Baby Bag

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ალერგიისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავების წესებზე ისაუბრა:

„გაციება და ალერგია ერთმანეთისგან მარტივად განირჩევა. სეზონური ალერგიისთვის, ისევე როგორც ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადებისთვის, დამახასიათებელია ცხვირთან და თვალთან დაკავშირებული სიმპტომები. სეზონური ალერგიის სიმპტომები დიდხანს გრძელდება, იმიტომ, რომ არცერთი მცენარე არ ყვავილობს ერთი კვირა. გაციებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ეს 10 დღეზე მეტხანს გრძელდება. ინფექციის დროს გამონადენი, რომელიც თავიდან გამჭვირვალეა, გაყვითლდება და შესქელდება. ალერგიის დროს ეს იშვიათად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია. ალერგია და სიცხე ერთმანეთთან არ მეგობრობენ. თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა განსაკუთრებით სეზონურ ალერგიას ახასიათებს. თუ  მცენარეული მარცვალი ჰაერშია, ის თვალის ლორწოვანზეც ეწეპება. ადამიანებს ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. ამ დროს რაც უფრო იქავებს ადამიანი თვალს, ამწვავებს პრობლემას საკუთარი ხელით. დროული ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მერე მეორადი ინფიცირება ხდება.

„ჩვენ სალაღობო ტერმინსაც კი ვიყენებთ ხოლმე. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ: გაჭედილები და მომხოცველები. მომხოცველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცენარის მიმართ გამოწვეული ალერგია. გაჭედილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მთელი წელი ალერგია, ოთახის მტვერზე, ძაღლზე, კატაზე. ასე გამოიცნობა ხოლმე უხშირესად. თუმცა შესაძლებელია, სეზონური ალერგიის დროს იყოს ძლიერი გამონადენიც და გაჭედილობაც. ყველაზე რთული კატეგორიის არიან ადამიანები პოლისენსიბილიზაციით. ისინი ბევრ რამეზე სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება მთელი წელიც ჰქონდეთ ალერგია და პარალელურად სეზონურადაც,“-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - რას პასუხობს პედიატრი თემურ მიქელაძე

უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - რას პასუხობს პედიატრი თემურ მიქელაძე

უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - აღნიშნულ საკითხზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს. 

,,ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რასაც სახელმწიფო გვაწვდის. ამჟამად ზღვის წყალი არის სუფთა და შეიძლება ბანაობა. ახლა ასეთი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა ზღვის წყალზე ინფორმაცია სულ ახლდება და ამას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება. 

პედიატრები მოვუწოდებთ ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ ზღვის სანაპიროზე. კატეგორიულად ვამბობ, რომ სანაპიროზე არსებული სიმინდი, თხილეული, მალფუჭებადი პროდუქტები არ მიიღონ ბავშვებმა. ასევე ხშირად მინახავს, საფენებით მოფენილი სანაპირო. მშობლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, არ დავაბინძუროთ გარემო, რათა თავიდან ავიცილოთ სეზონური ინფექციები,'' - აღნიშნა პედიატრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წაიკითხეთ სრულად