Baby Bag

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, არის კარგი, ამიტომ, რაც იქნება, იმით ავიცრათ,“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „სხვა შუადღეში“ კორონავირუსის შემთხვევების მატებას ეხმიანება და აცხადებს, რომ, შესაძლოა, მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდეს:

„კორონავირუსის შემთხვევების გააქტიურება ორ რამეზე მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი ან სტაბილიზაციისკენ წავა, ან შეიძლება მოხდეს ის, რასაც ყველა ისედაც ველოდით და დაიწყოს აღმავლობა, იმიტომ, რომ ეს ვნახეთ ძალიან ბევრ ქვეყანაში. 45 ყურს გვჭრის, მაგრამ ეს რეალურად ძალიან პატარა ციფრია, თუ შევადარებთ სომხეთის, თურქეთის ან აზერბაიჯანის სტატისტიკას. ჩვენ მივეჩვიეთ, დიდი კომფორტი იყო ჩვენთვის, რომ ერთეული შემთხვევები იყო. შეიძლება ეს დასტაბილურდეს."

მაია ბუწაშვილის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების კლება გამოცდილების დაგროვებით არის გამოწვეული:

„კორონავირუსთან ბრძოლაში გამოცდილება დაგროვდა, მეტი ინფორმაცია არსებობს, მართვა უკეთესი გახდა. სამწუხაროდ, ვირუსის ბუნების ცვლილებასა და შესუსტებაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ გარდაცვალების პროცენტი მცირდება, მაგრამ ეს გამოიწვია ტესტირების გაფართოებამ. ადრე ტესტირება უტარდებოდათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები ჰქონდა, ვინც სტაციონარში ხვდებოდა. მათ შორის გართულებების რიცხვი უფრო მაღალი იყო. ამჟამად ტესტირება ყველა ქვეყანაში გაფართოებულია, მათ შორის, ფართო მასების ტესტირებაც ხდება. ვირუსის გამოვლენა გაუმჯობესებულია, რის გამოც გართულებების პროცენტი მცირდება. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ვირუსი შესუსტდა. ექიმებმაც ბევრად უკეთ ისწავლეს ვირუსის მართვა.“

ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსის გადადების ყველაზე მეტი შემთხვევა ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება:

„საოჯახო მჭიდრო კონტაქტების შემთხვევაში ინფიცირდება 30-დან 50 %-მდე, სუფრაზე შეხვედრით, ახლოს ჯდომისას, 7-დან 10 % -მდე, მაღაზიაში საყიდლებზე ყოფნისას არაუმეტეს 1 % -ისა. ზომიერება ყოველთვის უნდა დავიცვათ. მე არასდროს გამირეცხავს სახლში მიტანისას შეფუთვები. კარგია ჰიგიენის წესების დაცვა, მაგრამ ექსტრემალურ მდგომარეობაში ვიყავით გადასულები. პანიკამ ბევრი დადებითი შედეგი მოგვცა, მაგრამ ბევრი ნევროზულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ყოველდღე პალტოებს რეცხავდნენ, ადეზინფიცირებდნენ. ეს აბსურდია. ზომიერება ამიტომაც არის საჭირო. რაღაც ვადების მერე ადამიანი ამას ვეღარ უძლებს და ყველაზე საჭირო დროს სრული მოდუნება ხდება. შეიძლება ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ ეს ყველაფერი. ევროპაში შეეგუენ კოვიდთან თანაცხოვრებას. იქ შემთხვევები ბევრია, მაგრამ ლეტალური შედეგი, საბედნიეროდ, უკვე ძალიან მცირეა.“

მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპამ უკვე ისწავლა ვირუსის მართვა:

„ევროპაში ძირითად მოწყვლად ჯგუფებში ვირუსმა უკვე გაიარა. რეანიმატოლოგებმა უკეთ ისწავლეს დაავადების მართვა, იციან, როდის უნდა გადაიყვანონ პაციენტი მართვით სუნთქვაზე და როდის - არა. ეს არ არის ტიპიური ვირუსი, არ აქვს ტიპიური მიმდინარეობა და რა თქმა უნდა, პრაქტიკა დაგროვდა.“

„სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს და კოვიდს ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებთ. საბედნიეროდ, არსებობს ტესტირება. ეპიდემიის კერაში ნამყოფი ადამიანის ტესტირებას სახელმფიწო პროგრამა აფინანსებს. რამდენიმე ვაქცინა მესამე ფაზაშია, ორი ფაზა წარმატებით გაიარა. არსად იქნება ჯერჯერობით რუსული ვაქცინა, რომელიც თითქოს დასრულდა, მაგრამ მასზე არ არის საკმარისი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მან წარმატებით გაიარა გამოცდა. ეს ვაქცინა ჰაერშია გამოკიდებული, ეს ფაზები გავლილი არ აქვს. ჯამში ოთხი ვაქცინაა ძალიან კარგ პოზიციებზე. მათგან მინიმუმ ერთი მაინც დაასრულებს კარგად. წელს ყველა ქვეყანა მობილიზებულია, რომ სტანდარტული გრიპის ვაქცინები ცოტა ადრე შემოიტანოს. როგორც კი გაჩნდება გრიპის ვაქცინები, მაშინვე შეგიძლიათ გაკეთება. ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, არის კარგი, ამიტომ, რაც იქნება, იმით ავიცრათ,“ - აცხადებს მაია ბუწაშვილი.


წაიკითხეთ სრულად