Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია,“ - ბაკურ კოტეტიშვილი ბავშვის სწორი კვების შესახებ

„გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია,“ - ბაკურ კოტეტიშვილი ბავშვის სწორი კვების შესახებ

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეჟიმული კვება ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას გულისხმობს:

​სიტყვა „რეჟიმი“ ხშირად გაგებულია მკაცრად დეტერმინირებულ ფორმად. არავითარ შემთხვევაში! რეჟიმით კვება ნიშნავს ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას. ბავშვმა ცხრაზე, თორმეტსა და სამზე კი არ უნდა ჭამოს, არამედ მისი ბიოლოგიური რიტმის მიხედვით. ამ ბიოლოგიურ რიტმს მისი ტვინი განაპირობებს. გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია. გადამეტებული ულუფის შემდეგ ირთვება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გაცხარებულად მუშაობს ამ პერიოდში. ის აქტიურ ცხოვრების წესს ანელებს. მონელება არ უნდა მოხდეს სირბილის დროს. მონელება მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. ბავშვი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილიანობა ჭარბობს გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ეს სწავლის პროცესის შემაფერხებელია.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, ​ბავშვთა კვებაში ბევრი სტერეოტიპული უზუსტობა არსებობს:

„ძალიან ბევრი სტერეოტიპული უზუსტობებია. სტერეოტიპია, რომ ცხიმი ცუდია, მძიმეა და ა.შ. ცხიმის გარეშე არ არსებობს ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი. ოჯახში თევზისადმი არის ძალიან მანკიერი განწყობა. ოდითგანვე თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი იყო. ტექნოლოგიების წყალობით შენახვის პირობები სხვაა. არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ყველას ყურში ჩაგვესმის ბავშვობიდან: „ფრთხილად ჭამე, ფხა არ გაგეჩხიროს.“ ეს გარკვეული შიში ბავშვში თევზის მიმართ, იწვევს თევზის მიღების დაკეტვას საერთოდ. რაციონიდან ამოდის თევზეული და ეს ძალიან მანკიერი რამ არის ტვინის განვითარებისთვის.“

„რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, ტვინის განვითარება მით უფრო სწორად მიდის. სამწუხაროდ, ესეც სტერეოტიპია, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს რაღაც. უნდა არის კატეგორიული ფენომენი.​ ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, არანაირად არ არის სწორი. ბავშვმა წვნიანი უნდა ჭამოს, მაგრამ აუცილებლად არ უნდა ჭამოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად