩამოვწიოთ. ვისაც შეუძლია ხელები უკან გადაიტანოს.“

ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად ბოთლით ვარჯიში გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ბუშტის გაბერვა:

„ბოთლით ვარჯიშები შეგვიძლია გამოვიყენოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად. ამ ბოთლს აქვს ექვსი ნახვრეტი, საწრუპი უნდა მოვათავსოთ ბოთლში და ჩავისუნთქოთ. თავიდან ეს უნდა გავაკეთოთ 10-ჯერ, შემდეგ ორი წუთით, ხუთი წუთით. ეს ძალიან ეფექტიანი ვარჯიშია. ეს ვარჯიში უფრო ეფექტიანია, ვიდრე გასაბერი ბუშტები.“

„ეს ​ვირუსი იძლევა ტოქსიკურ ზეგავლენას როგორც თავის ტვინზე, ასევე სხვადასხვა ორგანოებზე. იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პერიოდში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, აუცილებელია აქტიური ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ ზომიერი ვარჯიშები, მაგ. ეს არის ციგუნის ცნობილი ვარჯიშები,“ - აღნიშნულ საკითხზე ვალერი მელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად