Baby Bag

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:

„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.

რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.

წყარო: ​Mziuri Med 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძიძა არ მყავდა, იმიტომ, რომ არ მინდოდა, ბავშვი გაჩენის დღიდან ყველგან ჩემთან ერთად იყო, ძიძის გარეშე,“ - რუსკა მაყაშვილი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი გადაცემაში „იმედის დღე“ ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს:

„დილის რუტინა ძალიან მარტივი მაქვს. ჩემი დილის, შუადღის, საღამოს რუტინა არის ილია. ილია უთენია იღვიძებს და იწყება მისი დილის რუტინა, შესაბამისად ჩემი დილის რუტინა ილიაა. ბავშვი ყველაფრის საშუალებას მაძლევს. თავიდანვე, რომ გავაჩინე, რეპეტიციაზეც იჯდა ჩემთან, სანდროს მოჰყავდა, როდესაც ბუნებრივ კვებაზე მყავდა. მაცივარი გადავსებული მქონდა ჩემი გაყინული რძეებით. რეპეტიციებს შორის შუალედში ვაჭმევდი, მერე გახმოვანებაზე მიმყავდა. ძალიან მშვიდად იჯდა ხოლმე ხმის რეჟისორის კალთაში. გაჩენის დღიდან ყველგან დამყავდა. არ ჩავკეტე, როგორც კეტავენ ხოლმე ბავშვებს, რომ არავინ მიეკაროს, არავინ დაასუნთქოს. კენგურუში ჩავსვი და ასე დავატარებდი ყველგან. მეუბნებოდნენ, არ შეიძლებაო, მაინც ჩავსვი ჩვილი ბავშვი კენგურუში. ილია ყველგან ჩემთან ერთად იყო, ძიძის გარეშე. ამიტომაც არის, რომ ჩემი შვილი თავს ყველგან კარგად გრძნობს. ძიძა არ მყავდა, იმიტომ, რომ არ მინდოდა. ახლა რთული პერიოდია ჩემთვის. ბავშვი ცოტა გაცელქებულია. თავიდან იყო კომფორტი.“

რუსკას თქმით, მას მეუღლესთან და ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრება არ შეუძლია და სანდროს მშობლებთან ერთად ცხოვრობს:

„ოჯახური იდილია არის, როდესაც ყველა ერთად ვართ სახლში. მე მიყვარს ხალხმრავლობა. არ შემიძლია მარტო მეუღლესთან და ბავშვთან ერთად ცხოვრება, შეიძლება, გული გამისკდეს. მიყვარს, როდესაც ბებიები-ბაბუები, ყველანი არიან სახლში. მე ასე გავიზარდე. ჩვენთან სახლის კარი სულ ღია იყო და ყველა ჩვენთან იყო, ვისაც უნდოდა. როდესაც დადგა დრო, რომ გვეფიქრა ცალკე ცხოვრებაზე, ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ არა, არ შემიძლია, გავგიჟდები. ოჯახური იდილიაა, როდესაც მე, სანდრო, ილია, ბებია და ბაბუა, ყველანი ვართ ერთად. ჩვენ ვცხოვრობთ სანდროს მშობლებთან ერთად. ჩვენი სახლი დიდია, ორსართულიანი. თუ განმარტოვება მომინდება, განვმარტოვდები გადასარევად. გამიმართლა, რომ მაკოც და მერაბიც ფანტასტიურები არიან. დედამთილ-მამამთილად ვერც აღვიქვამ. მაკოს და მერაბს ვეძახი. როგორც შვილი ისე მიმიღეს და მეც ისე მივიღე, როგორც მშობლები. არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. შევედი, „აქანა დავდგამ სტენკას“ მსგავსად, სახლში ხალათითაც ვტანტალებ, აბსოლუტური კომფორტი მაქვს.“

„რა თქმა უნდა, ილიას ბებიებთან და ბაბუებთან უნდა ჰქონდეს თავისი ურთიერთობა, მაგრამ დომინანტი მაინც მე ვარ. დედა დედობს, ბებია ბებიობს და ბაბუაც ბაბუაა, მაგრამ მთავარ გადაწყვეტილებებს მაინც მე ვიღებ. როდესაც ბავშვს ბებიას ან ბაბუას ვუტოვებ, მათი ნებაა, რაც უნდათ, ის გადაწყვიტონ, მაგრამ ისეთს არაფერს აკეთებენ, რომ არ მომეწონოს, პირიქით. ეს დიდი კომფორტია. ილიას ძალიან გაუმართლა ბებიებსა და ბაბუებში. ჩემი მეგობრების პრობლემებს რომ ვისმენ, ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ასე გამიმართლა. მე არ ვარ მარტივი ხასიათის, პირიქით, ძალიან რთული ხასიათი მაქვს სახლში, მაგრამ მიმიღეს და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ, რაც დიდი კომფორტია,“ - აღნიშნავს რუსკა მაყაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად