Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ - პედიატრ თამარ ობგაიძის რეკომენდაციები

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ - პედიატრ თამარ ობგაიძის რეკომენდაციები

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ, - აღნიშნულ თემაზე ​პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როგორ დავუხვდეთ ვირუსებს მზადყოფნაში? პასუხი ჩვენს იმუნურ სისტემას აქვს - ის ძლიერი უნდა იყოს. იმუნური სისტემის უჯრედები და დაცვის სხვა ფაქტორები წარმაოდგენს ჩვენს დამცველ გვარდიას ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ.

რა უნდა გავაკეთოთ?

თუ თქვენ მწეველი ხართ, შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ თამბაქოს მოხმარება - ის ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებათა განვითარებას, ამცირებს ორგანიზმში C ვიტამინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია, ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო რეაქციების წარმართვისათვის.

​შეწყვიტეთ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება

საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ეს ვიტამინებითა და აუცილებელი მინერალებით სავსე პროდუქტებია, ყველა ამ ნივთიერებას თავისი როლი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.

თუ კვება არაბალანსირებულია, თქვენი ექიმის რჩევით მიიღეთ შესაბამისი საკვები დანამატები

აკონტროლეთ წონა

თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ის - მაღალი არტერიული წნევა გართულებათა ერთ-ერთი განმაპირობებელია

​აუცილებელია სრულფასოვანი ძილი - ღამის ძილის დროს ორგანიზმში ის ნივთიერებები გამომუშავდება, რაც აუცილებელია მიკრობების დასამარცხებლად

​ივარჯიშეთ - რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს და კარგ განწყობასაც შეგიქმნით

აკონტროლეთ სტრესის დონე - სტრესის ჰორმონების ზეგავლენით ანთებითი პროცესების გაქტივება ხდება. მცირდება იმუნურ რეაქციებში მონაწილე უჯრედების რიცხვი

​დაბოლოს, დაიცავით ჰიგიენის წესები - დაიბანეთ ხელები ხშირად, საჭიროებისას გამოიყენეთ ალკოჰოლისშეცველი დეზინფექტანტები, გაწმინდეთ საოფისე მაგიდები, მობილური ტელეფონები, ნივთები, რასაც ხშირად ეხებით, თავი აარიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად დარჩით შინ, თუ ავად ხართ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად