Baby Bag

„უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი, რადგან ის ჯანმრთელობისთვის საშიშია,“- ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაცია

„უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი, რადგან ის ჯანმრთელობისთვის საშიშია,“- ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაცია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" მომწვანო შეფერილობის კარტოფილის საკვებად გამოყენების რისკებზე ისაუბრა:

„როდესაც თქვენ სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ, მაშინ აღმოაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს არის ძალიან საყურადღებო. ერთია, რას ვხედავთ ჩვენ თვალით. ეს არის სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგი. თუ ამ ნივთიერებამ დაიწყო დაგროვება, მარტო მწვანე ნაწილი არ არის საყურადღებო. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე ფერშეუცვლელი ნაწილიც. სოლანინი სანამ მწვანე ეფექტს მოგვცემს, უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება. სოლანინი მომწამლავია ადამიანისთვის. ერთხელ ასეთი პროდუქტის მირთმევა, რა თქმა უნდა, ადამიანს საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, ეს ნამდვილად არის ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტი.

თუ გაგვიმწვანდა კარტოფილი, არ არის საჭირო თავის მოტყუება, რომ სქლად გაფრცქვნა პრობლემას მოხსნის. დადასტურებულია, რამდენად ზარალდება ღვიძლი და მისი ფუნქციები სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში და ონკოლოგიური რისკები მთელი ორგანიზმისთვის მზარდია. ბადრიჯანი კიდევ უფრო სარისკო შეიძლება იყოს. მას სოლანინის თვალსაჩინო დაგროვება შეიძლება ვერც შევამჩნიოთ შეფერილობის გამო. პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ბადრიჯანშიც აუცილებლად დაგროვდება სოლანინი,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად