Baby Bag

„თუ „კუჭის დამცავს” ხანგრძლივად სვამ, მაშინ მაგნიუმის, კალციუმის და ვიტამინ B12-ის რაოდენობა აკონტროლე,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„თუ „კუჭის დამცავს” ხანგრძლივად სვამ, მაშინ მაგნიუმის, კალციუმის და ვიტამინ B12-ის რაოდენობა აკონტროლე,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ომეპრაზოლის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში გამოვლენილი პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი სვამს ომეპრაზოლს, ე.წ. კუჭის დამცავს. მას ბევრი მონათესავე მედიკამენტი ჰყავს, რომლებიც საბოლოო ჯამში ცნობილი არიან, როგორც „პრაზოლები.“ ერთ-ერთი არის ომეპრაზოლი, მაგრამ რასაც გეტყვი, ეხება ნებისმიერ კუჭის დამცავს და არამხოლოდ ომეპრაზოლს. საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს კუჭის წყლული, თორმეტგოჯას წყლული, რეფლუქსი. საქართველოში ომეპრაზოლი გამოიყენება იმაზე უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ის პაციენტს აქვს დანიშნული. ომეპრაზოლის გამოყენებაზე თუ მიდგება საქმე, ის უნდა იყოს გამოყენებული ორი კვირის განმავლობაში. ძალიან იშვიათად, რომ ის იყოს გამოყენებული 2 თვის განმავლობაში. საქართველოში ყველამ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი სვამს მას თვეების განმავლობაში.

რა უნდა გაითვალისწინო, როდესაც ომეპრაზოლს სვამ ხანგრძლივად? დაიმახსოვრე, რომ ამ დროს შენს სხეულში ქვეითდება მაგნიუმის შემცველობა. ამ დროს ადამიანს აწუხებს უსიამოვნო განცდა თავის მიდამოში, თავბრუსხვევა, თითების ტრემორი, ხელების კრუნჩხვა, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნება. მაგნიუმის დაქვეითება იწვევს კალიუმის დაქვეითებასაც. როდესაც შენ ხანგრძლივად იღებ ომეპრაზოლს, პირველი, რაც უნდა გააკეთო, ეს არის მაგნიუმის რაოდენობის შემოწმება.

თუ პაციენტი ომეპრაზოლს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სვამს, იქ ქვეითდება კაცლიუმის შეწოვაც. კალციუმის რაოდენობა თუ დაქვეითდება ადამიანში, რა განვითარდება? ოსტეოპოროზი, რაც ადამიანს გახდის მიდრეკილს ძვლების მოტეხილობისკენ. ასეთმა ადამიანებმა კაცლიუმის რაოდენობა ყოველდღიურად უნდა ზარდონ საკვების საშუალებით. ვინც ომეპრაზოლზეა ხანგრძლივად, მათ უვითარდებათ ფილტვების ინფექციები. მათში ვიტამინ B12-ის რაოდენობაც ქვეითდება. ამიტომ ის უნდა შემოწმდეს. ამ დროს ფუჭდება მეხსიერება, არის დაღლილობა, დაბუჟების შეგრძნება თითებში, წითელი ენა. როდესაც პაციენტი ომეპრაზოლს 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებს, იზრდება კუჭში პოლიპების განვითარების რისკი. ომეპრაზოლი მშვენიერი წამალია, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენების დროს ამ რჩევებს ყურადღება მიაქციე,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

წაიკითხეთ სრულად