Baby Bag

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ პედიატრის პროფესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგ პედიატრს ბევრი უნარი უნდა ჰქონდეს, რომელიც მას ისეთ განსაკუთრებულ პაციენტთან ურთიერთობისთვის სჭირდება, როგორიც ბავშვია:

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი. ეს არის კატეგორიულად გამორიცხული. უნდა იყო ცოტა კომიკოსი, კარგი ფსიქოლოგი, ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე. ეს განსაკუთრებული მხარეა, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს ურთიერთობა მარტო ერთ ადამიანთან. მოზრდილი როდესაც მიდის ექიმთან, იქ არის მარტო ერთი ექიმი, ერთი პაციენტი. მე ვერ წარმომიდგენია პედიატრთან ერთი ადამიანის ვიზიტი. ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში.“

„საქართველოში ამას ემატება ჩვენი ოჯახის ფენომენი. ბავშვი მოდის მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან ერთად, რაც სრულებით არ არის ცუდი. ეს იდეალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს მინიმუმ 4 პატრონი ჰყავს. თუ ერთს რამე გამოეპარა, მეორე დაინახავს, მეორეს გამოეპარება - მესამე დაინახავს. სრულებით არ მიმაჩნია ეს ზედმეტად. ბავშვის ყველა პატრონი რომ მერე პედიატრთან ცალ-ცალკე რეკავს, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ექიმი, რომელიც ტელეფონს გამორთავს სახლში რომ მივა და იტყვის, რომ სამუშაო საათები დაამთავრა, ის ექიმი არ არის,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად