Baby Bag

„კონსულტაციაზე მოსული ბავშვების 80 პროცენტი კითხულობს წვნიანი რა არის... ფიქრობენ, რომ კომპოტია,“- ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე

„კონსულტაციაზე მოსული ბავშვების 80 პროცენტი კითხულობს წვნიანი რა არის... ფიქრობენ, რომ კომპოტია,“- ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ ბავშვებში ჭარბწონიანობის პრობლემის ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„ახლა ისეთი დროა, რომ მშობლებს არ სცალიათ, ბებია-ბაბუებს არ სცალიათ, ის თაობა ბებია-ბაბუების, რომლებიც სახლში ისხდნენ და ბავშვებს უვლიდნენ, აღარ არიან, ამიტომ ბავშვი რჩება სკოლაში 5-7 საათამდე. კი, შეთავაზება იქ არის, რომ ბოსტნეულიც იქნება, სალათიც, მაგრამ მაინც მაკარონს ჭამს ბავშვი. ჩემი შვილიშვილები რომ მოდიან, ვეკითხები რა ჭამეს, მპასუხობენ: „კომპოტი დავლიე, მაკარონი შევჭამე.“ ვეკითხები: „რატომ,ბებო? წვნიანი არ იყო? ხილი არ იყო?“ პასუხი არის: „კი, იყო, მაგრამ მაკარონი მირჩევნია.“

კვება არის ჩვევა. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ, რომ აუცილებლად შხაპი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად, კბილები გამოვიხეხოთ. ოჯახებში დაიკარგა კულტურა, რომ ბავშვს სწორად კვება ასწავლო თავიდანვე. მე 64 წლის ვარ. სკოლაში რომ ვსწავლობდი, 34 ბავშვი ვიყავით და მარტო ერთი მოსწავლე იყო, რომელსაც ჰქონდა სიმსუქნე. ახლა ბაღებში და სკოლებში რომ შეხვალთ, ეს რიცხვი ბევრად მეტია. კი, კარგია, ბავშვი რომ დაიბადება, ორ წლამდე პუტკუნაა. ეს პრობლემად არ ითვლებოდა. ბავშვი სიარულს რომ იწყებდა, იკლებდა წონას.

კონსულტაციაზე რომ მოჰყავთ ბავშვები, რომ ვიწყებ ლაპარაკს: წვნიანს თუ უკეთებთ ბავშვს და თუ მიირთმევს, ბავშვების 80 % კითხულობს წვნიანი რა არის. ფიქრობენ, რომ კომპოტია. მშობლები არ მაცდიან ლაპარაკს. „ჩემი შვილი ხილს არ ჭამს და არ შეჭამს, ბოსტნეულს არ ჭამს, რძე არ უყვარს, მარტო იოგურტი.“ მე ვეუბნები: „ქალბატონო, მაშინ რატომ მოიყვანეთ კონსულტაციაზე ბავშვი? ხომ უნდა ავხსნა, რა არის მისთვის სასარგებლო.“ არავინ არ თვლის, რომ ჩვენ გენეტიკურად გვაქვს ჩადებული რა სიმაღლის იქნება ბავშვი. თუ ის ნორმალურ კვებას იცავს, ცილა საკმარისი რაოდენობითაა, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ის გენეტიკურ რესურსს ბოლომდე იყენებს და შეიძლება 10 სანტიმეტრით უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ის ბავშვი, რომელიც მსუქანია. ამ ყველა ნივთიერებას ორგანიზმი ხმარობს მერე ჭარბ წონაში და არა იმაში, რომ სიმაღლეში წაიყვანოს ბავშვი,“- მოცემულ საკითხზე ელენე გიორგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

წაიკითხეთ სრულად