Baby Bag

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

ჰემატოლოგმა ლევან მახალდიანმა თრომბის ორი სახეობის შესახებ ისაუბრა და ის რისკ-ფაქტორები დაასახელა, რომელიც თითოეული მათგანის გაჩენას უწყობს ხელს:

„არსებობს ორი სახის თრომბი. ერთი არის, რომელიც ჩნდება არტერიაში. ამ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მიოკარდიუმის ინფარქტი. ამას უფრო მარტივად ხვდება ადამიანი, იმიტომ, რომ გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნობა. ჰოსპიტალიზაციის პირობებში ვენურ სისტემაში ჩნდება თრომბი. არტერიული თრომბოზის შემთხვევაში ჰოსპიტალიზირება არ არის რისკ-ფაქტორი. ჰოსპიტალიზირებული პაციენტი არის იმობილიზებული, წევს საწოლში. როდესაც არ ხდება ქვემო კიდურების მუშაობა, სისხლს უჭირს მიდინება გულის მიმართულებით, დუნდება სისხლის მოძრაობა და იქმნება იდეალური პირობა, რომ გაჩნდეს თრომბი.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ფილტვში თრომბის გაჩენაზე. სწორედ ქვედა კიდური არის წყარო. ქვედა კიდურიდან მოწყვეტილი თრომბი მიემართება ფილტვის არტერიისკენ, სადაც ხდება თრომბირება. არტერიულ თრომბოზებში გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი. აქ უფრო რისკ-ფაქტორად განიხილება ათეროსკლეროზი. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ქვემო კიდურში არტერიების თრომბირების,“- აღნიშნა ლევან მახალდიანმა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად