Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ წლამდე არ შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა,“ - ნინო კამკამიძე

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ წლამდე არ შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა,“ - ნინო კამკამიძე

პედიატრმა ნინო კამკამიძემ ბავშვებში ენტეროვირუსის პრევენციის საკითხე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ვირუსისგან თავდაცვა შესაძლებელია, თუ ჰიგიენის წესებს დავიცავთ:

„ენტეროვირუსისგან თავდაცვა, პირველ რიგში, ხდება ჰიგიენური წესების გამომუშავებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ენტეროვირუსის გადაცემის გზა არის ფეკალურ-ორალური, მისგან დაცვა თავისუფლად შეიძლება ჰიგიენის წესების დაცვით. ​ხშირ შემთხვევაში ადამიანებს სისუფთავე და სტერილობა ერთმანეთში ერევათ ხოლმე. სტერილობა არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენს აუცილებლობას.“

ნინო კამკამიძის თქმით, ბავშვის ზღვაზე წაყვანა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი:

​ბავშვის ზღვაზე წაყვანა ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ წლამდე არ შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა. ყველა ასაკში შეიძლება ბავშვი ზღვაზე წაიყვანო. ზღვა არის გადასარევი საკურორტო ზონა. ყველა ასაკს მოეთხოვება შესაბამისი პირობების შექმნა. რეჟიმი არ უნდა დაირღვეს, ძილ-ღვიძილის რიტმი არ უნდა დაირღვეს. ბავშვმა ის საკვები პროდუქტები უნდა მიიღოს, რაც ასაკობრივად არის გათვლილი.“

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენტეროვირუსი ფეკალურ-ორალური გზით გადადის, რა თქმა უნდა, თუ ბავშვმა ასეთი წყალი ჩაყლაპა ცურვის დროს, ინფიცირების რისკი არის. ენტეროვირუსის მკურნალობა სიმპტომურია. პირველ რიგში, არის სითხით და ელექტროლიტებით დატვირთვა. შეიძლება ბავშვმა არ ჭამოს, დაძალება არ არის რეკომენდებული, მაგრამ სითხის შეთავაზება აუცილებელია. სითხის შეთავაზება უნდა მოხდეს ყლუპ-ყლუპად. ​ყველაზე მნიშვნელოვანი არის სითხით და ელექტროლიტებით დატვირთვა. სიცხის შემთხვევაში სიცხის დამწევი უნდა ვიხმაროთ, თავის ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი, სახლი სველი წესით დავალაგოთ, სათამაშოები ცოტა განსაკუთრებულად გავრეცხოთ. ხანდახან ელექტროლიტებით და სითხით დატვირთვა ვერ ხერხდება, რადგან გაძლიერებული ღებინებაა. ამ დროს ორგანიზმის გაუწყლოვნება რომ არ მოხდეს, მივმართავთ ხოლმე სტაციონარს, რადგან სითხის შევსება გადასხმით უნდა მოხერხდეს,“ - აღნიშნულ თემებზე ნინო კამკამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ჯანმრთელობის ფორმულა“

წაიკითხეთ სრულად