Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაწვნის გამოყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში არ არის გამართლებული“

„მაწვნის გამოყენება  ჩვილ ბავშვთა კვებაში არ არის გამართლებული“

,,​მაწონი ნამდვილად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მისი ჩვილ ბავშვებთან გამოყენება არ არის გამართლებული'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ჩვილი ბავშვის ნაწლავები არ არის მზად მაწვნის გადასამუშავებლად. რაც შეეხება მაწვნის სახლში მომზადებას, როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, თუ ჰიგიენური ნორმები და წესები დაცულია, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის: 

,,თუ სახლშია მაწონი დაყენებული და ჰიგიენური პირობები კარგად არის დაცული, ზოგჯერ ცხიმიანობის პრობლემაა, მაგრამ თუ ყველაფერი დაცულია, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. ზოგადად, ჩვილ ბავშვებთან მაწვნის გამოყენება არის სადაო თემა, რადგან მათთვის არ არის კარგი პროდუქტი,'' - დასძინა მაია ბუწაშვილმა. 

წყარო: ,,სხვ​ა შუადღე''


წაიკითხეთ სრულად