Baby Bag

შეიძლება თუ არა ასპირინმა ინფარქტი და ინსულტი აგვარიდოს თავიდან, თუ ყოველდღიურად მცირე დოზას დავლევთ? - მარი მალაზონიას რეკომენდაცია

შეიძლება თუ არა ასპირინმა ინფარქტი და ინსულტი აგვარიდოს თავიდან, თუ ყოველდღიურად მცირე დოზას დავლევთ? - მარი მალაზონიას რეკომენდაცია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის მიზნით ასპირინის გამოყენების პრაქტიკის შესახებ ისაუბრა:

„უნდა იყოს თუ არა უნივერსალურად ყველა 40 წლის ზემოთ ადამიანისთვის ე.წ. კარდიოასპირინი გამოყენებული, როგორც პროფილაქტიკური საშუალება? კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არჩევანი უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე მტკიცების საფუძველს. ძალიან ბევრმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გააზიარა ინფორმაცია, რომ გამოიყო ჯგუფები, სადაც დაყოფილი იყო ასაკობრივი ნიშნით ადამიანები. ცალკეული ჯგუფების შემთხვევაში ასპირინის გამოყენების ეფექტიანობაზე იყო ლაპარაკი. რა ამოცანა ჰქონდა ამ ინფორმაციას? შეიძლება თუ არა ასპირინმა ინფარქტი და ინსულტი აგვარიდოს თავიდან, თუ პროფილაქტიკურად დავლევთ მცირე დოზას ყოველდღიურად? აღმოჩნდა, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც არ აქვს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, მათ არ უნდა მივცეთ ასპირინი ყოველდღიურად.

40-დან 59 წლამდე ადამიანს, რომელსაც აქვს რისკი ან აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჩარევა, აუცილებლად სჭირდება თავისი სქემის ერთგულად დაცვა, როგორც ექიმმა დაუნიშნა. თუ 60 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანი არის ჯანმრთელი, მაშინ ასპირინის პროფილაქტიკური გამოყენება არ არის საჭირო. რისკისა და სარგებლის გაანალიზების შემდეგ, აპრილის ბოლოს გამოქვეყნდა სრულიად ახალი გზამკვლევი, რომელიც გვეუბნება, რომ პროფილაქტიურად 60 წლის ზემოთ ადამიანებმა, თვითნებურად ასპირინი არ უნდა მიიღონ, თუნდაც მინიმალური დოზით.

ბევრი თქვენგანი ასპირინს იყენებს მურაბაში, იმისთვის, რომ კარგად დააკონსერვონ პროდუქტები. ეს ტრადიცია საქართველოში ძალიან მოდურია. ბრონქული ასთმის შემთხვევაში, თუ სადმე არის დაფარული სალიცილის მჟავა, მას შეიძლება ჰქონდეს მაპროვოცირებელი ფაქტორის დატვირთვა ბრონქული ასთმის შეტევის განვითარებისთვის. როდესაც ასპირინს ვამატებთ მურაბაში, ხილფაფაში, ეს არის რისკი, რომლითაც ჩვენს ორგანიზმს ვტვირთავთ,“- მოცემულ საკითზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად