Baby Bag

„ერთ კვირაში 17 კილო დავიკელი... ერთ დღეს მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი,“- ნინო ზაუტაშვილის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან ბრძოლის ისტორია

„ერთ კვირაში 17 კილო დავიკელი... ერთ დღეს მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი,“- ნინო ზაუტაშვილის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან ბრძოლის ისტორია

ტელეწამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასთან ბრძოლის საკუთარი ისტორიის შესახებ ისაუბრა:

„ყველაფერი დაიწყო ტირილით. უცებ ყველაფერზე უმიზეზოდ მეტირებოდა, მქონდა ტაქიკარდია, წონის ინტენსიური კლება. თავიდან ამას ვერ მივაქციე ყურადღება. ვფიქრობდი, ეს გაივლის. ერთ მშვენიერ დღეს, რომ ავდექი, ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე, მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი. რომ ავიწონე, აღმოვაჩინე, რომ 1 კვირაში მქონდა 17 კილოგრამი დაკლებული. რა თქმა უნდა, დავიწყე ბრძოლა ამ პრობლემასთან. 10-წლიანი ბრძოლის შემდეგ მე წამალს საერთოდ აღარ ვიღებ. კი, მოვიმატე წონაში, ეს გაცილებით ნაკლები პრობლემა მგონია.

თავდაპირველად მე ამას ვერ მივხვდი, ბუნებრივია. წავედი თერაპევტთან. იქ მოხდა დიაგნოზში შეცდომა. თუმცა, ეს ხდება. ჩემი რეალური დიაგნოზი იყო ჰიპერთირეოზი, ტოქსიკოზი უმძიმესი ფორმის, ტრემორით. ერთხელ ქუჩაზე გადავდიოდი, გასაღები დამივარდა. რომ დავიხარე ასაღებად, მივხვდი, რომ ვერ ვდგებოდი. ვიღაც მომეხმარა, რომ ფეხზე ავმდგარიყავი. მართლა ვერ ვდგებოდი ფეხზე. ეს იყო მძიმე გადასატანი.

მკურნალობისას პირველი აბის მიღებისთანავე ტაქიკარდიამ გამიარა. საშუალება მომეცა, რომ ბალიშზე დამედო თავი და ისე დამეძინა. ეს იყო ჩემთვის მიღწევა. მთელი ღამე ვიჯექი. სუნთქვის საშუალება არ იყო უბრალოდ. პრეპარატების მიღების შემდეგ ერთ კვირაში გაცილებით უკეთ ვიყავი. ექიმების საოცრად დამჯერი ვარ. იდეალური პაციენტი ვარ. ენდოკრინოლოგიურ დაავადებას ახასიათებს ერთი რამ, ეს არის საშინელი გაღიზიანება. უცებ გავხდი გიჟი, აბსოლუტურად ყველაფერზე ვღიზიანდებოდი, ყველას ვეჩხუბებოდი. მერე დავდექი სწორ გზაზე და წავედი ბოლომდე. 8 წელი დამჭირდა მკურნალობისთვის. მინდა ყველა პაციენტს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მკურნალობის 20-30% არის პაციენტის პასუხისმგებლობაც,“- მოცემულ საკითხზე ნინო ზაუტაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა! - თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

მისი თქმით, გაციება ამ ბოლო დროს პრობლემად იქცა, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ კორონა ვირუსი აქვს. ვიდეოში ექიმი რეზიდენტი საუბრობს კონკრეტულად გაციების დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა არ უნდა გააკეთოს:

,,გაციება ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება, მას ვირუსული ნაზოფარინგიტი ჰქვია და მას იწვევს 200-ზე მეტი ვირუსი. თუმცა ყველაზე ხშირია რინოვირუსი. თუ ამ ვირუსით დაავადებულს შეხვდებით, ხელს ჩამოართმევთ, დაეკონტაქტებით, ორ დღეში დაიწყება სიმტომები. მისი სიმპტომებია - სურდო, ვერ სუნთქავთ ცხვირით და იცვლება ხმაც, ყელის ტკივილი, შეიძლება იყოს ხველა და ასევე ცემინება. ეს არის კლასიკური გაციება,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

ექიმი ასევე გასწავლით, თუ როგორ ებრძოლოთ გაციებას:

,,თუ ვინმეს შეხვდებით, ვინც გაციებულია, ეგრევე ხელები დაიბანეთ. ხელების დაბანით თავს დაიცავთ - ეს არის პირველი რჩევა. თუ მაინც დაინფიცირდით და შემაწუხებელი სიცხე გაქვთ, არსებობს ორი მედიკამენტი: იბუპროფენი და აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი. გაციების დროს ყველაზე კარგად იბუპროფენი მუშაობს. პარაცეტამოლის ეფექტი გაციების დროს არ ვიცით როგორია, ამიტომ სჯობს იბუპროფენი მიიღოთ. მეორე რჩევაა, არ გამოიყენოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ეს ფულის ტყუილად ხარჯვაა. ამას განსაკუთრებით ვეუბნები მშობლებს, მით უმეტეს 6 წლამდე ბავშვებს ნუ დაალევინებთ ხველის საწინააღმდეგო წამლებს, რადგან გაციების დროს მათი სარგებელი და რისკები არ არის ერთმანეთთან ბალანსში. ზოგიერთი იყენებს ასევე ცხვირის საშუალებებს, რაც სურდოს ხსნის, მაგრამ მათი ეფექტურობაც გაციების შემთხვევაში ძალიან დაბალია. ყველაზე ეფექტურია გაციების დროს თუთია. გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუ მიიღებთ თუთიას, პირველი - შემცირდება დაავადების სიმძიმე, მეორე შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა, მესამე - შეიძლება აღარც დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტები, რადგან მდგომარეობიდან უფრო სწრაფად გამოხვალთ. არ დალიოთ კატეგორიულად ანტიბიოტიკები. თუთიის ეფექტურობა თუ გინდათ დაინახოთ, მაშინ დოზა სწორად უნდა შეარჩიოთ. გაციების დროს თუთია უნდა იყოს გამოყენებული 50-იდან 75 მილიგრამამდე,'' - დასძენს გიორგი ღოღობერიძე. 

რაც შეეხება C ვიტამინს, იგი გაციების ხანგრძლივობას ცოტათი ამცირებს, თუმცა სიმძიმეს არ ცვლის. ამიტომ C ვიტამინზე ეფექტური თუთიაა. D ვიტამინის როლი კი არ არის ცნობილი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: Usmle 

წაიკითხეთ სრულად