Baby Bag

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:

„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.

რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.

წყარო: ​Mziuri Med 

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმისთვის, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, თვის განმავლობაში ჩვენი საწყისი წონის 5-7 % -ზე მეტი არ უნდა დავიკლოთ,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ცნობილი დიეტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრა:

„ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ​ადელის დიეტა, რომელიც ინგლისელი ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ დიეტის გარდა ადელი აქტიურად ვარჯიშობდა კიდეც. ცნობილია, რომ ის პილატესს ასრულებდა. ბრიტანელები ცოტა სნობებიც არიან და უყვართ საკუთარი თავის ჩარჩოებში მოქცევა. სირტუინების დიეტა, რომელიც ადელის დიეტის სახელით არის ცნობილი, ისეთ პროდუქტებს შეიცავს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ნამდვილად არ მოქმედებს. კვების რაციონი მდიდარია თხილეულით, რომელიც უხვად შეიცავს მცენარეული ცილები და ცხიმები, B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინით, რომელიც გარკვეულწილად ენერგიას მატებს ჩვენს ორგანიზმს.“

ლაშა უჩავამ მაყურებელს ​ადელის ცნობილი დიეტის გვერდითი მოვლენების შესახებამ მიაწოდა ინფორმაცია:

„მიუხედავად იმისა, რომ სირტუინების დიეტის პირველი ეტაპი ძალიან დაბალკალორიულია, საშუალო ასაკის ჯანმრთელი ადამიანისთვის ის არის უსაფრთხო, მაგრამ დიაბეტის მქონე ადამიანებში კალორიების რიცხვის მკაცრად შეზღუდვა სისხლში შაქრის დონის საშიშ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც, შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს. სირტუინის დიეტამ, შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანებშიც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რის გამოც დიეტის დაცვამდე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები.“

ლაშა უჩავას თქმით, გარკვეული სახის გვერდით მოვლენებს ნებისმიერი დიეტა გამოიწვევს:

„კეტო დიეტა დღეს საქართველოში ძალიან პოპულარულია, თუმცა გვერდით მოვლენებს ისიც იწვევს. თუმცა კეტო დიეტებს აქტიურად იყენებენ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ის განურჩევლად ყველა ადამიანმა დაიცვას. ადელის დიეტა მოკლევადიანია, არ შეიძლება, რომ ის ხანგრძლივად დავიცვათ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, სირტუინების დიეტის მოკლევადიან პერიოდში დაცვამაც ცუდი ზეგავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევებისა და სპეციალური დიაგნოსტირების გარეშე მისი დაცვა სასტიკად აკრძალულია. ადელს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი კანის სტრუქტურის სიბერე შეინიშნება. შესაძლოა, ეს ქირურგიული ჩარევის შედეგი იყოს, რომელიც წონის სწრაფ კლებაში გვეხმარება. თუმცა, შეიძლება კანის სტრუქტურის დაზიანება დიეტითაც იყოს გამოწვეული.“

„იმისთვის, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, თვის განმავლობაში ჩვენი საწყისი წონის 5-7 % -ზე მეტი არ უნდა დავიკლოთ. თუ ადამიანი ას კილოგრამს იწონის, დაშვებულია, რომ მან თვეში 5-7 კილო დაიკლოს. კალორიების შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს წონის კლებას, თუმცა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, წონაში კლება მხოლოდ სასწორის ციფრებზე გვჭირდება, თუ ამასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნებაც გვინდა,“ - აღნიშნა ლაშა უჩავამ.

წაიკითხეთ სრულად