Baby Bag

4 მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ანალიზი, რომელიც დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შესაძლებლობას გვაძლევს - ნინო ღულათავას რეკომენდაცია

4 მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ანალიზი, რომელიც დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შესაძლებლობას გვაძლევს - ნინო ღულათავას რეკომენდაცია

ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ღულათავამ პროფილაქტიკის მიზნით ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა, რომ ლაბორატორიული სერვისი არის ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ გვაქვს თუ არა რაიმე დარღვევები. ლაბორატორიული ტესტები ადრეულ ეტაპზე გვაძლევს ინფორმაციას, არის თუ არა რაიმე ცვლილებები. შესაძლოა, პაციენტს არ ჰქონდეს რაიმე სახის სიმპტომი ან ჩივილი, მაგრამ პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევებით აღმოვაჩინოთ ის დარღვევები, რომელიც უსწრებს კლინიკურ სიმპტომებს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა.

პროფილაქტიკური გამოკვლევები ისეთი კვლევებია, როგორებიც არის: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კვლევა გლუკოზაზე და კვლევა კრეატინინზე. ეს ის კვლევებია, რომლებიც თავიდავნე გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია. ავიღოთ სისხლის საერთო ანალიზი. საკმაოდ რუტინული კვლევაა. ამ კვლევის საფუძველზე ექიმს ძალიან თამამად შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გვაქვს თუ არა ჰემატოლოგიური დარღვევა, ინფექცია, ადრეულ ეტაპზე ვთქვათ რაიმე ონკოლოგიასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ეს სკრინინგული, პროფილაქტიკური ტესტია, რომელიც მოიცავს და გვაძლევს ძალიან ბევრ ინფორმაციას პაციენტზე. თანამედროვე კვლევებით შესაძლებელია სეფსისის ადრეული დიაგნოსტიკა, ანემიის ადრეული დიაგნოსტიკა. ეს თავიდანვე მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ ამის მკურნალობა.

შარდის საერთო ანალიზი გვაძლევს ძალიან ბევრ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იქ შეგვიძლია ვისაუბროთ თირკმლის ფუნქციებზე, ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზე, ინფექციებზე, თანდაყოლილ დაავადებებზე. ეს კვლევა ადრეული შეფასების საშუალებას გვაძლევს,“- მოცემულ საკითხზე ნინო ღულათავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

10 სტერეოტიპი, რომელიც თანამედროვე მშობლებმა წარსულში უნდა დატოვონ

10 სტერეოტიპი, რომელიც თანამედროვე მშობლებმა წარსულში უნდა დატოვონ

ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ ადამიანის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში მშობლები და აღზრდა უდიდეს როლს ასრულებს. ბედნიერი ბავშვობის მთავარ საწინდარს ბედნიერი მშობლების ყოლა წარმოადგენს. თანამედროვე მშობელს გარკვეული სტერეოტიპები ხელს უშლის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს და შვილს მშვიდი ატმოსფერო შეუქმნას. ჩვენს სტატიაში იმ 10 სტერეოტიპის შესახებ გესაუბრებით, რომელიც თანამედროვე მშობლებმა უნდა დაივიწყონ და წარსულში დატოვონ.

  • 1.დანაშაულის შეგრძნება მოუწესრიგებელი სახლის გამო

ბავშვის დაბადების შემდეგ სახლის მოწესრიგება მშობლის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ბავშვები იატაკზე დახოხავენ და ყველა ნივთს პირში იდებენ, რის გამოც ჰიგიენას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აუცილებელი არ არის სახლში სრულად სტერილური გარემო იყოს. ბავშვის იმუნური სისტემა იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს უფროსებს ჰგონიათ. მშობლებმა ზოგჯერ თავს დასვენების უფლება უნდა მისცენ. სიმშვიდე და კარგი განწყობა ხშირად მოწესრიგებულ სახლზე მნიშვნელოვანია.

  • 2.მცდელობა, რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდე

ახალბედა დედები ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ. ისინი ცდილობენ, რომ არამხოლოდ ბავშვი იყოს იდეალურ ფორმაში, არამედ თავადაც ყოველთვის მოწესრიგებულები იყვნენ, ამასთან არც სახლი დატოვონ უყურადღებოდ. ზოგიერთ დედას ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვის მანძილზე ზოგჯერ დღის განმავლობაში შხაპის მიღების დროც კი არ რჩება. ამ შემთხვევაში დედებმა გარკვეულ ხრიკებს უნდა მიმართონ. ბავშვის ძილის დროით ისარგებლონ, ან ბავშვი აბაზანაში შეიყვანონ, როდესაც თავს იწესრიგებენ.

  • 3.გამუდმებით სახლში ყოფნა

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება ბავშვის საჯარო სივრცეში გაყვანა, პედიატრმა უნდა მიიღოს და არა ოჯახის ახლობლებმა ან ნათესავებმა. თუ ბავშვი ჯანმრთელია, მასთან ერთად საჯარო სივრცეში გასვლა დაბადებიდან რამდენიმე თვეში შეგიძლიათ. მშობლებმა საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზეც უნდა იფიქრონ. აუცილებელი არ არის ყოველთვის ნათესავების, კეთილმოსურნე ახლობლების და მეგობრების რეკომენდაციებს დაეყრდნოთ.

  • 4.სირცხვილის შეგრძნება ატირებული ბავშვის გამო

ბავშვები საჯარო სივრცეში ხშირად აწყობენ ისტერიკებს. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ისინი საზოგადოებაში არ უნდა გაიყვანოთ. სიტყვები „არ იტირო,“ ბავშვს ხშირად ესმის, როგორც ემოციების გამოხატვის აკრძალვა და ბრძანება, რომ თავი ყოველთვის ბედნიერად იგრძნოს. მშობლებს არ უნდა რცხვენოდეთ იმის, რომ ზოგჯერ ბავშვი მოსაწონად არ იქცევა. ბავშვი ჩვეულებრივი ადამიანია. მას აქვს უფლება დაიღალოს, მოიწყინოს და გაბრაზდეს.

  • 5.სირცხვილის შეგრძნება ბავშვური ქცევის გამოვლენის გამო

ბავშვები ხშირად იმეორებენ მშობლების ქცევებს. ეს გართობის და მხიარულების ჩვევასაც ეხება. თამაშის უნარებს მშობლებთან ერთად გართობა ყველაზე უკეთ ავითარებს და ეს ბავშვის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

  • 6.ადრეულ ასაკში ბავშვის განათლებაზე ზრუნვა

მშობლები და ექსპერტები ჯერ ვერ თანხმდებიან იმაზე, უნდა ვასწავლოთ თუ არა ბავშვებს ადრეული ასაკიდან. ამ პროცესს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მართალია, სკოლაში მისულ ბავშვს ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილება ეხმარება, თუმცა მცირეწლოვან ბავშვს მეცადინეობა ბავშვობის ბედნიერ წუთებს ართმევს. ნებისმიერი მშობელი თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში.

  • 7.რწმენა, რომ შეიძლება იდეალური მშობელი გახდე

იდეალური მშობლობა ნამდვილად არ არის ის მიზანი, რომლისკენაც უნდა მივილტვოდეთ. ამას მშობელი ხშირად მიჰყავს ნევროზულობამდე და ემოციურ გადაწვამდე. არაფერია უცნაური იმაში, რომ დრო ვერ გამონახოთ ყველაფრის გასაკეთებლად და არც იმაში, რომ ყველა წვრილმანზე გაღიზიანდეთ, როდესაც გადაღლილი ხართ.

  • 8.გამუდმებული შიში, რომ მზრუნველობით ბავშვს გაათამამებთ

ჩვილი ბავშვის გათამამება შეუძლებელია. 9 თვემდე ბავშვს უფროსებით მანიპულაციის უნარი არ აქვს. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ტირის, თუ რაღაც აწუხებს. მაშინაც კი, როდესაც ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ხელში გიჭირავთ, თქვენ მას არ ათამამებთ. ჩვილები თავს დაცულად გრძნობენ, როდესაც მშობელი მათ გვერდით არის.

  • 9.ბავშვისა და საკუთარი თავის ცრემლებამდე მიყვანა აკრძალვებით

ცნობილია, რომ ეკრანთან დროის გატარება ბავშვისთვის საუკეთესო აქტივობად არ მიიჩნევა. მართალია, ბავშვს მულტფილმების ყურებისას გარკვეული ზღვარი აუცილებლად უნდა დაუწესოთ, მაგრამ როდესაც დაღლილი ხართ და გრძნობთ, რომ დაუყოვნებლივ გჭირდებათ მოსვენება, შეგიძლიათ, ნახევარი საათით ბავშვს უფლება მისცეთ საყვარელ ანიმაციას უყუროს, თქვენ კი ამოისუნთქოთ. უკიდურეს შემთხვევებში ბავშვისა და საკუთარი თავის ცრემლებამდე მიყვანას სჯობს ორივე განიტვირთოთ.

  • 10.თავის მოვლაზე უარის თქმა

საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა და განტვირთვა ყველა მშობელს სჭირდება. თუ შესვენებას არ აიღებთ, ეს თქვენზე და პატარაზეც ნეგატიურად აისახება. როდესაც დედა ან მამა გადაწყვეტს, რომ რამოდენიმე საათი საკუთარ თავს დაუთმოს, აჯობებს ბავშვი ბებია-ბაბუასთან, ნათესავთან ან ძიძასთან დარჩეს.

მომზადებულია: ​brightside.me– ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად