Baby Bag

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

ჰემატოლოგმა ლევან მახალდიანმა თრომბის ორი სახეობის შესახებ ისაუბრა და ის რისკ-ფაქტორები დაასახელა, რომელიც თითოეული მათგანის გაჩენას უწყობს ხელს:

„არსებობს ორი სახის თრომბი. ერთი არის, რომელიც ჩნდება არტერიაში. ამ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მიოკარდიუმის ინფარქტი. ამას უფრო მარტივად ხვდება ადამიანი, იმიტომ, რომ გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნობა. ჰოსპიტალიზაციის პირობებში ვენურ სისტემაში ჩნდება თრომბი. არტერიული თრომბოზის შემთხვევაში ჰოსპიტალიზირება არ არის რისკ-ფაქტორი. ჰოსპიტალიზირებული პაციენტი არის იმობილიზებული, წევს საწოლში. როდესაც არ ხდება ქვემო კიდურების მუშაობა, სისხლს უჭირს მიდინება გულის მიმართულებით, დუნდება სისხლის მოძრაობა და იქმნება იდეალური პირობა, რომ გაჩნდეს თრომბი.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ფილტვში თრომბის გაჩენაზე. სწორედ ქვედა კიდური არის წყარო. ქვედა კიდურიდან მოწყვეტილი თრომბი მიემართება ფილტვის არტერიისკენ, სადაც ხდება თრომბირება. არტერიულ თრომბოზებში გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი. აქ უფრო რისკ-ფაქტორად განიხილება ათეროსკლეროზი. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ქვემო კიდურში არტერიების თრომბირების,“- აღნიშნა ლევან მახალდიანმა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობიარობის დროს სისხლდენის გამომწვევი პირველი მიზეზი არის საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება,“ - მეან-გინეკოლოგი დავით მიქაბერიძე

მეან-გინეკოლოგი დავით მიქაბერიძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, სისხლდენას ოთხი ძირითადი გამომწვევი მიზეზი აქვს:

„ყველაზე რთული გართულება არის დედის ლეტალური გამოსავალი, სიკვდილიანობა. ამ შემთხვევაში, პირველ ადგილზე დგას მშობიარობის შემდგომი სისხლდენა. მთელ მსოფლიოში მშობიარობის გართულებების ორი პროცენტი სისხლდენებზე მოდის. შეიძლება, სისხლდენა განვითარდეს მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე. ჩვენ მაინც ვცდილობთ ვიპოვოთ ის მიზეზი, რომელმაც გამოიწვია სისხლდენა. სისხლდენის გამომწვევი ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. ყველაზე ხშირი, პირველი მიზეზი არის საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება. საშვილოსნოს ტონუსის ჰიპოტონია-ატონია არის ყველაზე ხშირი გართულება სისხლდენის. მეორე არის პლაცენტის მოცილების, გამოძევების პათოლოგია. ეს გულისხმობს ან პლაცენტარული ქსოვილის ჩარჩენას, ან მისი გამოძევების შეფერხებას. მესამე მიზეზი არის ტრავმა, საშვილოსნოს დაზიანება-გახევა ან რბილი სამშობიარო გზების დაზიანება, მაგ. საშოს, შორისის. ეს აუცილებლად იწვევს სისხლდენას. სისხლდენის მეოთხე მიზეზი არის კოაგულაციური პათოლოგია, ანუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებით არსებობს პათოლოგია, ამას შედარებით მომზადებულები ვხვდებით, თუ ეს არ არის გამოწვეული სისხლდენის ან ტრავმის შედეგად.“

„სისხლდენის პირველი სამი მიზეზი განსაკუთრებით რთული შემთხვევებია. მე აგიხსნით მექანიზმს, რატომ ხდება ტონუსის დაქვეითების გამო სისხლდენა. ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის დროს ნაყოფის კვება მიმდინარეობს პლაცენტის მეშვეობით. პლაცენტის დიამეტრი, დაახლოებით, 20-35 სანტიმეტრია. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ფართობი არის მიკრული საშვილოსნოს კედელზე. საშვილოსნოს კედლიდან ღია სისხლძარღვებით ხდება სისხლის მიწოდება ნაყოფისთვის. პლაცენტის მოცილების შემდეგ ეს სისხლძარღვები ღიად რჩება. საშვილოსნო სათანადოდ თუ არ შეიკუმშა, სისხლდენა არ გაჩერდება. სისხლი ჭავლით მოდის და საკმაოდ ძლიერი სისხლდენა არის ხოლმე. თუ ამ მიზეზის აღმოფხვრა ძალიან სწრაფად არ მოხდა, შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგის წინაშე აღმოვჩნდეთ უცებ, იმდენად ძლიერი სისხლდენა იცის ატონია-ჰიპოტონიამ,“ - აღნიშნავს დავით მიქაბერიძე. 

წაიკითხეთ სრულად