Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი და რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა?

თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი და რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა?
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
  • ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს, 
  • ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
  • ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
    ​ 
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია,  კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.

რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა. 

​თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას! 

წაიკითხეთ სრულად