Baby Bag

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დალი ტრაპაიძემ ჰიპერტენზიის მართვასთან დაკავშირებით უახლესი ევროპული გაიდლაინის მონაცემების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მას საფუძვლად უდევს 2018 წლის უახლესი ევროპული გაიდლაინი, სადაც მომატებულ არტერიულ წნევად შეფასებულია 140:90-ზე და მეტი. 139:89-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ არტერიულ წნევად. 140:90 წნევის ქვევით სხვადასხვა მიდგომები არსებობს. 120:80 წნევა არის იდეალური. სამედიცინო პერსონალმა, როდესაც ასეთი პოპულარული ხასიათის გამოსვლები გვაქვს, ზუსტი მესიჯები მივაწოდოთ საზოგადოებას იმისათვის, რომ არ დაიბნენ.

როდესაც ვეკითხებით, რამდენია ნორმალური არტერიული წნევა, პასუხი აუცილებლად იწყება სიტყვით: „ჩემთვის“ ან ახალგაზრდობაში მქონდა ეს და ახლა მაქვს ეს. რაც შეეხება მისაღწევ, სამიზნე წნევას მკურნალობის დროს, ეს შეიძლება იყოს 130:80-ზე, როდესაც შესაფასებელია უკვე თანმხლები დაავადებები. ეს არის მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თანმხლები დაავადებების თაიგულში ის სამიზნე წნევა, რომელიც სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას შეამცირებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში გახშირდეს პრევენციული ვიზიტები, როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან იმისთვის, რომ დინამიკაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. ასიმპტომური ადამიანის მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, უცილობლად გააუმჯობესებს კლინიკური მდგომარეობის პროგნოზს, თუ ეს მდგომარეობა აღინიშნება,“- მოცემულ საკითხზე დალი ტრაპაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას. აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და ამიტომ ოფლიანობს“ - ინგა მამუჩიშვილი

„ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას. აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და ამიტომ ოფლიანობს“ - ინგა მამუჩიშვილი

შემოდგომის სუსხიანი დღეების დადგომისთანავე მშობლები იწყებენ ბავშების ჩაფუთვას როგორც სახლში, ასევე გარეთ გაყვანისას. როგორ ჩავაცვათ პატარებს ამ სეზონზე და რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Momsedu.ge-ს ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო ინგა, რამდენად სწორია ბავშვების ჩაფუთვნა? როგორ უნდა ეცვას ბავშვს ამ სეზონზე სახლში და გარეთ?

- ზოგადად, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი უნდა იყოს ჩაცმული სეზონის შესაბამისად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვების ჩაფუთვნა. მშობელმა ეს ყოველთვის უნდა აკონტროლოს, გარეთ გაყვანის შემთხვევაშიც და სახლშიც. ხშირად სახლშიც ჩაფუთნულები ჰყავთ. თუ ბავშვი სახლშია, ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსამდე, მეტი არ შეიძლება. ხშირად მეუბნებიან მშობლები, რომ ბავშვი ოფლიანობს და ამას მიაწერენ ხოლმე D ვიტამინის ნაკლებობას და აღმოჩნდება, რომ ბავშვი უბრალოდ თბილად არის ჩაცმული და აქედან გამომდინარეა ეს ოფლიანობაც. როგორც კი შესაბამისად ჩააცმევ, ეს პრობლემა გვარდება. ბავშვის ჩაფუთვნა ხელს უშლის ნორმალურ თერმორეგულაციას და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ნორმალური იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასაც, მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ასაკის და სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ, ზოგადად, როგორც ჩვენ ვიცმევთ, როგორც ჩვენ გვესიამოვნებოდა ჩაცმა, ასე უნდა ჩავაცვათ ბავშვსაც. ასევე, არ სჭირდება ბავშვს შალის წინდები, განსაკუთრებით, შიშველ ფეხზე, რეიტუზები შემდეგ შარვალი... ეს შეიძლება იყო ძალიან სერიოზული ყინვების დროს, როცა ბავშვი გაგვყავს გარეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ის ტემპერატურა, რომ ბავშვს ასეთი ჩაფუთვნა დასჭირდეს, ჩვენ არ ვართ ჩრდიოლოეთის ქვეყანა.
- ახალშობილის ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც რომ გვითხრათ.
რა თქმა უნდა, ამინდისა და ტემპერატურის შესაბამისად. სახლში ხშირად ჰყავთ ბავშვები ძალიან თბილად ჩაცმულები. მოკლემკლავიანი, გრძელმკლავიანი შემდეგ შალი, თავზე ქუდი და ასე შემდეგ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში საჭირო არ არის. 1 წლამდე ბავშვს დაბანვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში (თუ ოთახის ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი), შეგვიძლია დავახუროთ ქუდი, შემდეგ კი მოვხადოთ. ხშირად 3 თვემდე პატარებს ცხვირზე ადებენ ხოლმე ხელს, ასევე ხელებსა და ფეხებზე და ამ ზონების მოყინვით განსაზღვრავენ ხოლმე, სცივა თუ არა პატარას. ეს არ არის სწორი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და შეიძლება ცხვირის წვერი ცივი ჰქოდეს ბავშვს. უნდა შეეხოთ ხოლმე მუცელზე, თუ მუცელი თბილი აქვს, ე.ი. იქ პრობლემა არ არის. თავიდანვე როგორც შევაჩვევთ ბავშვს, ისე გაიზრდება, ისეთივე მოთხოვნილებები ექნება მის ორგანიზმს და მის თერმორეგულაციის ცენტრებს და იმუნურ სისტემას. ამიტომ შევეცადოთ, რომ ყოველთვის სეზონის შესაბამისად ჩავაცვათ ბავშვებს.
- რადგან ახალშობილებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, რომელი კვირიდან გავიყვანოთ გარეთ სასეირნოდ და რამდენი ხნით? ქარიან ამინდში თუ შეიძლება ახალშობილის გასეირნება?

​- ახალშობილი ბავშვი სასეირნოდ გარეთ უნდა გავიყვანოთ უკვე სამშობიაროდან გამოსვლიდან მეორე დღესვე. თუ ჰაერის ტემპერატურა - 5 გრადუსზე დაბალია, ასეთ შემთხვევაში არ გაგვყავს, რა თქმა უნდა, და თუ ქარი და წვიმაა. დანარჩენ შემთხვევაში გაგვყავს სასეირნოდ. ვიწყებთ 15 წუთიდან და თანდათან ვუმატებთ დროს (თუ არ არის ქარი, წვიმა და არის მშვიდი ამინდი), აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ყოველდღიურად და ასევე ყოველდღიურად მოვუმატოთ 15-15 წუთი ისე, რომ სადღაც უკვე 1 თვის თავზე 1 საათი გვყავდეს ბავშვი გარეთ. აი, ამ პირობებში და ამ სეზონზე ბავშვი შეგვიძლია გვყავდეს გარეთ, მზეზე და შევაფიცხოთ შუადღის მზეს, ეს ძალიან კარგია, რადგან ამით ხელს ვუწყობთ D ვიტამინის გამომუშავებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მშობლები ძალიან კარგად იცავენ ამ წესებს, აი ჩაცმასთან დაკავშირებითაც, არ უყვართ ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა და ბავშვების გადახურება. გარდა ამისა, ჰაერზეც გაჰყავთ და საკმაოდ დიდ ხანსაც. თუმცა შევეცადოთ, რომ ეპიდსიტუაციის გამო არავინ შევახოთ ბავშვს, დავიცვათ დისტანცია, ​არ მოვაკიდინოთ უცხოებს ხელი ლოყებზე, ხელებზე... ზოგადადაც საჭიროა დისტანცირება.

​ქარიან ამინდშიც შეიძლება რატომაც არა, თუმცა ქარიან ამინდში მეტია შანსი, რომ მტვერი მოხვდეს ბავშვს თვალებზე და ამან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, გადაციების შანსიც არის. ამიტომ ქარსაც გააჩნია, ნიავზე შეიძლება, მაგრამ თუ ქარი ძლიერია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

​- საინტერესოა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე?

​- არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები.

​ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

წაიკითხეთ სრულად