Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

დედებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთ, ისინი მოვლენების განვითარებას წინასწარ პროგნოზირებენ

დედებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთ, ისინი მოვლენების განვითარებას წინასწარ პროგნოზირებენ

ქალის ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერდება, როდესაც ის დედა ხდება. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ორსული ქალბატონების ნერვული სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ძუძუთი კვების დროს ჩვილსა და დედას შორის უძლიერესი კავშირი მყარდება. მარტივი ევოლუციური კანონზომიერებიდან გამომდინარე, სახეობის გასამრავლებლად, ქალს განსაკუთრებული ინსტინქტი ეძლევა, რათა მან ჩვილის დაცვა და ახალ გარემოსთან მისი ადაპტაცია მარტივად შეძლოს.

ქალის სხეულსა და გონებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, როდესაც ის ორსულადაა. თანამედროვე ფსიქოლოგები აქტიურად იკვლევენ, თუ როგორ იცვლება დედის ორგანიზმი და ტვინი, როდესაც ის შვილს აჩენს. დედებს განსაკუთრებით უძლიერდებათ აღქმის და სმენის უნარი. ცნობილია, რომ შვილის ტირილი დედას მაშინაც კი ესმის, როდესაც ბავშვის ხმის გაგონება სხვას არავის შეუძლია. დედებს განსაკუთრებული ინტუიციაც აქვთ და ისინი მოვლენების განვითარებას წინასწარ პროგნოზირებენ.

კვლევებით დგინდება, რომ ორსული ქალის ტვინში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ბავშვის გაჩენიდან სულ ცოტა ორი წლის მანძილზე გრძელდება. ეს ქალს დედობასთან ადაპტაციისთვის ამზადებს. ზოგიერთ შემთხვევაში ორსულობის დროს განვითარებული ცვლილებები ქალს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნარჩუნდება.

ოქსიტოცინი, ენდორფინები და ქალური ჰორმონები ქალის ორგანიზმს მნიშვნელოვნად ცვლიან. ქალი ვერასდროს ივიწყებს შვილის გაჩენის შედეგად გამოწვეულ საოცარ განცდებს. ცხოველების მსგავსად ადამიანებსაც ძლიერი დედობრივი ინსტინქტები აქვთ. ყველა ქალს ბუნებრივად აქვს ბავშვის მოვლისა და გაზრდისთვის საჭირო ცოდნა. ძუძუთი კვების პირველი ეტაპი ბუნებრივი და ინსტინქტური პროცესია. მიუხედავად ამისა, დედები ყოველთვის ცდილობენ, რომ ბავშვის აღზრდის შესახებ ახალი ინფორმაცია მოიძიონ. ისინი ფსიქოლოგების, ექიმების, დედების მოსაზრებას ისმენენ და ითვალისწინებენ, თუმცა, აღნიშნული მოსაზრებები ყოველთვის არ ამართლებს. ზოგიერთ ბავშვთან სტანდარტული მიდგომები არ მუშაობას. ამ დროს დედის ინსტინქტი ირთვება. დედა ყველაზე უკეთ ხვდება, რა უნდა მოიმოქმედოს, რა არის სწორი მის შვილთან მიმართებაში და რა არის შეცდომა.

დედა იმდენად არის ორიენტირებული შვილის ცხოვრებაზე, რომ მისი გონების შესაძლებლობები უსაზღვროა. როდესაც შვილთან მიმართებაში თქვენი ინსტინქტი რაღაც მნიშვნელოვანს გკარნახობთ, ინტუიციას ენდეთ. დედის ინტუიცია წარმოუდგენლად ძლიერია. ბავშვების ბედნიერებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად დედებს ბუნებრივად ებოძათ განსაკუთრებული უნარები, რომელთა გამოყენება მათ მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლიათ.

დედებს ინტუიციის მეტად განთვითარებაში მედიტაციაც ძალიან ეხმარებათ. თუ ძალიან დაკავებული არ ხართ და დღის განმავლობაში საკუთარი თავისთვის რამდენიმე წუთის გამოყოფა შეგიძლიათ, მედიტაციას და რელაქსაციას მიმართეთ, რათა თქვენი განსაკუთრებული უნარები კიდევ უფრო დახვეწოთ და გააძლიეროთ.

მომზადებულია ​synctuition.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად