Baby Bag

რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი

რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ორსული ქალების მიერ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია:

„მნიშვნელოვანია დავიცვათ რეჟიმი. ორსულის ექსპოზიცია მსგავსი ტიპის მოწყობილობებთან უნდა იყოს დოზირებული, ლიმიტირებული და ორგანიზებული. ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომელიც არაორსულის შემთხვევაში არის არააქტუალური, ორსულის შემთხვევაშიც რჩება. ხანგრძლივად, უწყვეტ რეჟიმში ერთი და იგივე საქმიანობის განხორციელება, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს უკავშირდება, ეს არის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა, მხედველობაზე განსხვავებული დატვირთვა, ნერვულ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა. ელექტრონული მოწყობილობა ბლოკავს სხეულიდან სხვადასხვა სიმპტომისა და ჩივილის შეგრძნებას. ჩვენ უფრო გვიან მივხვდებით, რომ გვეტკინა წელი, უფრო გვიან ვიგრძნობთ, რომ ხელი დაგვეღალა, თვალი დაგვეღალა. ამ დროს უფრო ნაკლებად ვახამხამებთ თვალებს. ეს ყველაფერი არის სტრესის მაღალი დონე და ეს ორსულს არაფერში არ სჭირდება.

ის, რაც მაღალი სტრესისა და მაღალი შფოთვის დონისთვის არის დამახასიათებელი, ამის მიმართ ორსული ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც არაორსული. ნაყოფი ზოგადად მეტად მგრძნობიარეა სტრესული ფაქტორების მიმართ. ორსული ქალბატონისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რეჟიმი, ვიდრე არაორსულობის შემთხვევაში. ჩვენ ამ დროს პასუხისმგებელი აღარ ვართ მხოლოდ საკუთარ სხეულზე, პასუხისმგებლობა გვაქვს ნაყოფის წინაშე,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლის და შვილის ერთმანეთისგან განსხვავება საერთოდ არ ხდება, ყოველდღიური რეალობაა ეს,“ - თეა გოგოტიშვილი

„მშობლის და შვილის ერთმანეთისგან განსხვავება საერთოდ არ ხდება, ყოველდღიური რეალობაა ეს,“ - თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი მშობლებსა და შვილებს შორის ემოციური სიმბიოზის არსებობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი შერწყმა ბუნებრივია ორსულობის ეტაპზე, თუმცა შემდგომ აუცილებელია გამიჯვნა, მშობლისა და შვილის განსხვავება ერთმანეთისგან:

„ძალიან ხშირია, როდესაც ბავშვი აგვიანებს და არ მიდის სკოლაში დროზე, მშობელი ნერვიულობს, გეგონება თვითონ აგვიანებდეს. კონფლუენცია (შერწყმა) მშობლებსა და შვილებს შორის ქართულ რეალობაში ცალკე თემაა. არის ასეთი ცნებები: ​„ჩვენ ვართ მესამე კლასში,“ „ჩვენ გამოცდები გვეწყება,“ ამ დროს ერმანეთისგან საერთოდ განსხვავება არ ხდება მშობლის და შვილის. ემოციური სიმბიოზი აგრძელებს არსებობას. ცხრა თვე ბავშვი იმყოფება ემბრიონულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ემოციური სიმბიოზი ბუნებრივია ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ეს ემოციური სიმბიოზი არ წყდება. ის რჩება და ემოციურად ეს ერთი მთელია.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, ემოციური სიმბიოზი ხშირია ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც:

„ახლა მე მოვიყვანე ​შვილების და დედების მაგალითი, რაც გამახსენდა. ყოველდღიური რეალობაა ეს. რომ დარეკავენ ხოლმე, რომ ბავშვის ჩაწერა უნდათ, ამბობენ, რომ ბავშვი სამოცი წლის არის, თვითონ დედა ოთხმოცის არის ამ დროს. ასეთივე სიმბიოზური ვითარებები იქმნება ცოლ-ქმრულ და პარტნიორულ ურთიერთობებში. ინტიმური ფიზიკური ურთიერთობა არის ჯანსაღი სიმბიოზი. ფსიქოლოგიური შერწყმა, როდესაც აღარც „მეა,“ აღარც „ის“ არის და ყველაფერი „ჩვენ“ არის, ეს, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ რეალობას ქმნის ხოლმე.“

​თეა გოგოტიშვილი აცხადებს, რომ ქართულ რეალობაში მამაკაცები ხშირად ეძებენ დედების ჩამნაცვლებელ პარტნიორებს, მეუღლეები კი მათზე შვილებივით ზრუნავენ:

„ჩვენს რეალობაში ხშირად ვხვდებით, რომ მამაკაცები დედების ჩამნაცვლებელ პარტნიორს ეძებენ. ​ქალები ისე ზრუნავენ ამ კაცებზე, გეგონება, რომ მათი შვილები არიან. კაცებიც მათ შეჰყურებენ როგორც დედებს, სამწუხაროდ. აქ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გამიჯვნა ჩემი და მისი ემოციების უბრალოდ არ ხდება. ეს ყველაფერი არის ერთი ველი. ქალების შემთხვევაშიც არის ასე. ჩვენი ადრეული ბავშვობის გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ზოგჯერ, როდესაც ადამიანს მშობლის ნეგატიური ქცევითი გამოვლენის გამო მის მიმართ ნეგატიური ემოცია უჩნდება, ასეთ დროს პირიქით ხდება, რომ ის ეძებს საპირისპირო ადამიანს. ხშირად ისეა, რომ რაც უფრო საპირისპიროს ეძებს, სწორედ ისეთს პოულობს.“

„უკიდურესობა და საწინააღმდეგო ძალთა თანაფარდობა, შეგვიძლია თავსებადობაში მოვიყვანოთ. ​მაშინ ჩვენ ვძლიერდებით. როდესაც ერთ პოლუსში ვართ, აუცილებელია შევეხოთ მეორე პოლუსს. მაშინ ეს ორი პოლუსი თავსებადობაში მოდის,“ - აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.

წყარო: ​აზროვნების აკადემია 

წაიკითხეთ სრულად