Baby Bag

თუ ბავშვს ამ მეთოდებით გააკაჟებთ, დაგავიწყდებათ რა არის გრიპი და მწვავე რესპირაციული ინფექცია - ყარამან ფაღავას რეკომენდაცია

თუ ბავშვს ამ მეთოდებით გააკაჟებთ, დაგავიწყდებათ რა არის გრიპი და მწვავე რესპირაციული ინფექცია - ყარამან ფაღავას რეკომენდაცია

პედიატრმა ყარამან ფაღავამ მშობლებს ბავშვის გასაკაჟებლად საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რევოლუციები არ მიყვარს. თანდათანობაა საჭირო. პირველ რიგში, საჭიროა გაკაჟება. ეს არის საუკეთესო იმუნიტეტისთვის. არის უამრავი წამალი. ზოგიერთს მეც ვნიშნავ. მკვდარი ბაქტერიებია, რომელიც ინფექციას არ იწვევს, მაგრამ იმუნიტეტს აუმჯობესებს, მაგრამ მთავარი არის ცივი წყალი. ხელ-პირი უნდა დავბანოთ ცივი წყლით ჩვილ ბავშვებსაც კი. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსამდე ჩავიყვანოთ. აბაზანის შემდეგ ბავშვს ცივი წყალი გადავავლოთ. ერთი-ორი წლის ასაკში შეგვიძლია ტანის დაზელვა სველი პირსახოცით. გავა კიდევ ერთი წელიწადი და უნდა დავიწყოთ ცივი შხაპი, რომელსაც 10 წამი უნდა. დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, დაგავიწყდებათ რა არის მწვავე რესპირაციული ინფექცია.“

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ წელიწადში 5-6 რესპირატორული დაავადება ნორმა არისო. არა, ბატონებო. არ ვეთანხმები ამას. ეს ხშირია! ასე ხშირად გვხვდება, მაგრამ ეს ნორმა არ არის. ნორმა ის არის, ბავშვი სულ რომ არ ხდება ავად. საბავშვო ბაღებს აბრალებენ, რომ საბავშვო ბაღში მივიყვანე და დაიწყო ავად გახდომა. მართლაც ხშირად ასე ხდება, მაგრამ დაუკვირდით, განა ყველა ხდება ავად?! ზოგიერთი სულ ავად არის, ზოგიერთი კი მიუხედავად იმისა, გარეთ ქარია, გაოფლიანებულიც არის, მაგრამ არის კარგი იმუნიტეტის, კარგად გაკაჟებულია. გარკვეულწილად, ალბათ, გენეტიკასაც აქვს მნიშვნელობა. სახლში წასაღები მესიჯი შემდეგია: თუ ჩვენ ჩვენს შვილებს გავაკაჟებთ, პრობლემა ექიმთან მისასვლელი მხოლოდ ის გექნებათ ცურვაზე წაიყვანოთ ბიჭი, ფეხბურთზე თუ ჭიდაობაზე, ხოლო თუ გოგონაა, ცეკვაზე თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები ნულამდე დავა,“-აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

მიზანშეწონილია თუ არა და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს დამამშვიდებლის მიღებას ბავშვებში?

მიზანშეწონილია თუ არა და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს დამამშვიდებლის მიღებას ბავშვებში?
მიზანშეწონილია თუ არა და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს დამამშვიდებლის მიღებას ბავშვებში? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- მიზანშეწონილია თუ არა ბავშვებისთვის დამამშვიდებლის მიცემა?

- თავდაპირველად, ვისაუბროთ ადრეული ასაკის 2, 3, 4 თვის ბავშვებზე. მშობელთა უმეტესობის გადმოცემით, ზოგიერთ ბავშვს 6 თვის ასაკამდე განუწყვეტელი ტირილი ახასიათებს. მოდით, თავდაპირველად დავაზუსტოთ, რას ნიშნავს ტირილი ამ ასაკის ბავშვისთვის, ეს მშობლებისთვის საკუთარი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ერთადერთი გზაა. ამ ასაკში პატარა სიტყვით ვერ აგებინებს დედას, რა სჭირდება და ამიტომაც ცდილობს, ტირილით მიიქციოს ყურადღება. 

ჩვილის ტირილს სხვადასხვა სახე, ტონალობა, ხანგრძლივობა, ინტენსივობა აქვს, რაც ამა თუ იმ საჭიროებაზე მიგვანიშნებს. შიმშილი, სველი საფენი, ტკივილი, გადაღლა და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად დაბადების პროცესი ბავშვისთვის ერთობ სტრესულია, ამავდროულად მისთვის ჩვეული, უსაფრთხო გარემო შეიცვალა სრულიად განსხვავებულით, ვიდრე იგი ამ გადაწყობას შეეგუება, შფოთავს და ამ გრძნობას ტირილით გამოხატავს. 

ითვლება, რომ გესტაცია – დედის ორგანიზმში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ბავშვად ჩამოყალიბების პერიოდი, პოსტნატალურადაც, ანუ ბავშვის დაბადების შემდგომაც, რამდენიმე ხანს გრძელდება, ეს დაახლოებით გესტაციის 46 კვირას მოიცავს, და ტირილის მაქსიმალური პერიოდიც ამ დრომდე შეიძლება გაგრძელდეს. მაგალითად, თუ ბავშვი დროული, ჯანმრთელი დაიბადა გესტაციის 39–40 კვირაზე, სავარაუდოა, რომ დაბადების შემდგომ მას 6–7 კვირა ტირილის აქტიური პერიოდები ექნება. 

როდესაც ბავშვი ვითარდება ასაკის შესაბამისად, კარგად ჭამს, იმატებს წონაში, აქვს ცნობიერების ადეკვატური დონე, კუნთების ნორმალური ტონუსი, მას დამამშვიდებელი მედიკამენტი არ სჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ტვინი ძალიან მოწყვლადია ინტოქსიკაციისადმი და ადრეულ ასაკში საძილე, დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენება არაეფექტურია, ამის გამო მშობელი ზრდის დოზას და ერთვება მანკიერ წრეში, რამაც საბოლოოდ ბავშვის განვითარებაზე ცუდი შედეგი შეიძლება იქონიოს. ვინაიდან ითრგუნება ბავშვის გარემოსთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი, ერთადერთი საშუალება. ამავდროულად არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. ასე რომ, ერთი შეხედვით მარტივმა და მსუბუქმა, თუნდაც მცენარეულმა მედიკამენტებმა შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს. 

- ხშირად, როდესაც ბავშვი განუწყვეტლივ ტირის და მშობლებს უჭირთ დამშვიდება, ისინი თვლიან, რომ მცირე დოზით, მსუბუქი დამამშვიდებელი ზიანს არ მოუტანს პატარას. როგორ მოიქცნენ ასეთ დროს, რას ურჩევდით?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედა უძილობისაგან შეიძლება გამოიფიტოს და აღარ ჰქონდეს შესაბამისი ემოციური მდგომარეობა, ამიტომ დამამშვიდებელი მედიკამენტის გამოყენება ყველაზე ოპტიმალურ და ხშირად ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში დაეხმარონ დედას, კერძოდ, აუცილებელია ბავშვზე ზრუნვის გადანაწილება მშობლებს შორის, საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრების ჩართვა ბავშვზე ზრუნვის პროცესში. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს დედას თავად იყოს მშვიდად, ჰქონდეს ბავშვის ტირილთან გამკლავების ადეკვატური ქმედებები და ეს რთული პერიოდი გაივლის ყოველგვარი დამამშვიდებელი მედიკამენტის გარეშე.

აუცილებლად მინდა განვასხვაოთ ტიპური ბავშვის ქცევის დარღვევა და ქცევის რადიკალური დარღვევა, განვითარების გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვთან. ჩაერთონ სპეციალისტები, ნევროლოგი, ბავშვთა ფსიქოლოგი, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ პრობლემას და მისი მართვის ტაქტიკას, მედიკამენტების გამოყენების ჩათვლით.

- შედარებით მოზრდილ ბავშვებზე რას გვეტყოდით? შეიძლება თუ არა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს დამამშვიდებლის მიღებამ?

- ახლა შევეხოთ ცოტა მოზრდილ ბავშვებს, 2-დან 4 წლამდე ასაკს. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, ცდილობს საკუთარი მე დაამკვიდროს. იძენს დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს, ხშირად იყენებს სიტყვა „არას“ და ძალიან ოპოზიციურია, მაქსიმალურად ცდილობს გარემო დაუქვემდებაროს საკუთარ მოთხოვნებს. ეს ე.წ. პირველადი სიჯიუტის პერიოდია. აქ მშობლები უნდა ეცადონ იპოვონ ოქროს შუალედი და დაიცვან ზომიერება აკრძალვებსა და ნებადართულობაში.

თუ ბავშვს კატეგორიულად ავუკრძალავთ ყველაფერს და დიდი წნეხის ქვეშ მოვაქცევთ მის „მეს“, ამან მომავალში შესაძლოა, ძალიან სერიოზული თვითშეფასების პრობლემები ჩამოუყალიბოს. ამ პერიოდის შემადგენელი ნაწილია ე.წ „მრისხანების შეტევები“, ქცევითი დარღვევები და დაუმორჩილებლობა ბავშვის მხრიდან, მიზეზი – დამოუკიდებლობის სურვილთან ერთად თავს იჩენს ბავშვის გამოუცდელობა. მან არ იცის, როგორ მოიპოვოს დამოუკიდებლობა, არ აქვს გარემოსთან კომუნიკაციის გამოცდილება, სრულფასოვნად არ არის ჩამოყალიბებული მეტყველება.

ხშირად „არას“ თქმის შემდეგ ბავშვმა არ იცის, როგორ გააგრძელოს მშობელთან ურთიერთობა. ამას მოჰყვება ემოციების მოზღვავება და თავს იჩენს მანიპულაციური ქცევები, რომლითაც ის ცდილობს მიიღოს სასურველი. აქ დამამშვიდებელი მედიკამენტები მშობლებს ვერ დაეხმარება. მედიკამენტის გამოყენების შედეგად ბავშვი დაკარგავს წინააღმდეგობის გაწევის ძალას ფიზიკურად, მაგრამ როგორც კი მედიკამენტი მოიხსნება, არასასურველი ქცევა ისევ იჩენს თავს და ზოგადად, დარჩება უცვლელად. 

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა თავისი ქცევით გააგებინოს შვილს, რომ ეს არ არის ის ქმედება, რის შედეგადაც მან შეიძლება მიიღოს სასურველი და შესთავაზოს ალტერნატივა, რითიც ბავშვი სურვილის ასრულებას შესძლებს. 

უმჯობესია, მშობელმა გაიჭირვოს რამოდენიმე კვირა, ისწავლოს ქცევითი ტექნიკები და ასე მართოს პატარას ქცევა, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იყოს მშვიდად

თუ ოჯახის ყველა წევრი, წინასწარგანსაზღვრულად, შეთანხმებულად იმოქმედებს, შედარებით ადვილად და მოკლე დროში მივიღებთ სასურველი ქცევის ჩამოყალიბებას. გაცილებით პრობლემურია მრავალთაობიანი ოჯახი იმიტომ, რომ ბავშვი არაჩვეულებრივად ხვდება, როგორ იმანიპულატოროს სხვადასხვა ადამიანთან. როგორც წესი, ხშირად ბავშვის მშობლებს აქვთ ურთიერთშეთანხმებული ქმედებები, რომლებსაც იყენებენ ბავშვთან ურთიერთობაში, მაგრამ ამ ყველაფერს საერთოდ არ ითვალისწინებს ბებია-ბაბუა, ან არსებობს სხვადასხვა ვარიაცია. ასეთ შემთხვევაში ადეკვატური ქცევის ჩამოსაყალიბებლად ოჯახს დასჭირდება გაცილებით დიდი დრო.


და ბოლოს, ძვირფასო მშობლებო, რაც უფრო ნაკლებად მოსთხოვთ ექიმებს დამამშვიდებელი მედიკამენტის დანიშვნას, მით უფრო დაეხმარებით თქვენს შვილს. აუცილებელია იცოდეთ საკუთარი ემოციური შესაძლებლობების ზღვარი, ის ტექნიკები და მექანიზმები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემური სიტუაციების მართვაში. აუცილებელია გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია შვილთან და როდესაც ოჯახის ყველა წევრი ჩართული, ურთიერთშეთანხმებული იქნება აღზრდის პროცესში, მედიკამენტების გამოყენების საჭიროება არ დადგება. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად