Baby Bag

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ალერგიისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავების წესებზე ისაუბრა:

„გაციება და ალერგია ერთმანეთისგან მარტივად განირჩევა. სეზონური ალერგიისთვის, ისევე როგორც ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადებისთვის, დამახასიათებელია ცხვირთან და თვალთან დაკავშირებული სიმპტომები. სეზონური ალერგიის სიმპტომები დიდხანს გრძელდება, იმიტომ, რომ არცერთი მცენარე არ ყვავილობს ერთი კვირა. გაციებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ეს 10 დღეზე მეტხანს გრძელდება. ინფექციის დროს გამონადენი, რომელიც თავიდან გამჭვირვალეა, გაყვითლდება და შესქელდება. ალერგიის დროს ეს იშვიათად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია. ალერგია და სიცხე ერთმანეთთან არ მეგობრობენ. თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა განსაკუთრებით სეზონურ ალერგიას ახასიათებს. თუ  მცენარეული მარცვალი ჰაერშია, ის თვალის ლორწოვანზეც ეწეპება. ადამიანებს ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. ამ დროს რაც უფრო იქავებს ადამიანი თვალს, ამწვავებს პრობლემას საკუთარი ხელით. დროული ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მერე მეორადი ინფიცირება ხდება.

„ჩვენ სალაღობო ტერმინსაც კი ვიყენებთ ხოლმე. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ: გაჭედილები და მომხოცველები. მომხოცველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცენარის მიმართ გამოწვეული ალერგია. გაჭედილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მთელი წელი ალერგია, ოთახის მტვერზე, ძაღლზე, კატაზე. ასე გამოიცნობა ხოლმე უხშირესად. თუმცა შესაძლებელია, სეზონური ალერგიის დროს იყოს ძლიერი გამონადენიც და გაჭედილობაც. ყველაზე რთული კატეგორიის არიან ადამიანები პოლისენსიბილიზაციით. ისინი ბევრ რამეზე სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება მთელი წელიც ჰქონდეთ ალერგია და პარალელურად სეზონურადაც,“-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

არ შეხვიდეთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით

არ შეხვიდეთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით

ადამიანების დიდი ნაწილი სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს ჩვეულებრივ მოვლენად განიხილავს, ზოგიერთ მათგანს კი ეს მავნე ჩვევად მიაჩნია. ადამიანებს, რომლებსაც აღიშნული ჩვევისგან გათავისუფლების სურვილი აქვთ, ახალ რეალობასთან შეგუება უძნელდებათ, რის გამოც მათ დიდ ნაწილს კვლავ ძველი წესებით ცხოვრება ურჩევნია. მართალია, წლების განმავლობაში განმტკიცებულ ჩვევებთან განშორება ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თუ სახლის ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან დაცვა გსურთ, მაგრამ საგარეო ფეხსაცმელთან გამომშვიდობება გიჭირთ, ჩვენს რჩევებს ყურადღებით გაეცანით. მათი დახმარებით სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს სამუდამოდ დაივიწყებთ, რითაც თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად განამტკიცებთ.

  • თავდაპირველად უმნიშვნელო ნაბიჯები გადადგით

ადამიანებს, რომლებსაც სახლში ფეხსაცმლით სიარული ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ, ცხოვრების ახალ წესთან შეგუება ნამდვილ განსაცდელად ეჩვენებათ. მსგავსი ცვლილებების განხორციელება ერთ ღამეში არ გამოგივათ. თავდაპირველად სახლში ფეხსაცმლით სიარული არ აკრძალოთ, მაგრამ ვიდრე საგარეო ფეხსაცმელს ატარებთ, ხალიჩაზე ფეხი არ დადგათ. ნელ-ნელა გაზარდეთ იმ ადგილების რიცხვი, რომლებსაც საგარეო ფეხსაცმლით არ უნდა მიუახლოვდეთ. როდესაც შეზღუდვები მეტისმეტად გართულდება, თავადვე გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საგარეო ფეხსაცმელი სახლში შემოსვლისთანავე გაიხადოთ.

  • მაქსიმალური კომფორტი შეიქმენით

საგარეო ფეხსაცმლისგან გათავისუფლებას თუ ცდილობთ, მაგრამ მისი შესანახი სივრცე სათანადოდ მოწესრიგებული არ გაქვთ, ახალი ცხოვრების სტილის ერთგულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, შემოსასვლელში სპეციალური კალათა, ყუთი ან ფეხსაცმლის შესანახად განკუთვნილი თაროები მოათავსოთ, რათა თავი კომფორტულად და თავისუფლად იგრძნოთ.

  • ოჯახის წევრები და ახლობლები გააფრთხილეთ

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს აუხსენით, რომ სახლში ახალი წესები გაქვთ და საგარეო ფეხსაცმლით სიარულს კატეგორიულად კრძალავთ. თქვენს გადაწყვეტილებაზე საუბრისას ეცადეთ, რომ ახლობლების მიმართ კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი იყოთ. თუ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს ყველაფერი წინასწარ ეცოდინებათ, ისინი თქვენთან მომზადებულები მოვლენ, რაც ძალიან ბევრ უსიამოვნებას და უხერხულობას აგარიდებთ.

უსიამოვნებები, რომლებიც ცხოვრების ახალ წესზე გადასვლას ახლავს თან

სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულის აკრძალვა და ოჯახური გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა მარტივი არ არის. როდესაც სახლში ახალი წესების დამკვიდრებას გადაწყვეტთ, უსიამოვნებებისთვის მზად უნდა იყოთ. ახალ ჩვევებთან შეგუებას დრო და მოთმინება სჭირდება.

  • შიში, რომ ბავშვები თქვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ

ბავშვებს ახალი წესების ათვისება ნამდვილად გაუჭირდებათ. მთავარია, მოთმინება გამოიჩინოთ. თუ პატარებს ფეხსაცმლის შესანახად კომფორტულ სივრცეებს, საკუთარ ყუთს ან თაროს გამოუყოფთ, ისინი ცხოვრების ახალ წესზე გადასვლას უფრო სწრაფად შეძლებენ. შესაძლოა, თქვენს შვილებს სახლში საგარეო ფეხსაცმლის გარეშე სიარული თქვენზე მეტადაც მოეწონოთ, ამიტომ წინასწარ ნუ შეშინდებით.

  • თქვენს მეუღლეს ახალი წესები არ მოსწონს

თქვენი მეუღლე ახალი წესებით კმაყოფილი თუ არ არის, მათი დაცვა ძალიან გაგიჭირდებათ. თუ გრძნობთ, რომ ის სახლში საგარეო ფეხსაცმლის გარეშე სიარულს ეწინააღმდეგება, მის იძულებას არც უნდა ეცადოთ, რადგან ეს უარეს შედეგს გამოიღებს. აუცილებელია, რომ ჰიგიენაზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მეუღლეებს საერთო მოსაზრებები და შეხედულებები ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების ახალ წესზე გადასვლა გაგიჭირდებათ.

  • სტუმრების შეწუხებას ერიდებით

მართალია, ყველა სტუმარი ფეხსაცმლის გახდის მოთხოვნაზე ღიმილით არ გიპასუხებთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა აღელდეთ. სტუმრებს, შესაძლოა, თქვენი სასტუმრო ოთახის კედლის ფერი, ან ხალიჩაც არ მოეწონოთ, ამის გამო საყვარელ ნივთებსა და დეკორაციებზე უარს ხომ ვერ იტყვით?! თქვენს ოჯახში დამკვიდრებული წესები თქვენი სახლის განუყოფელი ნაწილია და შეგნებული სტუმრები ამას აუცილებლად დააფასებენ. თუ რომელიმე სტუმარს საგარეო ფეხსაცმლის გახდის იდეა არ მოსწონს, ის ამას ხმამაღლა არასდროს გეტყვით. მთავარია, რომ ახალი წესების შესახებ ისინი თქვენთან მოსვლამდე გააფრთხილოთ. ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც გახეული ან ულამაზო წინდა აცვიათ, ამას კი სხვებიც ამჩნევენ. სტუმრებს შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რომ თქვენთან მოსვლამდე სათანადოდ მოემზადონ.

  • ფიქრობთ, რომ თქვენი შვილების მეგობრები ახალ წესებს არ დაემორჩილებიან

უცხო გარემოში ბავშვები წესებს უფროსებზე უკეთ ემორჩილებიან. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. თქვენი შვილების მეგობრები ფეხსაცმელს უპირობოდ გაიხდიან და თქვენი სახლის ჰიგიენაზეც სათანადოდ იზრუნებენ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენი შვილები.

სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს თუ გადაეჩვევით, აუცილებლად შეამჩნევთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც ახალი წესების შემოღება გამოიწვევს. თუ იგრძნობთ, რომ სახლი უფრო სუფთაა, მისი დალაგება ნაკლები სიხშირით გიხდებათ, ჰიგიენის ხარისხმა მოიმატა და ოჯახის წევრებიც კმაყოფილი გყავთ, ცხოვრების ახალი წესის ერთგულება მეტად გაგიადვილდებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის წევრების მოსაზრებები და ნებისმიერი გადაწყვეტილება მეუღლესთან შეთანხმებით მიიღეთ, რათა ზედმეტი უსიამოვნებების თავიდან აცილება შეძლოთ.

მომზადებულია lelaburris.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


წაიკითხეთ სრულად