Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პამპერსი არ უნდა ეკეთოს ბავშვს, რადგან ის ხდება ინფექციის წყარო,“ - პედიატრი მაია ქაჩლიშვილი

„ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პამპერსი არ უნდა ეკეთოს ბავშვს, რადგან ის ხდება ინფექციის წყარო,“ - პედიატრი მაია ქაჩლიშვილი

პედიატრმა მაია ქაჩლიშვილმა ჩვილი ბავშვის ჰიგიენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან უფროსებს მოუწოდა, რომ საგარეო ფეხსაცმლით არ შევიდნენ სახლში, თუ იქ ჩვილი ბავშვი იმყოფება:

​ჩვილი ბავშვი რომ დაიბადება, შესაშური ჰიგიენა უნდა დადგეს ოჯახში. ხშირია, რომ ადამიანები ფეხსაცმელს არ იხდიან სახლში შესვლის დროს. როდესაც ბავშვები ფოფხავენ იტაკზე, ხალიჩაზე და იქ ფეხი ხვდება, ეს არის ზუსტად შემდეგ ინფექციის წყარო. ბავშვის საწოვარები და ბავშვის ინვენტარი აუცილებლად უნდა იყოს ცალკე. ბავშვს აქვს თავისი კოვზი, თავისი ჯამი, თავისი თეფში, თავისი ქვაბი, თავისი რამოდენიმე სახის საწოვარა. ესენი მუშავდება აუცილებლად საბავშვო სპეციალური ხსნარით.“

მაია ქაჩლიშვილის თქმით, ბავშვს საბავშვო საფენი ოთხს საათზე მეტხანს არ უნდა ეკეთოს:

​ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პამპერსი არ უნდა ეკეთოს ბავშვს, იმიტომ, რომ ის ხდება ინფექციის წყარო. ის ნაწლავური ინფექციები, რომელსაც ჰქვია „ჭუჭყიანი ხელების დაავადება,“ ძალიან ხშირია ბავშვებში. კორონავირუსის დროს, როდესაც საბავშვო ბაღები, სკოლები არ იყო და ყველა ბავშვი სახლში იჯდა, იყო ნაწლავური ინფექციები, რომელიც სახლიდან მოდიოდა დაბინძურებული ხელით, დაბინძურებული ფეხით, დაბინძურებული სათამაშოთი და საწოვარით.“

​ბავშვის სასუნთქი გზების ჰიგიენა აუცილებლად უნდა იყოს ყოველდღიურად 3-4-ჯერ დღეში. ის არის ინფექციის რეზერვუარი. უნდა მოხდეს მისი ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. მინიმუმ ორი მილილიტრი ხსნარით დღეში 4-5-ჯერ უნდა მოხდეს ორივე ნესტოში მისი გამოსუფთავება,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ქაჩლიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბარა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად